მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში ლურჯმა მოცვმა მის მწარმოებელ ბევრ ქვეყანაზე მეტად გაამართლა” - GeorgianBlue-ს გენდირექტორი

609f7546427c5
თამთა ჯიჯავაძე
15.05.21 20:00
3350
პრაქტიკამ აჩვენა, რომ ლურჯი მოცვის მწარმოებელ ბევრ ქვეყანაზე უფრო მეტად ამ კულტურამ საქართველოში გაამართლა, - ამის შესახებ ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანია GeorgianBlue-ის გენერალურმა დირექტორმა რატი მორჩილაძემ გადაცემა Forbes Talks-ში ისაუბრა. მან ლურჯი მოცვის კულტურის საქართველოში შემოტანის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ თავდაპირველად არავის ეგონა, თუ ის საქართველოში გაამართლებდა.

„ლურჯი მოცვის კულტურა საქართველოსთვის ენდემური არ არის, ეს არის შემოტანილი და ძირითადად აშშ-დან მოდის. საქართველოში მას არცისე გრძელი ისტორია აქვს. პირველი მოცვის ნერგები დაახლოებით 15 წლის წინ შემოვიდა. თავიდან უცხოელი აგრონომები სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი, ამბობდნენ, რომ საქართველოში ნიადაგის და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, არ გაიხარებდა. თუმცა, ქართველმა აგრონომებმა ბოლომდე არგუმენტირებულად დაუმტკიცეს, რომ ღირდა ამის გარისკვა და პრაქტიკამ აჩვენა, რომ ლურჯი მოცვის მწარმოებელ ბევრ ქვეყანაზე უფრო მეტად მან საქართველოში გაამართლა“, - აღნიშნა რატი მორჩილაძემ.

მისივე თქმით, განსაკუთრებით ბოლო 3-4 წელია, რაც ლურჯმა მოცვმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი შეიძინა თანამედროვე საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში.

„ლურჯი მოცვი არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და საინვესტიციოდ მიმზიდველი კულტურა“, - აღნიშნა GeorgianBlue-ის გენდირექტორმა.

ცნობისთვის, 2020 წელს საქართველოდან მოცვის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. პანდემიის მიუხედავად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რეალიზებული 667.7 ტონა ახალი შტოშის, მოცვის და Vaccinium გვარის სხვა კენკრის ღირებულებამ 3.8 მლნ დოლარი შეადგინა. შედეგად გასულ წელს მოცვის რეალიზაციით საქართველომ 288.7%-ით მეტი შემოსავალი მიიღო.

ლურჯი მოცვის ექსპორტი კი 2020 წელს საქართველოდან შემდეგ ქვეყნებში განხორციელდა: რუსეთი (3.5 მლნ დოლარი); სომხეთი (78.2 ათასი დოლარი); არაბთა გაერთიანებული საამიროები (57.5 ათასი დოლარი); პოლონეთი (54,0 ათასი დოლარი); უკრაინა (23.1 ათასი დოლარი) და ყატარი (16.8 ათასი დოლარი).