მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს რკინიგზა": 11 809 თანამშრომლიდან 60% უკვე აცრილია

6149ab0bd2788
ინგა მურუსიძე
23.09.21 09:45
727
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ქვეყანაში ზრდასრული მოსახლეობის მინიმუმ 60% უნდა აიცრას. 22 სექტემბრის მონაცემებით კი, სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 25.6%. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ყოველდღიური აცრების რაოდენობას კლებადი ტენდენცია აქვს - მაგალითად, 21 სექტემბერს ქვეყანაში მხოლოდ 13 962 აცრა ჩატარდა. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია ყველა პროფესიული ჯგუფისთვის, როგორც - სახელმწიფო, ისე - კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის.

bm.ge-მ გადაწყვიტა, ვაქცინაციის სტატისტიკა მსხვილი დამსაქმებელი სახელმწიფო კომპანიებისგან გამოეთხოვა.

„საქართველოს რკინიგზაში“ ამჟამად 11 809 თანამშრომელი მუშაობს და მათი 60% ანუ 7 084 ადამიანი უკვე აცრილია", - გვითხრეს კომპანიაში.

რაც შეეხება დეტალურ ინფორმაციას, "საქართველოს რკინიგზის" „მგზავრთა გადაყვანის“ ფილიალში დასაქმებულთა რაოდენობა 1 166-ია, ხოლო მათგან აცრილი - 882 ანუ 76%.

მომსახურების სფეროში (მგზავრთან უშუალო შეხებაში მყოფი პოზიციები) აცრილია თანამშრომლების 100%, ხოლო ყველა ის პირი, რომელიც არ არის აცრილი, გადაყვანილია სხვა პოზიციაზე.

როგორც "საქართველოს რკინიგზაში" განმარტავენ, აუცრელთა ნაწილი განეკუთვნება ასაკოვან და ქრონიკული დაავადების ჯგუფს, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო კვლევას და სწორ კონსულტაციას, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში რკინიგზის სამედიცინო სამსახური უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, კომპანიაში ამბობენ, რომ რკინიგზის მიდგომა ვაქცინაციასთან მიმართებით სრულად ემყარება ადამიანთა ცნობიერების ამაღლებით და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზიარებით პროცესის წარმართვას.

„ამ ეტაპზე კომპანია შემოიფარგლება პროცესის ხელისშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვით, რაც გულისხმობს შემდეგს: კვალიფიციურ სამედიცინო კონსულტაციას, აცრის მსურველთა პორტალზე რეგისტრაციას, სამინისტროს ჩართულობითა და დახმარებით კლინიკების მობილიზებას და დასაქმებულების ადგილზე ტრანსპორტით მიყვანის უზრუნველყოფას, როგორც დედაქალაქში, ისევე - რეგიონში.

აქვე აღსანიშნავია, რომ დასაქმებულების სურვილის გათვალისწინებით, "საქართველოს რკინიგზამ" უზრუნველყო სამტრედიის სადგურში მობილური ავტობუსის მიყვანა, სადაც აიცრნენ დასაქმებულები“, - ნათქვამია რკინიგზის ინფორმაციაში.

კითხვაზე - რა ღონისძიებებს ატარებს „რკინიგზის“ ადმინისტრაცია იმისთვის, რომ მეტი თანამშრომელი აიცრას, კომპანიაში გვპასუხობენ, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებისთანავე რკინიგზამ კომპანიაში ჩაატარა კვლევა აცრილთა და აცრის მსურველთა/არამსურველთა რაოდენობის, მიზეზების და მათი სამედიცინო დახმარების საჭიროების შესახებ, ხოლო კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, სამედიცინო და ადამიანური რესურსების სამსახურების მიერ ერთობლივი გასვლითი ღონისძიებები დაიგეგმა, როგორც დედაქალაქში, ისე - რეგიონებში (ხაშური, ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ფოთი, ბათუმი).

„გასვლითი შეხვედრები დასაქმებულთათვის ინფორმაციის მიწოდებას ემსახურებოდა. თანამშრომლები გაეცნენ როგორც საკუთარ, ასევე, კომპანიის უფლებებსა და მოვალეობებს იმის შესახებ, რომ ვაქცინაციის პროცესი არის ნებაყოფლობითი, დაცულია ადამიანის უფლება, თუმცა ამავდროულად კომპანიის ვალდებულებაა იზრუნოს უსაფრთხო გარემოს შექმნაზე და შესაბამისად დაიტოვოს უფლება არააცრილთა შემთხვევაში მოითხოვოს პერიოდული სწრაფი ტესტირების პასუხები, იმისთვის რომ სამუშაო გარემოში მაქსიმალურად არიდებული იყოს ვირუსის გავრცელება.

ასევე, მიღებული კვლევის შედეგების თანახმად, დასაქმებულები საჭიროებდნენ კვალიფიციური ექიმის კონსულტაციას. ათობით თანამშრომელს სამედიცინო სამსახურის მიერ გაეწია მიზნობრივი რჩევა, რის საფუძველზეც აცრის მოწინააღმდეგე დასაქმებულებმა თავადვე გადაწყვიტეს ვაქცინაციის პროცესში ჩართვა“, - ამბობენ კომპანიაში.

მათი განმარტებით, ამ ეტაპზე თანამშრომელთა სავალდებული ვაქცინაცია არ იგეგმება და ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე.