მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგია 2,8-ჯერ გაიზარდა"

61025bd66e1c8
BM.GE
29.07.21 11:37
1793
განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ინტერ რაოს" ოფიციალური პრესრელიზის მიხედვით, 2021 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ექსპორტი 10,24 მლრდ კვტ/სთ-მდე გაზარდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მეტია.

'რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ყველაზე დიდი მატება ფიქსირდება ფინეთში, სადაც იმპორტი 2,4-ჯერ გაიზარდა, ბალტიის ქვეყნებში, სადაც ეს მაჩვენებელი 2,1-ჯერ არის გაზრდილი და საქართველოში, სადაც იმპორტმა 2,8-ჯერ იმატა, - აღნიშნავს კომპანია.

იმპორტის ზრდა, ამ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მეტად საქართველოზე აისახა.

ამის პარარელურად კი, ჩინეთმა ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან 7.2%-ით შეამცირა. რუსეთიდან ელექტროენერგიის ექსპორტის აღნიშნული მონაცემები ზამთრისა და ადრეული გაზაფხულის პერიოდში ფიქსირდება, რის შემდეგაც ბალტიის ქვეყნებმა, 2021 წლის აპრილს, პირველად თქვეს უარი რუსეთისგან ელექტროენერგიის შესყიდვაზე. 2025 წლისთვის კი ბალტიისპირეთი მთლიანად ევროპულ ქსელზე გადავა.

ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი, ჩინეთი და უკრაინა, რომლებიც უკვე ათწლეულებია რუსული ელექტროენერგიით მარაგდებიან, რუსეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვაზე უარს აცხადებენ ან მაქსიმალურად ამცირებენ იმპორტს. ასეთ პირობებში საქართველო, ელექტროენერგიის ექსპორტის მხრივ, რუსეთისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება.

ელექტროენერგიის ისედაც მზარდი იმპორტის ფონზე, აუცილებელია საქართველომ განვითარებული ქვეყნების მაგალითი და გამოცდილება გაიზიაროს და რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ზრდის რისკები სათანადოდ შეაფასოს, რადგან რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება, პირველ რიგში, ენერგეტიკული ბერკეტებით პოლიტიკურ ზეწოლას გულისხმობს.

აღნიშნულს ადასტურებს 2014 წელს გამოქვეყნებული რუსეთის ენერგეტიკული დოქტრინაც.

6-წლიანი ენერგეტიკული დოქტრინის თანახმად, ევროპაში აქტუალურია რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირება, რადგან ის არასანდო პარტნიორად მიიჩნევა. ამის საპირწონედ, შემცირებული გაყიდვების დაკმაყოფილება უნდა მოხდეს რეგიონისა და განვითარებად ბაზრებზე ექსპანსიით, სადაც ეკონომიკა და ენერგომოთხოვნა შესაბამისად მზარდია.

შექმნილ ვითარებაში, რუსეთი ცდილობს ხელი შეუშალოს ან გარკვეული დროით შეაფერხოს პოსტსაბჭოთა სივრცეში იმ ახალი პროექტების განხორციელება, რომლებიც მასზე ენერგოდამოკიდებულებას შეამცირებს.

საქართველოს, სხვა ქვეყნებთან შედარებით, დიდი უპირატესობა გააჩნია: საკუთარი განახლებადი ჰიდრო, ქარისა და მზის რესურსების პოტენციალის ათვისებით შეავსოს არსებული ენერგოდეფიციტი და ამით საბოლოოდ გაიმყაროს ენერგოუსაფრთხოება, გახდეს რუსეთისგან მთლიანად ენერგოდამოუკიდებელი, შედეგად კი, რუსეთს საქართველოზე ზემოქმედების უმნიშვნელოვანესი ბერკეტი გამოაცალოს"-ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


(NS)