მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს რკინიგზის" მიერ გამოცხადებული ტენდერი კონკურენციას ზღუდავს - TI

610b884d74bc9
ინგა მურუსიძე
05.08.21 12:20
811
საქართველოს რკინიგზის მიერ გამოცხადებული ტენდერი კონკურენციას ზღუდავს, - ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.

საქმე ის არის, რომ მიმდინარე წლის 10 ივნისს სს "საქართველოს რკინიგზამ" მაგისტრალური რელსების შესასყიდად 52.8 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა და მომწოდებლებისგან რუსეთის მიერ დაარსებული ევრაზიის საბაჟო კავშირის მიერ განსაზღვრული სერტიფიკატები მოითხოვა. ტენდერში მიმწოდებლების მხრიდან წინადადების მიღების საბოლოო თარიღად პირველი ივლისი განისაზღვრა. წინადადება მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს „უნი-2“-მა წარადგინა. „უნი 2“-მა ზუსტად ის თანხა მიუთითა შეთავაზებაში, რა თანხაზეც ტენდერი იყო გამოცხადებული - 52,799,117 ლარი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ განმარტავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ კომპანიას კონკურენტი არ ჰყავს, „საქართველოს რკინიგზას“ ჯერჯერობით გამარჯვებული არ გამოუვლენია და „უნი 2“-თან კონტრაქტი არ გაუფორმებია.

„52.8 მლნ-იან ტენდერში მხოლოდ ერთი მიმწოდებლის მონაწილეობა ეჭვს აჩენს, „საქართველოს რკინიგზის“ სატენდერო განაცხადით ხომ არ იყო შეზღუდული კონკურენცია, ანუ საქმე ხომ არ გვაქვს, ე.წ. კონკრეტულ მიმწოდებელზე „მორგებულ“ ტენდერთან.

ეჭვს აძლიერებს ის ფაქტიც, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წერილით მომართა ავსტრიულმა კომპანიამ - „GSL Steel Trade GmbH“, რომელთა წარმომადგენლებიც ფიქრობენ, რომ აღნიშნულ ტენდერში ხელოვნურად არის შეზღუდული კონკურენცია. კომპანია აღნიშნავს, რომ მას გააჩნია ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში სარკინიგზო საქონლის მიწოდების გამოცდილება, მათ შორის ტრანსკავკასიურ რეგიონში, მაგრამ ამჯერად მისი მონაწილეობა სატენდერო მოთხოვნებმა გამორიცხა.

ავსტრიული კომპანიის არგუმენტები შეზღუდულ კონკურენციაზე, რომლებიც „საქართველოს რკინიგზის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ საიტზე ატვირთული დოკუმენტებითაც დასტურდება, შემდეგია:

სატენდერო დოკუმენტაცია განთავსებულია მხოლოდ ქართულ და რუსულ ენაზე;

შემოთავაზებულ საქონელს მოწოდებისას თან უნდა ახლდეს საბაჟო საბჭოს ტექნიკური რეგლამენტით ТР ТС 003/2011 განსაზღვრული შესაბამისობის სერტიფიკატი და ამავე რეგლამენტით გათვალისწინებული მარკირება. საბაჟო საბჭოში იგულისხმება ევრაზიის საბაჟო კავშირი, რომელიც რუსეთის მიერ დაარსებული ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (ევრაზიული კავშირი) ნაწილია და მისი წევრი ქვეყნებისგან შედგება, კერძოდ, ესენია: რუსეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, სომხეთი და ყირგიზეთი. ამ ჩანაწერით, „საქართველოს რკინიგზამ“ ფაქტობრივად განსაზღვრა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც შეიძლება იყოს წარმოებული შესასყიდი საქონელი;

ტენდერის გამოცხადებიდან წინადადებების მიღების საბოლოო თარიღამდე 21 დღე იყო, რაც, ავსტრიული კომპანიის აზრით, ძალიან მოკლე პერიოდია, განსაკუთრებით საქართველოს არარეზიდენტი კომპანიებისთვის;

ტენდერის დოკუმენტებში მოცემული ტექნიკური სპეციფიკაცია მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სტანდარტებზეა ფოკუსირებული.

