მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სასამართლო, როგორც ინვესტორებისთვის, ასევე ადგილობრივი ბიზნესისთვის პრობლემაა"

607aa9f744633
ვიქტორია მღებრიშვილი
18.04.21 10:00
796
„საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარის გიორგი კეპულაძის შეფასებით, ქვეყანაში მაღალი სანდოობის მქონე სასამართლო სისტემის შექმნა ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რადგანაც დამოუკიდებელი სასამართლო თავისმხრივ საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას გაზრდიდა. BMG Drive-ში სტუმრობისას კეპულაძემ ხელისუფლებას ამ მიმართულებით რეალური რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა. 

„უნდა გამოვიყენოთ ის კონკურენტული უპირატესობები, რაც ჩვენს ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს. უნდა აღმოვაჩინოთ სუსტი  მიმართულებები და განვავითაროთ. ეს შეიძლება იყოს დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც პრობლემაა თუნდაც ინვესტიციების თვალსაზრისით, როგორც შიდა ბიზნესისთვის, ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის, რომელიც სამწუხაროდ ვერ შევქმენით და ვერ მოვახერხეთ, რომ მას ჰქონდეს მაღალი სანდოობაა მოქალაქეების და უცხოელი ინვესტორების მხრიდან. ჩვენს რეგიონში ყველა ქვეყნისთვის ეს გამოწვევაა, რაც როგორც წესი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პრობლემებს ქმნის.

ხელისუფლებისთვის ეს უნდა იყოს გამოწვევა, რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყოს ქვეყანაში დამოუკიდებელი, სანდო სასამართლო ინსტიტუტის არსებობა. უნდა შევქმნათ პრეცენდენტი, რომ ჩვენთან დამოუკიდებელი სასამართლოა, სადაც არსებობენ დამოუკიდებელი მოსამართლეები, რომლებიც გადაწყვეტილებებს არა პოლიტიკური კონიუნქტურის, არამედ იმის გათვალისწინებით მიიღებენ თუ რა არის რეალურად კანონიერი.

შეიძლება მოგვეჩვენოს რომ ვაქცინაცია და სასამართლო შეიძლება ეკონომიკასთან ნაკლებად კავშირშია, მაგრამ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ხაზი დამოუკიდებელ სასამართლოზე და განათლებაზე გადის“, - განმარტა გიორგი კეპულაძემ.

გადაცემაში მან ასევე ეკონომიკის აღდგენის პროცესში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ ის კონკურენტული უპირატესობა, რაც მას ამ დროს ჰქონდა როგორც პატარა ქვეყანას ხელიდან გაუშვა.