მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საწვავის გაძვირების გამო, დისტრიბუტორები იძულებული იქნებიან, პროდუქტის თვითღირებულებას გადახედონ"

6050c40737cce
ელენე გოგბერაშვილი
16.03.21 23:10
699
მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე ბენზინის საავტომობილო საწვავზე ფასი ტონაზე 195 დოლარით (43%) გაიზარდა, ხოლო დიზელის საწვავზე ტონაზე 117 დოლარით (27,8%). შესაბამისად, ბრენდირებულ და არაბრენდირებულ სადგურებზე საწვავი ბოლო 3 თვის განმავლობაში 60-65 თეთრით გაძვირდა.

საწვავის გაძვირება მოქმედებს როგორც ინდივიდუალურ მომხმარებელზე, ასევე არაერთ სექტორზე, რომლებიც პირდაპირ არიან დამოკიდებული საწვავის მოხმარებაზე. დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კომპანიის ზომის გათვალისწინებით საწვავს პროდუქციის თვითღირებულებაში 0,2%-დან 1%-ზე მეტი უჭირავს, შესაბამისად, თუ სახელმწიფო საწვავთან მიმართებით საგადასახადო პოლიტიკას არ გადახედავს, ამის გავლენით პროდუქტებზე ფასების ზრდა გარდაუვალია.

„გაუფასურებულ ლარს ემატება ლოგისტიკის გაძვირება, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებელს დაარტყამს და აისახება პროდუქციის ფასზე, მარკეტი იქნება ეს თუ აგრარული ბაზარი. საწვავი დისტრიბუციის განუყოფელი ნაწილია და თუ სახელმწიფომ არ გადახედა საგადასახადო პოლიტიკას, დღევანდელ ვითარებაში, როცა არასტაბილურია ლარი და საწვავი იმპორტირებულია, კომპანიები ალბათ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

ბოლო თვეების განმავლობაში უკვე იმდენად არის საწვავზე ფასი გაზრდილი, რომ უბრალოდ ვერ გაუძლებენ სადისტრიბუციო კომპანიები და იძულებული იქნებიან, უკვე პროდუქტის თვითღირებულებასაც გადახედონ. ვფიქრობ, აქ ერთადერთი კარგი გამოსავალი იქნება, თუ მოხდება აქციზის განაკვეთის შემცირება, რაც კიდევ უფრო შეუმსუბუქებს ტვირთს არა მხოლოდ ბიზნესსუბიექტებს, არამედ ჩვენს მოსახლეობას“,- აცხადებს ივა ჭყონია.