მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში ინვესტორები აღმოაჩენენ, რომ Doing Business-ში ქვეყნის რეიტინგი შეცდომაში შემყვანია"

60b0d66ff0cba
BM.GE
28.05.21 15:31
2368
გამოცემა Emerging Europe-მა გამოაქვეყნა სტატია საქართველოში ბიზნესკლიმატის გაუარესების და სახელმწიფოს მხრიდან უმსხვილესი საინვესტიციო პროექტების განხორციელების პროცესის ხელშეშლის შესახებ. გთავაზობთ სტატიის თარგმანს:

საქართველომ უკანასკნელ წლებში ბიზნესის კეთებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილის რეპუტაცია შეიქმნა. მისი პოზიცია მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში საკმაოდ მაღალია. უკანასკნელი ანგარიშით საქართველო მსოფლიოში მეშვიდე ადგილს იკავებს და ამ მაჩვენებლით დანიის გარდა ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას ასწრებს.

თუმცა, ქვეყნის რეპუტაცია უკანასკნელი ნახევარი წლის განმავლობაში ზიანის ქვეშ აღმოჩნდა, რაც 2020 წლის ოქტომბერში სადავო შედეგებით დასრულებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდებოდა.

იმის მიუხედავად, რომ არჩევნებში მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა, ოპოზიციური პარტიები ამ შედეგებს უნდობლობა გამოუცხადეს და განაცხადეს, რომ არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი. თუმცა, ამის მიუხედავად, ეუთოს მისიამ აღნიშნა, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და მოქალაქეთა ძირითადი თავისუფლებები არჩევნებზე დაცული იყო.

მაგრამ, ეუთომ თავის დასკვნაში ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს საარჩევნო სისტემის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ იყო გათვალისწინებული. ეს ეხება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების, კამპანიების დაფინანსების წესებს, ასევე საარჩევნო დარღვევების განცხადებების განხილვის და გასაჩივრების პროცესს. ამასთანავე, ეუთოს ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნების პროცესში “სახელმწიფოსა მმართველს პარტიას შორის ზღვარი ხშირ შემთხვევაში მკაფიო არ იყო.”

2021 წლის 19 აპრილს მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” და ოპოზიციურმა პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერეს ევროკავშირის მედიაციით მიღებულ შეთანხმებას, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისკენაა მიმართული.

პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდება:

შეთანხმებაზე ხელმოწერის შედეგად, პარლამენტში შევიდნენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იქამდე საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, “ქართულმა ოცნებამ” კი ვალდებულება აიღო დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თუკი მიმდინარე წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ის ხმების 43%-ზე ნაკლებს აიღებს.

ამის მიუხედავად, საქართველოს უმსხვილესი ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ბოიკოტის რეჟიმში რჩება, რასაც პარტია მისი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებას უკავშირებს.

ნიკა მელია საქართველოს მთავრობამ თებერვალში დააპატიმრა, რის მიზეზადაც გირაოს პირობების დარღვევა მიუთითა. მას 2019 წელს მთავრობის წინააღმდე “ძალადობრივ პროტესტში” მონაწილეობას ედავებიან. როგორც ნაციონალური მოძრაობის, ასევე თავად მელიას შეფასებით ეს პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია.

ინვესტორთა შეშფოთება:

ინვესტორებისთვის ქვეყანაში არსებული უკანასკნელი პოლიტიკური არასტაბილურობა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ ქვეყნის რეპუტაცია ბიზნესის კეთებისთვის არ არის ისეთი მაღალი, როგორიც მსოფლიო ბანკის რეიტინგიდან ჩანს.

მიმდინარე დავა, რომელიც აზერბაიჯანელ ინვესტორსა და საქართველოს მთავრობას შორის წარმოიშვა არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რასაც საქართველოში მყოფი ინვესტორები მმართველი პარტიის მხრიდან მკვეთრ და ანტიბიზნესურ მოქმედებად აფასებენ.

კომპანია “კავკასუს ონლაინი” 2006 წელს ქვეყანაში მოქმედი ქსელების - “კავკასუს ნეთვორქის”, “ჯორჯია ონლაინისა” და “სანეტის” შერწყმით შეიქმნა. კომპანიის მთავარ ფიზიკურ აქტივს შავი ზღვის ფსკერზე არსებული 1,200-კილომეტრიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი წარმოადგენს, რომელიც ინტერნეტით ევროპას სამხრეთ კავკასიასთან აკავშირებს.

