მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეიტინგში პირველია"

6388e675c17f8
BM.GE
01.12.22 22:15
811
მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის წევრებს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების პერსპექტივების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა. მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელმაც ოპერირება 2020 წელს დაიწყო, სწრაფად მზარდი რეიტინგი აქვს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მისი განვითარება სწორი სტრატეგიით მიმდინარეობს.

„2022 წელს უმაღლესი განათლების განვითარებისა და მისი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მსურს, განსაკუთრებით გამოვყო უმაღლესი განათლების სისტემის მეგა- პროექტი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის დაარსებაც უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით. უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.

უნივერსიტეტს აქვს სწრაფად მზარდი რეიტინგი, რაც იმის დასტურია, რომ მისი განვითარება სწორი ხედვით მიმდინარეობს – 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეიტინგში პირველია.

როგორც მოგეხსენებათ, უნივერსიტეტში ამჟამად მოქმედი აკადემიური პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. არსებული მიდგომა ნარჩუნდება და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ეტაპობრივად იქმნება აკადემიური პროგრამები უმაღლესი განათლების სამივე საფეხურისათვის კონკრეტულ სფეროში ლიდერ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. განსაკუთრებით მსურს, გამოვყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები მათემატიკაში, კომპიუტერულ მეცნიერებაში, მენეჯმენტში, ბირთვულ ფიზიკასა და ფიზიკაში, რომელიც აახენის უნივერსიტეტთან, დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის, იულიხის მეცნიერებათა და GSI მძიმე იონების კვლევის ჰელმჰოლცის ცენტრებთან თანამშრომლობით ხორციელდება. აღსანიშნავია, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობა სან დიეგოს სახელმწიფო და ლუვენის უნივერსიტეტებთან, კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შექმნისა და განხორციელების მიზნით," - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. 

მინისტრმა ხაზი გაუსვა უნივერსიტეტში საგანმანათლებლო-კვლევითი ლაბორატორიების ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას. მისი განცხადებით, კომპანია კარლ-ცაისთან (Carl Zeiss) ხელშეკრულების ფარგლებში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მიიღო თანამედროვე სასწავლო ციფრული მიკროსკოპიის ლაბორატორია, რაც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მულტიდისციპლინურ პროექტებზე პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება შეიძინონ.

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში ქართველებთან ერთად ჩართულნი არიან ცნობილი უცხოელი პროფესორებიც, რომელთა რიცხვი ეტაპობრივად იზრდება. შედეგად, ქუთაისში ყალიბდება განათლებისა და მეცნიერების რეგიონული მნიშვნელობის ჰაბი, რომელიც შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანია.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგიაა, თავის გარშემო გააერთიანოს კერძო სექტორი, გააძლიეროს კავშირი ინდუსტრიასა და მეცნიერებას შორის და ამ გზით შექმნას ძლიერი მეწარმეობა.

უნივერსიტეტის ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან ისეთი მსხვილი ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორიცაა: სიმენსი, ჰილტი ჯგუფი, დელოიტი, პეპ-დიზაინი, ევროპის აერონავტიკის კომპანია (EADS), გერმანიის ბიზნეს ასოციაცია (DWV), ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისათვის“, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა საქართველოში.