მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სავარაუდოდ ხორბალი გაძვირდება" - ფოთის მარცვლეულის ტერმინალი

5fdee31a24033
ვიქტორია მღებრიშვილი
21.12.20 10:10
3130
2021 წლის 15 თებერვლიდან 30 ივნისის ჩათვლით, რუსეთის მთავრობა მარცვლეულის ექსპორტის კვოტირებას გეგმავს.

საქართველო ძირითადად სწორედ რუსულ ხორბალზეა დამოკიდებული. თუ საქსტატის მონაცემებს მოვიშველიებთ, 2020 წელს 10 თვეში ყველაზე მეტი 88.2 მლნ დოლარის ღირებულების 407 605.83 ტონა ხორბალი სწორედ რუსეთიდან იქნა იმპორტირებული, თუმცა მცირე მოცულობებით საიმპორტო ქვეყნებს შორის არის თურქეთი (83.4 ათასი დოლარი, 52.0 ტონა), ავსტრია (40.8 ათასი დოლარი, 38.62 ტონა) და საბერძნეთი (14.6 ათასი დოლარი, 22.50 ტონა).

მოსალოდნელი შეზღუდვების მიუხედავად ხორბლის ქართველი იმპორტიორები ამბობენ, რომ ხორბლის დეფიციტის პრობლემა არ იქნება, რადგან არსებობს ალტერნატიული ბაზრები, თუმცა მოლოდინი აქვთ, რომ ხორბლის ფასი შეიძლება გაიზარდოს. 

"რუსული ხორბლის ფასი საერთაშორისო ბაზარზე ყოველთვის უფრო დაბალია, ვიდრე მაგალითად ფრანგული, გერმანული ან ამერიკული ხორბლის. ეს ბევრი ფაქტორითაა გამოწვეული. დღეს ფოთში რუსეთიდან გემით შემოტანილი ხორბლის ფასი არის 255 დოლარი, რასაც 15 თებერვლიდან 25 ევრო დაემატება და ძალიან ცოტა ხორბალი გამოვა რუსეთიდან. ეს ფასი საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ფასებს გაუთანაბრდება. მაგალითად რაც ფრანგული ხორბალი ღირს, ზუსტად ის ფასი ექნება რუსულ ხორბალსაც და ჩვენ შეიძლება წავიდეთ და ვიყიდოთ ფრანგული ან თუნდაც უნგრული ხორბალი. ამის გამოცდილება გვაქვს. რუსული ხორბალი დღეისთვის მხოლოდ იმიტომ შემოგვაქვს, რომ უფრო იაფი ღირს.

ხორბლის ხელმისაწვდომობაზე პრობლემა არ იქნება, მთავრია ფასი როგორი იქნება“ რაც უკვე დაასუბსიდირა სახელმწიფომ ფქვილის ნაწილში 10 ლარით, მომავალი 2 თვე სოციალური პურის გაძვირების საშიშროება არ არსებობს, თუმცა ამის შემდეგ რა მოხდება, ამის პროგნოზირება ახლა რთულია. სავარაუდოდ ხორბალი გაძვირდება, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ მანამდე რაღაც მარაგების გაკეთებას თვითონ ბიზნესი უზრუნველყოფს"-აცხადებს ფოთის მარცვლეულის ტერმინალის დირექტორი, ქეთევან კუბლაშვილი.