17.თებერვალი .2020 18:47

"სასამართლო მოვიგეთ, ქონება ჩვენია, ვთანხმდებით რესტორანზე, მეტი რა გავაკეთოთ?" - "ბუდაპეშტის" ინვესტორი

views 801
უკან

"ერთი წლის წინ კახა კალაძემ თავად შემოგვთავაზა, რომ ვაკის პარკში რესტორანი აგვეშენებინა",  - ამის შესახებ სასტუმრო “ბუდაპეშტის” წარმომადგენელმა გიორგი ზაქაიძემ „TV პირველის“ გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა.

„ზუსტად 1 წლის წინ გამოვიდა კახა კალაძე და შემოგვთავაზა, რომ სასტუმროს ნაცვლად რესტორან „ბუდაპეშტის“ ანალოგი აგვეშენებინა,  ზუსტად იგივე ფასადის და სიმაღლის ან მოვლაპარაკებულიყავით ჩანაცვლებას. ჩვენთვის პრიორიტეტი იყო რესტორნის აშენება, მაგრამ დავთანხმდით ჩანაცვლებაზეც. ამ ერთი წლის განმავლობაში მათგან გვქონდა შეთავაზება ონკოლოგიურის ტერიტორიაზე მიწის გადმოცემაზე, თუმცა იქ ჩვენ ვერაფერს განვავითარებდით. იქიდან გამომდინარე, რომ ზუსტად 1 თვის წინ გავაჟღერეთ, რომ პრობლემებია და მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ზუსტად ამ განცხადებამდე 1 კვირით ადრე ჩვენ შემოგვთავაზეს დიღმის ჭალების ტერიტორია, რაც რეკრეაციული ზონაა და მასზე უარი ვთქვით, რადგან ახალი პრობლემური ტერიტორია არ გვინდოდა. ამის შემდეგ განცხადება გააკეთა ირაკლი ხმალაძემ, რომელმაც თქვა, რომ მწირი ბიუჯეტის გამო ვერ გვთავაზობენ ვერაფერს. ჩვენ გვჯერა, რომ ეს არ არის მთავრობა, რომელიც კერძო საკუთრებას წაგვარმთევს, ამიტომ შევთავაზეთ მათ, რომ აგვეშენებინა ძველი შენობა, რომელიც მოუხდებოდა ვაკის პარკს, მის მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც ქალაქისთვის ყოველთვის საინტერესო იყო“, - განაცხადა ზაქაიძემ.

მისივე თქმით, დღევანდელი მთავრობა არ ტოვებს უკვე არანაირ გზას, გარდა იმისა, რომ კომპანიამ თავისი უფლებები დაიცვას.

„7 წელია ვიბრძვით სამართლებრივად. ყველაფერზე დავთანხმდით. ბევრ რამეს ვთავაზობდით, რაც პარკთან მოდიოდა შესაბამისობაში; ვცდილობთ წავიდეთ კომპრომისულ ვარიანტზე. 7 წლის განმავლობაში სასამართლო მოვიგეთ, კერძო საკუთრება არის ჩვენი, ვიყიდეთ სწორად, ვთანხმდებით რესტორნის აშენებაზე, რა უნდა გავაკეთოთ მეტი? ვაჩუქოთ რომელიმე სამშენებლო კომპანიას, რომ იქ სხვა რამე ააშენოს?“, - განაცხადა „საქმის კურსის“ ეთერში ზაქაიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტის გაჟღერების შემდეგ გადაწყდება, თუ რა აშენდება იმ ტერიტორიაზე, რაც სასტუმრო „ბუდაპეშტს“ ეკუთვნის. მისივე თქმით, იქ სასტუმრო ვერ აშენდება. მერი ვაკის პარკში არც რესტორნის აღდგენის ინიციატივას ემხრობა.