მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სასწრაფოდ ველით პროტოკოლებს“ - რა კითხვები აქვთ გიდებს მთავრობასთან

5ee9c4462a707
ვიქტორია მღებრიშვილი
17.06.20 12:00
1422
გიდების საინიციატივო ჯგუფი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული რეგულაციების N15 დანართს ეხმიანება და მათი დაცვით სრულად ვერ იქნება დაცული უსაფრთხოების ნორმები.

საინიციატივო ჯგუფის ცნობით, მათ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მიმართეს, საიდანაც გიდების მიმართვა ჯანდაცვის სამინისტროში გადაამისამართეს.

BM.GE გიდების საინიციატივო ჯგუფის რეგულაციების N15 დანართის შეფასებას, მათ კითხვებსა და საჭიროებებს უცვლელად გთავაზობთ:

"გიდების საინიციატივო ჯგუფის სახელით გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ რეგულაციებს N15 დანართის შესაბამისად.

პირველ რიგში, მადლობას გიხდით მოწოდებული ინფორმაციისთვის და კოოპერაციისთვის. რამდენიმე შეზღუდვა ამოღებულია, რაც ნამდვილად მისასალმებელია, მაგრამ გამოქვეყნებულ რეგულაციებში დარჩა რამდენიმე საკითხი, რომელიც ლოგიკას არის მოკლებული, პრაქტიკულად განხორციელების თვალსაზრისით შეუძლებელია და ასევე ირღვევა უსაფრთხოების ნორმები.

პირველ რიგში, გვსურს გამოვეხმაუროთ ყველაზე პრობლემურ და ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობის რეგულაციის აფსურდულობას. საქმე ეხება შემდეგ რეგულაციას: მძღოლის კაბინასთან, მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად უნდა მოეწყოს დამცავი გამჭვირვალე ბარიერი.

• მიუხედავად გამჭვირვალობისა, მძღოლს ეზღუდება სარკეებთან წვდომა, ასევე, შესაძლოა მძღოლის სივრცეში წარმოიქმნას უჰაერობა ან მუშაობისთვის ხელის შემშლელი სხვა ფაქტორები, რამაც მრავალ საათიანი და ხშირ შემთხვევაში რთული მარშრუტების შესრულების პირობებში მძღოლს დაუქვეითოს კონცენტრაციის უნარი, გადაღალოს და მისთვის შეუძლებელი გახადოს საქმიანობის შესრულება. აღნიშნულმა მიზეზებმა შესაძლოა მიგვიყვანოს ფატალურ შედეგამდეც კი; 
• განსაკუთრებით საშიშია ეს რეგულაცია მცირე ზომის ავტომობილში, რომელიც ტურისტებს ემსახურება: სედანი, მინივენი.
• ჩვენთვის გაუგებარია, თუ რატომ არის მძღოლის მძღოლის სიცოცხლე კოვიდ 19-ით დაინფიცირების შემთხვევაში უფრო პრიორიტეტული, ვიდრე - გიდის. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი ასევე გიდიცაა?
• რა ხდება თუ გვაქვს ჯიპ-ტური და ტურისტი თავად არის მძღოლი?
• რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ტურისტი ქირაობს მანქანას?

ჩამოთვლილი რამდენიმე თავისებურებიდან გამომდინარე, უკვე ნათელია, რომ ეს რეგულაცია არ არის მორგებული ტურიზმის ინდუსტრიაზე, არ არის მორგებული ზოგადად საგზაო უსაფრთხოების წესებზე და რაც მთავარია, არ არსებობს არანაირი სამეცნიერო კვლევა, რაც ადასტურებს მსგავსი რეგულაციის ეფექტიანობას ვირუსის გავრცელების პრევენციის თვალსაზრისით. აღნიშნულ რეგულაციასთან დაკავშირებით ჩავატარეთ ექსპერიმენტი და პრაქტიკულად დავადასტურეთ ზემოთ ნახსენები საფრთხეები ძალიან მცირე მანძილზე. ეს საფრთხეები მკვეთრად იზრდება დიდ მანძილებზე, უამინდობის დროს, უღელტეხილებსა თუ სხვა რთულ მარშრუტებზე.

