მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს სძინავს და ეს უნდა დასრულდეს" - ჰოტელიერი მთავრობას მიმართავს

60071fa68783a
მარიამ ადამია
19.01.21 23:50
1507
1 თებერვლიდან საქართველოში სავაჭრო ცენტრების და ბაზრობების გახსნა იგეგმება, თუმცა, ამ დრომდე უცნობია, როდის გაიხსნება ქვეყანა უცხოელი ტურისტებისთვის და ასევე, როდიდან მიეცემათ მუშაობის უფლება რესტორნებს და სასტუმროებს კურორტებზე. შექმნილ გაურკვეველ ვითარებაზე BMG-სთან  რესტორნებისა და სასტუმროების ფედერაციის თავმჯდომარემ შალვა ალავერდაშვილმა ისაუბრა. 

მისი თქმით, დღეს „ნადირობა მიდის“ ყველა ტურისტზე და ქვეყნებიც ცდილობენ კარი გაუხსნან დაინტერესებულ ადამიანებს. როგორც მან აღნიშნა, თუკი კარს არ გავუღებთ ტურისტებს, ვაქცინირებული ადამიანები წავლენ იმ ქვეყანაში, სადაც უკეთეს პირობებსა და შეთავაზებებს მიიღებენ.

„ამ დროს საქართველოს სძინავს და ეს ძილი უნდა დამთავრდეს უკვე. ზღვარს გადავაბიჯეთ. სასწრაფოდ გვჭირდება კონკრეტული გეგმა, როგორ და რანაირად აღვადგინოთ მკვდარი სექტორი,“ - აღნიშნა ალავერდაშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში“ და დასძინა, რომ დღეს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორი უნდა საუბრობდეს გეგმაზე, დღესასწაულების მიხედვით უნდა იყოს გაწერილი გრაფიკი, როდის რომელი ქვეყნიდან უნდა ჩამოვიყვანოთ ტურისტები.

„ეს ადამიანები უნდა ჩამოვიყვანოთ ჩარტერებით და არა სრულად გახსნილი საზღვრებით, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესება ჩვენ არ დაგვბრალდეს. ჩვენი პარტნიორები ამისთვის მზად არიან, რომ ითანამშრომლონ იმ პირობებით, რაც ჩვენ გვინდა და ამაში ფული გადაიხადონ. მოგვეცით საშუალება ჩვენ შემოვიტანოთ ფული ქვეყანაში, იმისათვის, რომ სახელმწიფოს ჩინოვნიკებმა ხელფასები აიღონ. მოგვეცით საშუალება ვიმუშაოთ და ფული ვაკეთოთ ჩვენით. არანაირი სუბსიდირება აღარ გვინდა, პირიქით აქეთ შევიტანთ ბიუჯეტში ფულს", - განაცხადა ალავერდაშვილმა. 

მისივე თქმით, 1 თებერვალს თუ არ გაიხსნება ზამთრის კურორტები, მარტში გახსნას აზრი აღარ ექნება. შედეგად კი ხალხი კომუნალურ გადასახადებს ვერ გადაიხდის და ბიზნესი ვეღარ მოერევა ფინანსურ კრიზისს. "ამიტომაც ერთად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი თუ როგორ აღვადგინოთ ტურიზმი,“ - დასძინა შალვა ალავერდაშვილმა.