მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სავარაუდოდ, მინისტრს არ მოეწონა, რომ კომპრომისი შედგა“ - დეპუტატი ჯანდაცვის კანონპროექტზე

5f11be393dc1c
ინგა მურუსიძე
17.07.20 19:29
825
დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრების პროცედურის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ცნობილი გახდა, რომ “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებებს, რაზეც ჯანდაცვის კომიტეტზე კლინიკების წარმომადგენლებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის კონსენსუსი შედგა, არ დაამტკიცებდნენ. საუბარია კანონპროექტზე, რომელიც კლინიკებისთვის ჯარიმებს, ლიცენზიების სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე შეჩერებას და სხვა რეგულაციებს ეხებოდა. ჯანდაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კლინიკების მიერ გამოხატული მკვეთრი პოზიციის შედეგად, ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე საკითხი დათმო, მათ შორის სანქციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით შეიცვალა ჩანაწერი და კომიტეტმა კანონპროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. ამის შემდეგ, რამდენიმე წუთში კანონპროექტს მეორე მოსმენით კენჭი პლენარულ სხდომაზეც უყარეს და დაამტკიცეს. დღესვე, პლენარულ სხდომაზე შესვენების დროს დიმიტრი ხუნდაძის კომიტეტმა კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა და მიღებაც მოასწრო. კანონპროექტი ამ შეთანხმების შემდეგ, დღესვე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით უნდა გასულიყო და პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში კანონის სახეს მიიღებდა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნით საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.

BMG  დეპუტატ ლევან კობერიძეს ესაუბრა, რომელიც განხილვებში აქტიურად მონაწილეობდა. ის ფიქრობს, რომ ვიღაცას არ მოეწონა ის კონსესუსი, რომელიც პარლამენტში შედგა. დეპუტატი ამბობს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით ძალიან კარგი პრეცედენტი შედგა პარლამენტში, რადგან სამედიცინო სექტორმა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ოპოზიციამ, ყველამ ერთად შეძლო, რომ სამუშაო მსჯელობა გაემართა და კონსესუსისთვის მიეღწია.

„კანონპროექტში ორი ძირითადი საკითხი იყო, პირველი - უნდა შესულიყო თუ არა სასამართლოს ნებართვის გარეშე მარეგულრებელი შესამოწმებლად კლინიკაში და მეორე - შეჩერების შემთხვევაში კლინიკებისთვის საქმიანობის აღდგენის  პროცედურა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ნაწილში შეთანხმება ვერ შედგა, ვითარება ნამდვილად ძალიან საქმიანი იყო. ვადებზეც შევთანხმდით, ჯარიმებზეც. კომიტეტში კანონპროექტმა სამი მოსმენა გაიარა და დარჩენილი იყო მესამე მოსმენა, რა დროსაც მხოლოდ რედაქციული ცვლილებები შედის კანონპროექტში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კანონპროექტი შემოვიდა დაჩქარებული წესით, თუმცა გაიწელა განხილვა და გადავიდა ჩვეულებრივ განხილვაში, მაგრამ ინიციატორმა კვლავ მოითხოვა და მეორედ დააჩქარებინა განხილვა. ანუ, ძალიან ეჩქარებოდათ ამ ყველაფრის მიღება. თავქუდმოგლეჯილებმა ვიმუშავეთ, შევთანხმდით ყველაფერზე და მესამე მოსმენის დროს მოხდა გადავადება. თქვეს, რომ გადავავადოთო. არალოგიკურია ეს, რადგან ძალიან ეჩქარებოდათ. მაქვს გონივრული ეჭვი, რომ გეგმავენ კანონპროექტი მეორე მოსმენაზე უკან დააბრუნონ. რეგლამენტი ამას ითვალისწინებს, უბრალოდ, ბიურომ უნდა უყაროს კენჭი. ვფიქრობ, ეს მოხდება და ეს იმას ნიშნავს, რომ რაზეც შევთანხხმდით, ისევ უნდათ, რომ გადახედონ. შესაძლოა, ამ ყველაფერზე შეთანხმებები ვეღარ მოხერხდეს და კონსესუსი ჩაიშლება“, - განაცხადა კობერიძემ.

ის ვერ აკონკრეტებს, ვის შეიძლებოდა არ მოსწონებოდა კონსესუსური კანონპროექტი და მიღწეული შეთანხმებები.

„სავარაუდოდ, ეს ყველაფერი მინისტრს უკავშირდება და სავარაუდოდ, სწორედ მინისტრს არ მოეწონა, რომ კომპრომისი შედგა. ძალიან გულდასაწყვეტი იქნება, რომ ყველაფერი ჩაიშალოს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პრინციპულ საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა, თუმცა იმდენად კარგი განხილვა გაიმართა, რომ ყველა კმაყოფილი იყო. ვიღაცას არ მოსწონს, რომ პარლამენტში ასეთი კარგი პროცესი წარიმართა. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდეს თავად მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიაც. ვნახოთ, რას იზამენ. ფაქტია, რომ ერთი კარგი რამ მოხდა და ისიც დაბლოკეს“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

ცნობისთვის: პარლამენტის 29 ივნისიდან მოწვეულმა რიგგარეშე სესიამ მუშაობა დღეს დაასრულა, თუმცა არაა გამორიცხული დამატებითი რიგგარეშე სხდომები კიდევ ჩაინიშნოს.