27.ნოემბერი .2020 09:45

"გოდერძი სქი რიზორტი": მთელი დეკემბერი ჯავშანი გვქონდა, მთავრობის გადაწყვეტილება მოულოდნელია

"გოდერძი სქი რიზორტი": მთელი დეკემბერი ჯავშანი გვქონდა, მთავრობის გადაწყვეტილება მოულოდნელია
views 2898
უკან

48-ნომრიანი სასტუმრო "გოდერძი სქი რეზორტი", რომელიც 5 დეკემბრიდან სრულად დაჯავშნილი იყო, მთავრობის გადაწყვეტილებამ მძიმე ვითარებაში ჩააგდო. როგორ სასტუმროს მეპატრონემ ჯუმბერ ჭყონიამ bm.ge-ს უთხრა, მთავრობის მიერ გამოცხადებული შეზღუდვები როგორც ყველა ბიზნესისთვის, მისი სასტუმროსთვისაც რთულად გადასატანია, თუმცა სიტუაციას „გაგებით ეკიდება, რადგან ადამიანების სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია“.

საქმე იმაშია, მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან იანვრის ბოლომდე სათხილამურო კურორტებზე, ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად.


„ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვიყავით, პერსონალი მომზადებული გვყავდა. 5 დეკემბრიდან უნდა მიგვეღო სტუმრები. წინასაახალწლოდ გვქონდა ჯავშნები, იანვარშიც, მაგრამ როგორც დღეს გავიგეთ მხოლოდ 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შეგვიძლია ფუნქციონირება. აზრი არ აქვს ფიზიკურად. თუ ვინმეს სურვილი ექნება ახალ წელს ამოვიდეს, მივიღებთ, თუ არადა დავიკეტებით“, - განაცხადა ჯუმბერ ჭყონიამ.

მისი ინფორმაციით, ჯავშნები იყო მთელი საქართველოდან, მათ შორის თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან და ა.შ.

„მომზადებული ვიყავით ჩაკეტვისთვის ასე თუ ისე, თუმცა მაინც მოულოდნელი იყო გუშინდელი მთავრობის განცხადება. ახლა ისეთი სიტუაციაა, ალბათ 2 წელი დაგვჭირდება, რომ ფორმაში ჩავდგეთ. 80-მდე თანამშრომელი გვყავს, პროფესიონალები არიან და მათი დაკარგვა არ გვინდა, ამიტომ მცირე ხელფასს ვუხდით, რომ არ დავკარგოთ“, - განაცხადა ჭყონიამ.

მისივე თქმით, „გოდერძი სქი რიზორტი“ საკარანტინე სივრცედ ვერ გადაკეთდება, რადგან კურორტამდე მისასვლელი გზა რთულია და საკარანტინედ მოსახლეობას იქ მთავრობა არ მიიყვანს, თუმცა თუ საჭიროება გახდება, მენეჯმენტი ამის პრობლემას არ შექმნის.

„ბევრი თანხა გვაქვს დახარჯული სეზონზე მოსამზადებლად, ასევე ჯავშნების უკან დაბრუნება მოგვიწევს. ეს თვეები, რაც
დაკეტილი ვართ, მარტო სახელფასო ბიუჯეტი გვქონდა 70-80 ათასი ლარი. დღეს, პერსონალს ხელფასის სახით, დაახლოებით, 300 ლარამდე ვაძლევთ; არ გვინდა დავკარგოთ, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ვეღარ გადავუხდით, აზრი არ ექნება. ისე როგორც მთელი ქვეყანა, ჩვენც ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით", - განაცხადა ჯუმბერ ჭყონიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა