მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს სატრანზიტო კორიდორის მიმართ ინტერესი გაზრდილია" - ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი

62335cbdb4bf1
ლიკა გურაბანიძე
19.03.22 14:29
1401
“საქართველოს სატრანზიტო კორიდორის მიმართ ინტერესი ბოლო სამ კვირაში გაზრდილია.” - ამის შესახებ bm.ge-ს ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის გენერალურმა დირექტორმა მამუკა მურჯიკნელმა განუცხადა.

როგორც მურჯიკნელი აღნიშნავს, რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიოში, პორტებში მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა. შეცვლილია ტვირთბრუნვების მიმართულებებიც.

“შუა აზიიდან ჩვენი კორიდორის გამოყენებაზე მოთხოვნა იზრდება, რათა მათ თავის პროდუქცია დასავლეთის ბაზრებს მიაწოდონ, აქამდე ამ ტვირთების გატანის ერთ-ერთი გზა რუსეთი იყო. მაგალითად, მოთხოვნა გაიზარდა ცენტრალური აზიიდან (ყაზახეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი) ის ეკონომიურად საკმაოდ მზარდი რეგიონია. მათი მხრიდან, მოთოვნაა გაზრდილი იგივე ნავთობპროდუქტების და ბამბის გატარებაზე. ეს შესაძლებლობა კი ქვეყანამ უნდა გამოიყენოს. ახლა დამატებითი ტვირთების მიღების თვალსაზრისით, ბათუმის და ფოთის პორტების მეტად გამოყენება უნდა მოხდეს, რადგან ტვირთების გატარება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.” - აღნიშნა მურჯიკნელმა.

კომპანიის გენერალური დირექტორის თქმითვე, ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი ახლა სრული დატვირთვით მუშაობს, ამიტომ, იმ ტვირთებს, რომლებზეც მათ გათვლა თავიდანვე არ გაუკეთებიათ ვერ მიიღებენ.

“კომპანიას წლის განმავლობაში 1.5 მლნ-დან 2 მლნ ტონამდე ნაყარი ტვირთის მიღება შეუძლია. ჩვენ მხოლოდ მინერალური სასუქის, კარაბამიდის (შარდოვანას) ტვირთებს ვატარებთ. იმისთვის, რომ ეს შედეგი მივიღოთ, წლის ბოლომდე კიდევ ნახევარი მილიონი ტონის კარაბამიდის (შარდოვანას) მისაღებად მზად ვართ.” - აღნიშნა მურჯიკნელმა.

ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი, მინერალური სასუქების, კერძოდ, მინერალური სასუქის, კარბამიდის (შარდოვანას) მიღებას, შენახვასა და გაგზავნას უზრუნველყოფს. ის ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან წამოსულ ტვირთს საქართველოს გავლით დასავლურ ბაზართან აკავშირებს. პროექტი Forbes-ის უმსხვილესი კერძო ამერიკული კომპანიების 250-ეულში შემავალი Trammo-სა და კომპანია ADIA-ს პარტნიორობით, $25 მილიონის ინვესტიციით განხორციელდა. ტერმინალმა ოპერირება 2021 წლის აგვისტოში დაიწყო.