მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში ხანდაზმულთა ვაქცინაციის დონე წარმოუდგენლად დაბალია" - მსოფლიო ბანკი

618b87010fb32
შოთა ტყეშელაშვილი
10.11.21 12:50
649
კავკასიაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სებასტიან მოლინეუსი საქართველოს ხანდაზმულ მოსახლეობაში ვაქცინაციის დონეს, “წარმოუდგენლად დაბალს” უწოდებს.

მთავრობის ინფორმაციით, საქართველოში არსებული 800,000 პენსიონერიდან 500,000 აუცრელია.

მოლინეუსის განცხადებით, მსოფლიო ბანკი მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ 8 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც პენსიონერებს აცრის შემთხვევაში, 200-ლარიანი დანამატები გადაეცემათ. მსოფლიო ბანკი ასევე მიესალმება “მწვანე პასპორტების” სისტემის შემოღებას, რაც ქვეყანაში დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს.

“მსოფლიო ბანკი საქართველოს მჭიდრო პარტნიორია პანდემიურ პერიოდში შესაბამისი მედიკამენტების, ასევე სამედიცინო აღჭურვილობისა და პერსონალური დაცვის საშუალებების შესყიდვის პროცესში. ასევე, ჩვენ დავეხმარეთ საქართველოს მთავრობას ვაქცინების შესყიდვის პროცესში, როგორც დაფინანსების მიმართულებით, ასევე შესყიდვების პროცედურების კუთხით.

უნდა მოხდეს ვაქცინაციის დაჩქარება. მე მჯერა, რომ ის ზომები, რომლებიც მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს მიერ იქნა დაანონსებული, შედეგს გამოიღებს. მხარს ვუჭერთ "მწვანე პასპორტების" შემოღებას; მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ახალგაზრდების წახალისება ვაქცინაციისკენ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მათ სოციალურ ღონისძიებებზე, ბარებსა თუ კაფეებში გასვლისთვის ეს ბარათები ჰქონდეთ. ამასთან, მხარს ვუჭერთ ფინანსური წახალისების სისტემის შემოღებას ხანდაზმულთა ვაქცინაციისთვის. ამჟამად 70+ მოსახლოებაში ვაქცინაციის დონე წარმოუდგენლად დაბალია, სწორედ ეს არის ქვეყანაში მაღალი სიკვდილიანობის ერთ-ერთი მიზეზი.

ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. ყველამ - მთავრობამ, საჯარო სექტორმა, ქართველმა ხალხმა, რათა ყველა აიცრას. ვაქცინები არის უსაფრთხო და ეფექტიანი გზა არსებული მძიმე მდგომარეობის გადასაჭრელად. გთხოვთ, აიღეთ პირადი პასუხისმგებლობა და აიცერით,” - აღნიშნავს სებასტიან მოლინეუსი.

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის თქმით, წინასწარ რთულია თქმა, რა მოცულობის თანხა იქნება პენსიონერთა 200-ლარიანი დანამატების გაცემისთვის საჭირო, რადგანაც ეს პენსიონერთა მიმართვიანობაზეა დამოკიდებული, თუმცა თუკი ყველა პენსიონერი აიცრება პროგრამის დაფინანსებაზე 100 მილიონი ლარი მიიმართება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეისთვის ქვეყანაში 793,920 ასაკით პენსიონერი ცხოვრობს. NCDC-ის ვაქცინაციის სტატისტიკის თანახმად, 60-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 94,272 ადამიანი; 65-69 წლის ჯგუფში - 81,193; 70-74 წლის ჯგუფში - 63,840; 75 წელს ზემოთ ჯგუფში კი - 59,824 ადამიანი.

შესაბამისად, დაახლოებით, 300,000 ასაკით პენსიონერია ქვეყანაში აცრილი.