ამასთან, კანონით აკძალულია მანქანაში ისეთი ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება, რომელიც ზღუდავს სარკესთან წვდომას. ამაზე მძღოლი ჯარიმდება. შესაბამისად, რეგულაციის ეს მუხლი კანონსაც უპირისპირდება.

თუ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია მძღოლის და მგზავრების ჯანმრთელობა, ეს ნაწილი სრულად ამოსაღებია რეგულაციების ჩამონათვალიდან.

შემდეგი პრობლემური რეგულაცია არის გიდის მიერ ინდივიდუალური თერმომეტრის ფლობა და კოვიდ 19-ის სიცხის სიმპტომთან დაკავშირებული საკითხი. ტურის მსვლელობისას გიდს თან უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური თერმომეტრი, ტემპერატურის მონიტორინგისთვის. თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად, ტურის დაწყების წინ.

• გაუგებარია ინდივიდუალური მონიტორინგის სავალდებულო ხასიათი მაშინ, როდესაც სიცხის მონიტორინგი ხდება სასტუმროებში, კვების ობიექტებზე და სხვა დაწესებულებებში.
• აღნიშნული რეგულაცია სავალდებულო შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ტურისტი არ რჩება ისეთ სასტუმროში და რჩება აპარტამენტში, კარავში თუ სხვა ისეთ სივრცეში, სადაც გიდის გარდა მას სიცხეს ვერავინ გაუზომავს.
• გარდა ამისა, გვსურს ასევე წუხილი გამოვთქვათ თერმოსკრინინგის აპარატების შეძენით გამოწვეულ ხარჯების ზრდაზე, ფინანსურ კრიზისში მყოფი გიდის პოზიციიდან გამომდინარე და მოვითხოვოთ აღნიშნული რეგულაციის დატოვების შემთხვევაში, საჭირო თერმომეტრების უფასოდ გაცემა გიდებზე.

გვსურს, ასევე აღვნიშნოთ, რომ სიცხის სიმპტომი ტურისტებში არის ძალიან ხშირი მოვლენა, აკლიმატიზაციის, ალერგიის, ქართულ სამზარეულოსთან შეუთავსებლობის თუ სხვა მრავალი მიზეზის გამო. ეს სიმპტომი პანდემიამდეც იყო ჩვენი საქმიანობის განუყოფელი ნაწილი. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ბუნებრივად შეიძლება ქონდეთ მაღალი ტემპერატურა. ვიცით ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში კოვიდ 19-ს საერთოდ არ აქვს სიმპტომი, რაც კიდევ უფრო საფუძველს მოკლებულს ხდის მხოლოდ სიცხის გამო პროტოკოლის გააქტიურებას, ჯგუფის იზოლაციაში გადაყვანას და ტურის ჩაშლას.

ასევე სიმაღლის ცვლილების დროს ხშირია სიცხის აწევა, ხველა და ღებინება. რასაც დაადასტურებს ყველა გიდი. (თუშეთი, სვანეთი ხევსურეთი და ა.შ.) მაღალმთიან რეგიონებში ან უღელტეხილების გადავლის დროს ხშირია სიცხის აწევა, რაც ნორმალურია. არსებობს საშიშროება რომ ამ ბუნებრივმა პროცესმა შეიძლება შეაფერხოს ტურის მსვლელობა.

მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რეგულაციების იურიდიული ნაწილი, რომელიც იძლევა მრავალმხრივი ინტერპრეტაციის საშუალებას და ზრდის უსამართლოდ გამოწერილი ჯარიმების საფრთხეს, რომელთა სასამართლოში გასაჩივრება დამატებით პრობლემებს შეუქმნის.

მნიშვნელოვან სავარაუდო პრობლემას წარმოადგენს ფსიქოლოგიური პრობლემა. ტურისტების შემოსვლით შესაძლო აღშფოთებულმა მოსახლეობის ნაწილმა ატეხოს ცრუ განგაში ვირუსით გამოწვეული შიშიდან გამომდინარე და აქაც პატრულის თანამშრომლის კეთილგონიერების იმედად გვიწევს ყოფნა. ამ მხრივ სერიოზული სამუშაოა გასაწევი ადგილობრივ მოსახლეობასთან. შეგახსენებთ მარტის თვეში უკვე იყო მსგავსი შემთხვევა.

შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი არის ქართველი გიდების და მძღოლების კოვიდ 19-ზე ტესტირების საკითხი. გარდა იმისა რომ აღნიშნული რეგულაციები აფრთხობს პარტნიორებს და დიდია შანსი მათ მხოლოდ რეგულაციების გამო შეიკავონ თავი ქვეყანაში შემოსვლისგან.უკვე არსებობს კონკრეტული მოთხოვნები მათი მხრიდანაც, რომელთაგანაც ერთ-ერთი მიგვაჩნია სამართლიანად და საჭიროა ამ საკითხის დასმაც. თუ საზღვარგარეთიდან შემოსული ჯგუფისთვის სავალდებულოა კოვიდ 19 ტესტირების შედეგების დოკუმენტაციის წარდგენა, ისინი ითხოვენ რომ მსგავსი დოკუმენტაცია ჩვენც წარვუდგინოთ ადგილობრივ გიდებსა და მძღოლებზე, რათა დარწმუნდნენ რომ ისინიც არ არიან პოტენციური ვირუსის გამავრცელებლები. აღნიშნულ შემთხვევაში მოქმედების გეგმა ჩვენთვის უცნობია და არის დიდ ხარჯებთან დაკავშირებული. გვაინტერესებს მთავრობის მზაობა ამ შემთხვევაში დაეხმარება თუ არა ტურ-ოპერატორებს, გიდებსა თუ ინდივიდუალურად დასაქმებულ პირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ ვერ გავწვდებით ამ ხარჯს და უარს ვიტყვით ტურის ჩატარებაზე.

გარდა ამისა, არსებობს კითხვები სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში პროტოკოლთან დაკავშირებით, რომელზე მუშაობისასაც აუცილებლად ვთვლით გიდის საქმიანობაში კომპეტენტური ადამიანების ჩართვას, ვინაიდან გვაქვს წუხილი ბევრ ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რომელთა გიდებთან კონსულტაციის გარეშე შემუშავების შემთხვევაში, შესაძლოა მივიღოთ რეგულაციების მსგავსი სურათი და ამ პროტოკოლით ჩვენი საქმიანობის განხორციელება გახდეს შეუძლებელი.
პროტოკოლით გათვალისწინებული პროცედურის შესასრულებლად არსებობს თუ არა შესაბამისი ინფრასტრუქტურული თუ ეკიპირების თვალსაზრისით საჭირო რესურსი ყველა ტურისტულ ლოკაციაზე ან მის მახლობლად ამბულატორია, სამედიცინო ცენტრი და ა.შ.

თუ არ არსებობს მაშინ საჭიროდ ვთვლით იმ ლოკაციების ჩამონათვალს, სადაც პროტოკოლის ამოქმედება ფიზიკურად იქნება შესაძლებელი.

პროტოკოლის ამუშავების შემთხვევაში თუ მთელი ჯგუფის იზოლაცია გახდა საჭირო, ცხადია ტური ჩაიშლება. ამ შემთხვევაში ტუროპერატორებს, შესაძლოა, მოუწიოთ თანხის დაბრუნება. გვაინტერესებს მზაობა ამ საკითხთან დაკავშირებით.

