მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სავაჭრო ცენტრებში პრიორიტეტს უცხოური ბრენდების განთავსებას ანიჭებენ"

5e3fd95341df1
ნუცა ბაზლიძე
09.02.20 15:30
1456
ქართული ბრენდი "ფიგურა", რომელიც მომხმარებლებს ქალის, ასევე ე.წ. უნისექს სამოსს სთავაზობს, გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-ის "ფიგურას" თანადამფუძნებელმა ნინო კენჭაძემ განუცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბრენდის დამფუძნებელთა სურვილია, სამომავლოდ მეტი ფილიალი გახსნან. ნინო კენჭაძე დასძენს, რომ სურთ, მათი კოლექცია, საქართველოში, თბილისის გარდა სხვა დიდ ქალაქებშიც იყოს წარმოდგენილი.

ამ ეტაპზე, "ფიგურას" მაღაზია წარმოდგენილია "თბილისი მოლში", მე-3 სართულზე. ნინო კენჭაძის განმარტებით, პროდუქცია ასევე რეალიზდება ქართველი დიზაინერების შოუ–რუმებში, რომლებშიც "ფიგურას" წარმომადგენლები ხშირად მონაწილეობენ.

სარეალიზაციო სივრცესთან დაკავშირებით, "ფიგურას" თანადამფუძნებელმა ის ძირითადი პრობლემა გამოყო, რომელიც ბაზარზე ოპერირების პერიოდში გამოიკვეთა.

"ძალიან ძნელია სავაჭრო ცენტრებში სარეალიზაციო ადგილის მოძებნა, რადგან უმრავლეს შემთხვევაში, ადგილი საერთოდ არ არის, ან გიწევს ძალიან დიდ რიგში დგომა იმისთვის, რომ რამდენიმე კვადრატული მეტრი დაგითმონ. ხშირ შემთხვევაში კი, როცა ადგილი გამოჩნდება, პრიორიტეტს უცხოური ბრენდების განთავსებას ანიჭებენ და არა – ქართულის. სამწუხაროდ, ქართული პროდუქციის განვითარებას არანაირი ხელშეწყობა არ აქვს, ხანდახან პირიქითაც არის", - აღნიშნა ნინო კენჭაძემ.

როგორც "ფიგურას" თანადამფუძნებელმა BM.GE-ს განუმარტა, მისი ხედვით, ბაზარზე დიდი კონკურენციაა, ვინაიდან ბევრი ახალი ქართული ბრენდი გაჩნდა. ამ შემთხვევაში, დამფუძნებელი ყურადღებას ამახვილებს ისეთი ფაქტორების მნიშნველობაზე, როგორებიცაა საკუთარი ნიშა და მკაცრად განსაზღვრული ხარისხი.

"ჯერჯერობით თავს ვართმევთ. დაარსებიდან დღემდე გვყავს საკუთარი ერთგული მომხმარებლები. ჩვენი ხაზი და კონცეფცია მათთან ძალიან ახლოსაა. ჩვენი მომხმარებლები არიან ძირითადად 23-დან 40 წლამდე ქალები, რომლებსაც უყვართ განსხვავებულად ჩაცმა. ბრენდის პროდუქცია გამოირჩევა ორიგინალური სტილით. ჩვენთან ხშირად შეხვდებით ისეთ რამეს, რასაც სხვაგან ვერ ნახავთ. ასევე, ჩვენი კოლექციები ლიმიტირებულია, კაბების დიდი ნაწილი იქმნება მხოლოდ ერთ ეგზემპლარად და აღარ მეორდება. კოლექციები ყოველთვის მაქსიმალურად ფერადია; ასევე, "ფიგურას" სამოსი გამოირჩევა საინტერესო პრინტებით და ფერწერული ტილოების ტანსაცმელზე გადატანით. "ფიგურაში" შეხვდებით როგორც კლასიკურ, ასევე სპორტულ სამოსს", - აღნიშნა ნინო კენჭაძემ.

ცნობისთვის: "ფიგურას" მაისში, არსებობის ორი წელი უსრულდება. ბრენდის თანადამფუძნებელი, ხელოვნებათმცოდნე ნინო კენჭაძესთან ერთად, მისი დედა -მხატვარი ირინა კენჭაძეა. ნინო კენჭაძის განმარტებით, ორივე მათგანი პროდუქციის შექმნაში უშუალოდ არიან ჩართულნი, იშვიათად კი, სხვადასხვა სამკერვალოებთანაც თანამშრომლობენ. მათი ბრენდი პირადი სახსრებით დაარსდა, რამდენიმე თვეში კი მისმა დამფუძნებლებლებმა დაფინანსება "თიბისი ბანკისგან" მიიღეს და სტარტაპერები გახდნენ. მსურველებს "ფიგურას" პროდუქციის შეძენა 30-300 ლარის ფარგლებში შეუძლიათ.