მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სასტუმროს დატვირთულობა საკმაოდ შემცირებულია" - "Legends Tskaltubo Spa Resort"-ის დამფუძნებელი

5e5910753e6e4
ვიქტორია მღებრიშვილი
28.02.20 17:32
1663
"ვერ გეტყვით რამდენად, მაგრამ შემცირებულია საკმაოდ", - ამის შესახებ BM.GE-ის სასტუმრო "Legends Tskaltubo Spa Resort"-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა ანდრო ჯიშკარიანმა სასტუმროს დატვირთულობაზე საუბრისას განუცხადა.

საქმე იმაშია, რომ დღეს სასტუმრო ბიზნესში არსებული პრობლემების შესახებ სასტუმროების მენეჯერმა შალვა ალავერდაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, ამიტომ  bm.ge-მ გადაწყვიტა, სხვა სასტუმროების წარმომადგენლების შეფასებები მოესმინა. როგორც ირკვევა, ალავერდაშვილს ეთანხმება "Legends Tskaltubo Spa Resort"-ის დამფუძნებელი. ანდრო ჯიშკარიანი ამბობს, რომ მათ შემთხვევაში, კორონავირუსის ეფექტამდე ბევრად ადრეც ჰქონდათ პრობლემები.

„ვერ გეტყვით - რამდენად, მაგრამ შემცირებულია საკმაოდ. მიზეზი ბევრია - კორონავირუსიც დაეტყო, მაგრამ მანამდე ისედაც პრობლემატური წელი იყო. მაღალმხარჯველიანი ტურისტი არ შემოდის სამედიცინო მიმართულებაში ანუ სამედიცინო-ბალნეოლოგიური ტურიზმის ცალკე PR არ ხდება. ესეც ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს - ნაწილობრივ რუსეთის ბაზრის დაკეტვა დაეტყო.

ჯერ საპანიკო მდგომარეობა არ არის, თუმცა მსოფლიოში კორონავირუსი უკვე მოქმედებს ტურიზმის კლებაზე და მასიური შემცირების საშიშროების წინაშე ვდგავართ. საფრანგეთში ამ ორი თვის განმავლობაში ტურიზმი 30%-40%-ით შემცირებულია. მხოლოდ ჩინეთიდან 2.8 მლნ ტურისტი ჰყავდა საფრანგეთს, შესაბამისად, ტურისტების რაოდენობა რომ მოიკლებს, მოხდება ფასების კლება“, - განაცხადა ანდრო ჯიშკარიანმა.

როგორც სასტუმროს მმართველი ამბობს, აუცილებელია, დარგის სხვადასხვა მხარეს შორის კომუნიკაცია შედგეს და ერთიანი ხედვა ჩამოყალიბდეს, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს. მისივე თქმით, ეს სურათს არ შეცვლის რადიკალურად, თუმცა გარკვეული წინსვლა გვექნება.

"სჯობს, რომ უფრო ადრე დავიწყოთ პრობლემებზე ფიქრი, ვიდრე რეალურად დადგება ეს პრობლემები დღის წესრიგში, უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები. ჯერჯერობით, ტურიზმის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია არ გვქონია, მაგრამ ალბათ დაიგეგმება შეხვედრები და დავიწყებთ ამაზე საუბარს. ეს არ გამოასწორებს რადიკალურად სიტუაციას, იმიტომ რომ ტურიზმის კლების ტენდენციაა მსოფლიოში, რეალურად ამ შეხვედრების თემა უნდა იყოს ფასების საკითხი და უნდა მოხდეს ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში, თუ ფასებს დავწევთ, მაშინ ამის აწევა რთული იქნება. საქართველოს ბაზარზე მიწოდება ბევრად მეტია, ვიდრე ამის შესაბამისი ტურისტი ჩამოდის. შესაძლოა, დაბალი სეგმენტის ტურისტები ჩამოდიან და ჰოსტელებსა და საოჯახო სასტუმროებში რჩებიან. კორონავირუსის ეფექტი დროებითი მოვლენაა და ახლა ფასების დაგდება, შემდგომში მდგომარეობას ვეღარ გამოასწორებს.

ყველაფერი არის ერთმანეთზე დამოკიდებული, მოთხოვნის კლების შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ფასების შემცირება, რაც გამოიწვევს თანამშრომელთა შემცირებას და ფასების კლება არ შეიძლება იყოს ამის გამოსავალი, თუმცა ყველა ამ პრობლემის გადაწყვეტას ფასის კლებით ეცდება“, - განმარტა "Legends Tskaltubo Spa Resort"-ის დირექტორმა და დასძინა, რომ გააქტიურებენ წყალტუბოს დადებითი ასპექტების წარმოჩენას.