ავსტრიული კომპანია ჩვენთვის მოწერილ წერილში ასევე აღნიშნავს, რომ ზემოთ მოყვანილი დეტალების გასარკვევად ოფიციალური წერილი მათ „საქართველოს რკინიგზასაც“ მისწერეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

„საქართველოს რკინიგზამ“ აღნიშნული ტენდერი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის (GEO) გზით გამოაცხადა. ეს არის საქონლის ან მომსახურების შესყიდვა სპეციალური წესით, რომელსაც მთავრობა ადგენს კონკრეტული შემსყიდველისთვის. „საქართველოს რკინიგზისთვის“ საქართველოს მთავრობამ შესყიდვების სპეციალური წესი 2020 წლის 30 დეკემბერს დაადგინა, რომელიც 2022 წლის 1 იანვრამდე იმოქმედებს.

პირველ რიგში, აღნიშნულ დადგენილებაში ჩამოთვლილია ის საქონელი და მომსახურება, რომელზეც ვრცელდება შესყიდვების სპეციალური წესი, თუმცა მასში ცალკე არ არის გამოყოფილი რელსების შეძენა. გარდა ამისა, სპეციალური წესი „საქართველოს რკინიგზას“ ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვისგან და შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფისგან (მუხლის 1) არ ათავისუფლებს.

„საქართველოს რკინიგზის“ მიერ 10 ივნისს გამოცხადებული ტენდერი პირდაპირ არღვევს შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიან და არადისკრიმინაციულ მიდგომას, რადგან კონკრეტულად ევრაზიული კავშირის სერტიფიკატი და მარკირებაა მოთხოვნილი. კარგი პრაქტიკის შესაბამისად, შემსყიდველი ყურადღებას უნდა ამახვილებდეს შესასყიდი საქონლის ხარისხზე და არა მის წარმომავლობაზე.

გარდა ამისა, ზოგადად, შესყიდვების სპეციალური წესი სახელმწიფო შესყიდვების კანონთან შედარებით უფრო დაბალ სტანდარტებს აწესებს, რაც კორუფციულ რისკებს ზრდის.

როგორც უკვე აღინიშნა, ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს „უნი-2“-მა მიიღო, რომელიც რკინიგზისთვის მისაწოდებელი რელსების შემოტანას რუსეთიდან და ყაზახეთიდან აპირებს. „უნი-2“-მა უკვე წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომ რელსების რუსულ და ყაზახურ მწარმოებლებს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შესაბამისობის სერტიფიკატები აქვთ. შპს „უნი-2“-ის მფლობელი და დირექტორი გიორგი ღუდუშაურია.

შპს „უნი-2“-ს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ რელსების შეძენაზე გამოცხადებული 8 მლნ ლარიანი ტენდერი ერთხელ უკვე აქვს მოგებული 2019 წელს. აღნიშნულ ტენდერში „უნი-2“-ზე დაბალი ფასი შპს „ჯეორჯია სპეცგიდროენერგომონტაჟს“ ჰქონდა შეთავაზებული, თუმცა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიენიჭა და „უნი-2“-მა გაიმარჯვა. „საქართველოს რკინიგზა“ ევრაზიული კავშირის საბაჟო საბჭოს ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ შესაბამისობის სერტიფიკატს და მარკირებას ამ შემთხვევაშიც ითხოვდა“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საჭიროდ თვლის:

„საქართველოს რკინიგზამ“ წარმოადგინოს არგუმენტები, თუ რატომ გახდა აუცილებელი კონკურენციის შეზღუდვა და რელსების მხოლოდ საბაჟო კავშირში შემავალი ქვეყნებიდან შესყიდვა;

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ შეისწავლოს აღნიშნული ტენდერი, რათა დადგინდეს, შესაძლო „მორგებული“ ტენდერის უკან ხომ არ დგას კორუფციული ინტერესები.