2019 წელს “კავკასუს ონლაინის” 49%-იანი წილი აზერბაიჯანულმა NEQSOL Holding-მა შეიძინა და გარიგებაში დაახლოებით 51 მილიონი ევროც გადაიხადა.

თუმცა, საქართველოს კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ ეს გარიგება მათთან არ იყო შეთანხმებული და გასული წლის ივლისში კომისიამ ამ დავის გამო დაწერილი ახალი კანონით გაიზარდა უფლებები და კომპანიაში “სპეციალური მმართველი” დანიშნა, რითიც ფაქტობრივად “კავკასუს ონლაინის” ნაციონალიზაცია მოახდინა.

ამ ნაბიჯმა შეუძლებელი გახადა NEQSOL-ს განეგრძო საკუთარი გეგმა, რაც ციფრული აბრეშუმის დერეფნის პროექტის განხორციელებას მოიცავდა. ეს პროექტი ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის ინტერნეტის ახალი დამაკავშირებელი დერეფანი იქნება და მასში საქართველომ საკვანძო როლი უნდა შეასრულოს. თუმცა, ეს პროექტი, რომელიც რეგიონის ქვეყნების ციფრული განვითარებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის შეჩერებულია.

ინვესტორმა სარჩელი მსოფლიო ბანკთან არსებულ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში (ICSID) შეიტანა და კომუნიკაციების კომისიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს კომპანიაზე კონტროლის დამყარების ფაქტად აფასებს.
საერთაშორისო არბიტრაჟისთვის მიმართვა მიანიშნებს იმაზე, რომ კომპანიას არ აქვს იმედი, რომ ის დავას გადაჭრას ქართული სასამართლოს მეშვეობით შეძლებს.

მართლაც, ქართული სამართლებრივი სისტემა ვენეციის კომისიის მხრიდან მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცა. კომისიამ შეისწავლა “კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველის დანიშვნისთვის მიღებული კანონმდებლობა და დაასკვნა რომ ის საკუთრების უფლებებს, სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და მედიათავისუფლებას ხელყოფს.

ანაკლიის პორტი:

არაერთი ანალიტიკოსის “კავკასუს ონლაინის” საქმესა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გარეშემო განვითარებულ პროცესებს შორის მსგავსებას ხედავს. 

2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან, რომელსაც პორტის პროექტის განხორციელება ჰქონდა ჩაბარებული, კონტრაქტი გააუქმა.

საქართველოს მთავრობის, კერძოდ კი მაშინდელი ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, კონტრაქტის მოშლის მიზეზი იყო გარემოება, რომ კონსორციუმმა ვერ შეძლო $400 მილიონი დოლარის სასესხო შეთანხმებების გაფორმება.
თუმცა, თავად კონსორციუმის ყოფილი თავმჯდომარე და “ლელო საქართველოსთვის” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ბიძინა ივანიშვილი პირადად იყვნენ ჩართულები პროექტის ჩაშლის პროცესში.

მას შემდეგ საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ მათ სურთ იპოვონ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის ახალი ინვესტორი, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.

როგორც ანაკლიის პორტის, ასევე “კავკასუს ონლაინის” საქმეები საქართველოს, როგორც საერთაშორისო ინვესტიციებისადმი ღია ქვეყნის რეპუტაციას აზარალებენ.

“ეს პოტენციურად საქართველოს საინვესტიციო კლიმატისთვის საკმაოდ დამაზარელებელია” - BMG-ის განუცხადა შარშან ამერიკელმა დიპლომატმა, NATO-ში ყოფილმა ელჩმა და უკრაინაში ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოკერმა.
“სახელმწიფოს მიერ სპეციალური მმართველის დანიშვნა, ან კომპანიის წილზე კონტროლის დამყარება ნებისმიერი სექტორის ინვესტორისთვის საკმაოდ შემაშფოთებელია,”- აღნიშნა ვოკერმა.

გასულ კვირაში პარლამენტის სპიკერმა კახა კუაჭავამ ბრიუსელში პირველი ვიზიტი გამართა. ამ ვიზიტზე მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიმართ ერთგულებას ინარჩუნებს. თუმცა, აშკარაა ამ მხრივ ქვეყანას კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი. თუმცა, იქამდე სანამ ასეთი ქმედებების მიუხედავად, საქართველოს ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში არცერთი ქულა არ აკლდება, ქვეყნის მთავრობა ვითარების გამოსწორებისთვის ნაბიჯებს როგორც ჩანს არ დგამს.