25.იანვარი.2019 21:23
ეკონომიკა, საზოგადოება

"საქართველოს ზედმეტად ბევრი კვერცხი უწყვია ერთ სექტორში - ტურიზმი და ერთ ქვეყანაში - რუსეთი"

"საქართველოს ზედმეტად ბევრი კვერცხი უწყვია ერთ სექტორში - ტურიზმი და ერთ ქვეყანაში - რუსეთი"
საქართველოს თანამედროვე ისტორიაში პირველად, 2018 წლის მესამე კვარტალში ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის ბალანსი დადებითი იყო. მიმდინარე ანგარიშის დადებითი ბალანსი საქართველოს 1995 წლის შემდეგ არ ახსოვს. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ საქმე მხოლოდ ერთ კვარტალს ეხება, ფაქტმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა, როგორც ფეისბუქზე, ისე ანალიტიკოსების მხრიდანაც.

დღეს საკუთარ ფეისბუქგვერდზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დადო ფაქტმეტრის მიერ გადამოწმებული თავისი განცხადება, სადაც ქვეყნის მთავარი ბანკირი ამბობს, რომ 2018 წლის მესამე კვარტალში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, მიმდინარე ანგარიშის ბალანსმა დადებით დონეს, მშპ-ს 0.3%-ს მიაღწია. მის განცხადებაზე ფაქტმეტრის ვერდიქტია – სიმართლე.

მანამდე Galt & Taggart–მა დეტალურად გააანალიზა 2018 წლის მესამე კვარტალში მიღწეული რეკორდული შედეგი. საქართველოს ბაზრის ყოველკვირეული ანგარიშის ფარგლებში Galt & Taggart–მა დათვალა, რომ 2018 წლის მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი დადებითი – 11.9 მილიონი ამერიკული დოლარი იყო მაშინ, როცა 2017 წლის იგივე პერიოდში უარყოფითი ბალანსი 125 მილიონ ამერიკულ დოლარს აღწევდა.

TBILINOMICS-ის გუნდმა მიღწეული შედეგის მთავარ მიზეზად ევროკავშირის ბაზრებზე გაუმჯობესებული (საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლებული) წვდომა დაასახელა. თუმცა იქვე დასვა მთავარი კითხვა – რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი მიღწეული შედეგის შენარჩუნება?

საკონსულტაციო კომპანია Tbilinomics Policy Advisors–ის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს – ერიკ ლივნის მიაჩნია, რომ საქართველოს ჯერ კიდევ უჭირს საკუთარი ეკონომიკის რეალური დივერსიფიკაცია. „როგორც ჩვენს სტატიაში „ეს რუსეთია, სულელო“ აღვნიშნავთ, საქართველოს სავაჭრო ბალანსი ევროპასთან, სინამდვილეში, უფრო უარყოფითი ხდება და ის პროდუქტებიც, რომლებიც საქართველოს ევროპაში ექსპორტზე გააქვს ვერ ცდება ისეთ ტრადიციულ პროდუქტებს, როგორებიცაა მეტალები, თხილი, მინერალური წყლები და ღვინო“, – ამბობს ერიკ ლივნი.

საკონსულტაციო კომპანია Tbilinomics Policy Advisors–ის დამფუძნებლისა და პრეზიდენტის თქმით, რუსეთისა და დსთ–ის ბაზრებზე ზედმეტი დამოკიდებულება საქართველოსთვის საზიანოა როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად: „ როგორც ჩვენ საექსპორტო პროდუქტებისა და ბაზრების შესახებ მომზადებულ ანგარიშში ვწერთ, მთავარი პრობლემა ის არის, რომ საქართველო დამოკიდებულია ძალიან მცირე რაოდენობის ტრადიციულ სასოფლო–სამეურნეო პროდუქციაზე, რომლებიც ვერც ხარისხით და ვერც ფასით ვერ სწევენ კონკურენციას სხვა ბაზრებზე გარდა ტრადიციულისა, სადაც მათ ეხმარება განსაკუთრებული, ნოსტალგიაზე დაფუძნებული აღიარება და ცნობადობა“.

ერიკ ლივნის შეფასებით, „დღეს საქართველოს ზედმეტად ბევრი კვერცხი უწყვია ერთ სექტორში – ტურიზმი და ერთ ქვეყანაში – რუსეთი“ და ეს დღეს, მისივე შეფასებით, ქვეყნის ერთ–ერთი მთავარი გამოწვევაა.
ავტორი: ელენე კვანჭილაშვილი

25.აპრილი.2019 09:50
27

"ევროკავშირში ექსპორტი, ძირითადად, ბულგარეთის და რუმინეთის ხარჯზე გაიზარდა"

ვრცლად
25.აპრილი.2019 09:03
166

"ქსელური სავაჭრო ობიექტების გადასახადები ბანდიტიზმი და ყაჩაღობაა - დისტრიბუტორების ჩაძირვა უნდათ"

ვრცლად
25.აპრილი.2019 00:23
121

კიდევ რომელი სოფლები მიიღებენ მაღალმთიანი დასახლების სტატუსს?

ვრცლად
25.აპრილი.2019 00:10
111

მთავრობა მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის მზის პანელების გადაცემას წლის ბოლოს გეგმავს

ვრცლად
24.აპრილი.2019 23:14
244

ავტოტრანსპორტით ხორბლის იმპორტის აკრძალვის შესახებ მინისტრის ბრძანება შესაძლოა გაუქმდეს

ვრცლად
24.აპრილი.2019 22:28
164

ივანე მაჭავარიანი: საქართველოს 2.5-ჯერ მეტი მოსამართლე სჭირდება

ვრცლად