მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს უკვე უთანაბრებენ აფრიკის ყველაზე ჩამორჩენილი დონის ქვეყანას"

60ed421283d49
სალომე მეცხვარიშვილი
13.07.21 15:10
3868
საქართველოს უკვე უთანაბრებენ აფრიკის ყველაზე ჩამორჩენილი დონის ქვეყანას. ამის შესახებ “საქმის კურსს” "თბილისი ცენტრალის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა განუცხადა. ბიზნესმენი ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ, მათ შორის ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებს ეხმაურება.

“საქმის კურსთან” საუბრისას ყარალაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული მოვლენები უარყოფითად მოქმედებს საქართველოს საინვესტიციო გარემოზე და ინვესტორებს უხშობს იმ “ფრთხილ ოპტიმიზმსაც” კი, რომელიც ბოლო თვეებში ეკონომიკის გახსნის შემდეგ გაუჩნდათ.

“ზოგადად, ბიზნესი ყოველთვის არის ოპტიმისტი, სულ უკეთესის მოლოდინი გვაქვს. ასე იყო პანდემიის დროსაც და როცა გაზაფხულიდან გამოცოცხლება დაიწყო, ვთქვით, რომ პანდემია მალე დასრუდლება. დავიწყეთ მუშაობა პროექტებზე და ფრთხილი ოპტიმიზმი გვქონდა.

მარტო ჩვენი ჯგუფი ევროპელ ინვესტორებთან ერთად განიხილავდა 60 მილიონი დოლარის პროექტებს, რომლებიც ეხება ლოგისტიკას, დეველოპმენტს, თუმცა დღეს რაც ხდება, ეს ფრთხილი ოპტიმიზმის სივრცესაც არ ტოვებს. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების გაუაზრებელი პოლიტიკა, რომელიც მიმართულია, რომ იმედის ნაპერწკალიც მოკლას.

როცა მედია ამხელა ზეწოლის ქვეშ არის, მოსახლეობა ქუჩაში დარბის და ძალადობს, მათ შორის ტურისტებზე. აქ რა ინვესტორს უნდა ველაპარაკო?!”,- აცხადებს ლევან ყარალაშვილი.

მისი თქმით, დღეს ბიზნესს არავინ ელაპარაკება, თუმცა მუშავდება “კულუარული 10-წლიანი გეგმა”, რომელიც მაისში უნდა გამოქვეყნებულიყო და სექტემბრისთვის გადაიდო.

“როცა გყავს 500 ათასამდე სოციალურად დაუცველი და როცა დაკარგული სამუშაო ადგილების მიხედვით ვლიდერობთ რეიტინგებში, არცერთი ჭკუათმყოფელი ინვესტორი აქ ფულს აღარ ჩადებს”, - აცხადებს ლევან ყარალაშვილი.

კითხვაზე - ვისი ინტერესია ეკონომიკის ჩიხში შეყვანა, ბიზნესმენი პასუხობს:

“ქვეყანაში ძირითადი ცვლილებების მომტანი არის ძლიერი საშუალო ფენა, რომელსაც აქვს შემოსავალი და დამოუკიდებლად გრძნობს თავს. რაც უფრო სუსტი იქნება ეს ფენა და რაც მეტი ხალხი იქნება პირდაპირ დამოკიდებული მათ შორის სახელმწიფო დოტაციაზე, მით უფრო ადვილი საკონტროლებელი შეიძლება იყოს ეს. ეს არის პასუხი, ვის შეიძლება აწყობდეს ეს”, - აცხადებს ლევან ყარალაშვილი.