მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქნახშირი" ახალი თბოსადგურის მშენებლობისთვის 100-120 მლნ აშშ დოლარს დახარჯავს

5dfcc81172306
ვიქტორია მღებრიშვილი
20.12.19 17:00
2203
"საქნახშირი" ახალი თბოსადგურის მშენებლობაში დაახლოებით 100-120 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიციას ჩადებს. ამის შესახებ BM.GE–ს "საქნახშირის" მფლობელი კომპანიის – Steel International Trade Company-ს მენეჯერმა ალექსანდრე ჩოჩიამ განუცხადა.

"ჩვენი ჩინელი პარტნიორები ახდენენ მოკვლევას და თბოსადგურის მშენებლობის პროექტირებას, რომლის დასრულების შემდეგ გვეცოდინება ინვესტიციების ზუსტი მოცულობა. რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ სავარაუდოდ, 100-120 მლნ დოლარის ინვესტიციაზეა საუბარი, თუმცა პროექტიდან გამომდინარე, შეიძლება ეს რიცხვი ზრდისკენ დაკორექტირდეს", - ამბობს ჩოჩია.

კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ მინიმუმ 150 მგვტ-იანი თბოელექტორსადგურის მშენბლობა იგეგმება, თუმცა – სად, ამას ჯერ არ აკონკრეტებენ.

"დღეს გვქონდა შეხვედრა ჩინელ პარტნიორ მხარესთან ამ მიმართულებით. რეალურად ქვეყნის ენერგეტიკის ქსელებიდან გამომდინარე ხდება მუშაობა, რომ აღნიშნული თბოსადგურისთვის მაქსიმალურად ოპტიმალური ადგილი შეირჩეს.

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ხარჯების ოპტიმიზაციის კუთხით განიხილება ტყიბული, მაგრამ ტყიბული დაერთების კუთხით მეტ დანახარჯთან არის დაკავშირებული და აქედან გამომდინარე, არ დაგიმალავთ, რომ რამდენიმე სხვა მიმართულებაც განიხილება. მოვლენებს, რომ არ გავუსწროთ, როგორც კი ჩინელები თავიანთი ხარჯთაღრიცხვის ზუსტ მონაცემებს წარმოგვიდგენენ და დანახარჯიდან გამომდინარე შევარჩევთ, რომელი მიმართულება იქნება საინვესტიციოდ უფრო მიმზიდველი, ამას დამატებით მოგახსენებთ", - განმარტა ალექსანდრე ჩოჩიამ.

მან თბოსადგურის მშენებლობის ვადებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბოსადგურის მშენებლობას 2.8 წელი დასჭირდება.

"თბოსადგურის მშენებლობას, რომ იტყვიან, ნულიდან 2 წელი და 8 თვე მინიმუმ დასჭირდება. იანვარში იგეგემება ვიზიტი ჩინურ მხარესთან, რომლებიც ამაში იქნებიან სრულად ჩართულები, ასევე გარკვეული საპარტნიორო მიმართულებითაც იქნება ეს შეხვედრები ჩინეთში.

იანვარში ჩინეთში ვიზიტის შემდეგ გვეცოდინება, როდის დაიწყება მშენებლობა. მაგ კუთხით მნიშვნელოვანია აპარატურის და თბოსადგურის ქვაბის ტექნიკური ნაწილის დაწყება, რაც უფრო დიდ დროს მოიცავს, ვიდრე თვითონ მშენებლობის ნაწილი. ამიტომ მშენებლობის ნაწილის დაწყება შეიძლება 2-3 თვეში არ მოხდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუშაობა არ გვექნება დაწყებული. ჩინური მხარე დაიწყებს აპარატურის მომზადებას, რაც ყველაზე შრომატევადი პროცესია", - ამბობს ალექსანდრე ჩოჩია.

შეგახსენებთ, რომ როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მიმდინარე წლის 26 სექტემბერს, ტყიბულში მეშახტეებთან შეხვედრისას განაცხადა, "საქნახშირის" ინვესტორებს 150 მგვტ-იანი თბოსადგურის მშენებლობა "დაეკისრებათ".