18.ივნისი .2021 14:00

"საქართველოს რკინიგზა" აუდიტს - "ჩვენი კარი მუდამ ღიაა"

"საქართველოს რკინიგზა" აუდიტს -  "ჩვენი კარი მუდამ ღიაა"
views 285
უკან

საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორ დავით ფერაძის განცხადებით, „საქართველოს რკინიგზის“ კარი ნებისმიერი სამსახურისთვის ღიაა. ასე გამოეხმაურა ფერაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პარლამენტში დეპუტატის კითხვაზე პასუხად გაკეთებულ განცხადებას.

როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის წარდგენისას, გენერალურ აუდიტორ ირაკლი მექვაბიშვილს სახელმწიფო საწარმოების აუდიტის შესახებ არსებულ პრაქტიკაზე კითხვა "საქართველოს რკინიგზის" მაგალითზე დაუსვა.

„სახელმწიფო საწარმოები ეკონომიკისთვის დიდი თავის ტკივილია. საქართველოს რკინიგზაში ხომ არ ყოფილხართ აუდიტზე შესული ან რამე ხომ არ გაგიკეთებიათ? არ გიშვებდნენ თუ?“ - იკითხა დეპუტატმა, რაზეც ირაკლი მექვაბიშვილმა უპასუხა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით "საქართველოს რკინიგზას" და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სამართლებრივი დავა ჰქონდათ.

„რკინიგზა თვლიდა, რომ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ აქვს უფლება, შეამოწმოს ეს ორგანიზაცია და გვქონდა სასამართლო პროცესი“, - თქვა გენერალურმა აუდიტორმა.

ირაკლი მექვაბიშვილის განმარტებით, "საქართველოს რკინიგზა" სახელმწიფო აუდიტის არშეშვების მიზეზად დიდი ოთხეულის - „დელოიტის“, „ერნსტ ენდ იანგის“, „კეიფიემჯისა“ და „ფრაის ვოთერ-კუპერსის“ მიერ მისი შემოწმება მოჰყავდა არგუმენტად და მსგავსი ვითარება იყო სახელმწიფო ელექტროსისტემის შემთხვევაშიც, თუმცა ეს საკითხი სამართლებრივი გზით მოგვარდა.

„2019 წლის ბოლოს გაიმართა სასამართლო პროცესი, მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება და ჩვენ ეს აღვასრულეთ. ჩვენი კარი მუდამ ღიაა ნებისმიერი სამსახურისთვის, შეუძლიათ ნებისმიერი ინფორმაციის გამოთხოვა. სასამართლოს განჩინების გამოტანის დღიდან მზაობა ჩვენი მხრიდან არის და უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს რკინიგზას ბოლო 9 წელიწადია დიდი ოთხეული აფასებს. ეს არის საჯარო ინფორმაცია. რომ არა KPMG-ს შემოწმება, არც ერთი ინვესტორი საქართველოს რკინიგზაში არ შემოვიდოდა" - განაცხადა ჟურნალისტებთან დავით ფერაძემ.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა