მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ხორბლის თვითუზრუნველყოფის გაზრდა 50%-მდე შეუძლია"– მინისტრი ფერმერებს ხელშეწყობას ჰპირდება

62440e5b6d234
მარიამ იზორია
30.03.22 14:35
1180
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მარცვლეული კულტურების მწარმოებელ ფერმერებს შეხვდა. შეხვედრაზე მარცვლეული კულტურების წარმოების ზრდის უზრუნველყოფისთვის სექტორში არსებული საჭიროებები და გამოწვევები განიხილეს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს არსებული რესურსით ხორბლის თვითუზრუნველყოფის გაზრდა 50%-მდე შეუძლია და სახელმწიფო მზადაა, ისეთი მასტიმულირებელი პროექტები და ღონისძიებები შეიმუშავოს, რომლებიც ხორბლის წარმოების და მოსავლიანობის ზრდას შეუწყობს ხელს.

ფერმერებმა კი მინისტრს ის საჭიროებები გააცნეს, რაც წარმოების ზრდისთვისაა აუცილებელი. მათ შორის, მაღალპროდუქტიული სათესლე მასალის ორგანიზებული მიწოდება, საბრუნავი საშუალებებისთვის (სათესლე მასალა, სასუქი, პესტიციდები) ფინანსურ რესურსზე და შესაბამის ტექნიკაზე ხელმისაწვდომობა, მიწის პრივატიზებისა და იჯარის საკითხები, თესვის ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, აგროდაზღვევის გაუმჯობესება, სარწყავ წყალზე ხელმისაწვდომობა და ქარსაფარი ზოლების მოწყობა.

„უკვე წლებია, სახელმწიფოს პოლიტიკა მიმართულია ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობასა და იმპორტის ჩანაცვლებაზე. შედეგად, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ქართული პროდუქციის წარმოება და მისი რეალიზაცია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტი. ბოლო თვის განმავლობაში რეგიონში განვითარებულმა მძიმე ვითარებამ კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მოხდეს პირველადი მოხმარების პროდუქციის, განსაკუთრებით კი, ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის მაქსიმალურად მოკლე დროში ზრდა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ჩვენი მიზანია, სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განვსაზღვროთ მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში გასატარებელი ის ღონისძიებები, რაც დაგვეხმარება მიზნის მიღწევაში. პირველ ეტაპზე, მოხდება კრიტიკული საჭიროებების გამოვლენა და მხარდაჭერა, რათა შედეგს სწრაფად მივაღწიოთ. სამინისტრო აქტიურად იმუშავებს ისეთი კონკრეტული წინადადებების შემუშავებაზე, რომლებიც მისაღები და შედეგიანი იქნება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.