გარდა ზემოთ მოყვანილი არგუმენტებისა გთხოვთ გვიპასუხოთ შემდეგ კითხვებზე: 
- ვის ავალდებულებს სახელმწიფო ამ რეგულაციების შესრულებას? 
- ვინ შეამოწმებს ამ რეგულაციების შესრულებას და რა ფორმატში?
- რომელი მუხლით შეუძლია წარადგინოს ჩემი დანაშაული კანონის მიმართ?
- სტუმარი რომ ჩამოგივა, რომელსაც სახელმწიფო ავალდებულებს საბუთის გაკეთებას 72-ი საათით ადრე, იმ სტუმარმა შენ (გიდს ან მძღოლს) რომ მოგთხოვოს იგივე საბუთი, რას შვრები? და თუ არის ჩვენზე სავალდებულო ეს საბუთი? და ვინ იხდის მაგის თანხას?
- ამასთან, ბევრი გიდი ყოველდღე სხვადახვა ჯგუფთან მუშაობს. ანუ მას მოთხოვნის შემთხვევაში ხშირად მოუწევს ტესტის გაკეთება?
- მანქანებში მძღოლის იზოლაციას რომ გვთხოვენ ტურისტისთვის ძალიან გვაინტერესებს მაშინ ტაქსის მძღოლებს რაზე არ ავალდებულებენ მაგას ?! ის ტურისტი რესტორანში რომ წავა საღამოს თავისუფალ დროს, ცხენით კი არ დაბრუნდება უკან გამოიძახებს ტაქსს და იმან არ უნდა “დაიცვას” თავის თავი და ტურისტი?
- რეალურად გგონიათ რომ ამ პირობებში შევძლებთ მუშაობას ან სტუმარს მოეწონება?
- რატომ გატარდა ჯომარდი როგორც სპორტი? როდესაც არსებოს სამოყვარულო ჯომარდობა (რაფტინგი) ამის გამო შიდა ტურიზმის ერთ-ერთი საინტერესო მიმართულების გახსნამ გადაიწია 6 ივლისამდე.
ეს არის შეცდომა!

გთხოვთ, სასწრაფოდ მოახდინოთ ამის გასწორება, კომპანიებმა უკვე იზარალეს.

სატრანსპორტო რეგულაციების ნაწილში ტურისტული ტრანსპორტი აღმოჩნდა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში. საქალაქთაშორისო გადაადგილებისას არ არის შეძღუდვები, მიუხედავად იმისა რომ მგზავრები ხშირად იცვლებიან.
ტურისტულ ტრანსპორტში კი ეს არ ხდება ერთიდაიგივე ჯგუფი გადაადგლდება რამოდენიმე დღის განმავლობაში. ჩვენ ვითხოვეთ, რომ ტურისტულ ტრასნპორტს მისცემოდა უპირატესობა, ქალბატონი მარიამ ქვრივიშვილმაც სიხარულით გვაცნობა ამის შესახებ. საბოლოოდ კი ყველაფერი პირიქით გამოვიდა. საქმე გვაქვს ელემენტარულ შეუსაბამობასთან. ძვირდება ფასი და არა მხოლოდ საერთაშორისო ვიზიტორებისთვის, არამედ შიდა ტურიზმისთვისაც! ხალხმა უკვე იზარალა, ამიტომ სასწრაფოდ ველოდებით.
ვერ ვითვლით ვერაფერს.

P.S. სასწრაფოდ გვჭირდება პროტოკოლი!

P.P.S. ტურისტების დიდი ნაწილი საერთოდ არ სარგებლობს ტურისტული კომპანიის და გიდის სერვისით. ამ შემთხვევაში ვინ არეგულირებს. როგორ მოხდება მისი კონტროლი სასტუმროში მივიდა თუ არა, დაელოდა თუ არა ტესტის პასუხს, ან იქნებ კარავში რჩება ან მეგობრის სახლში.

ის გადაადგილდება ტაქსით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით ამიტომ ზემოთხსენებული რეგულაციები არათუ აზრს კარგავს არამედ ჩვენ ბიზნეს აყენებს წამგებიან მდგომარეობაში. ტურისტი არ იყიდის სერვისს, ის თვითონ დაგეგმავს გადაადგილებას და თავიდან აიცილებს ყველა ამ ბარიერს.

P.P.P.S.
საქართველოში მუდმივად ცხოვრობს ათასობით უცხოეთის მოქალაქე, ბევრი მათგანი ჩვენი მეგობარია და ხშირად ერთად გადავაადგილდებით. ამ შემთხვევაში პრობლემას ვაწყდებით, რადგან მათ მოუწევთ დამტკიცება, რომ ისინი არ არიან ტურისტები.

პატივისცემით ალექსანდრე გიორგიძე“, - ნათქვამია გიდების საინიციატივო ჯგუფის მიმართვაში.