მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საწვავის სექტორში არის ძალიან ბევრი გადაცდენები" - "ვისოლის" გენდირექტორი ვასილ ხორავა

61b47145382c9
შოთა ტყეშელაშვილი
11.12.21 13:33
5321
“კანონმდებლობა გაწერილია თუმცა არ ხდება მისი აღსრულება” - ამბობს ნავთობკომპანია “ვისოლის” გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა. გადაცემა BMG Drive-ის ეთერში ხორავამ ნავთობის იმპორტის სექტორში არსებული გადაცდომების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ არაბრენდული მოთამაშეების მხრიდან ადგილი აქვს როგორც სარეალიზაციო საწვავის სტანდარტების დარღვევას, ასევე ავტოგასამართი სადგურების უსაფრთხოების წესების დარღვევას და ზოგიერთ შემთხვევაში ამ მიმართულებით ფისკალური გადაცდენებიცაა, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტი ზარალდება.

ხორავა მიიჩნევს, რომ აღნიშნული მიმართულებებით სახელმწიფოს მხრიდან კანონმდებლობის აღსრულება მნიშვნელოვანია.

“თავისუფლება ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი ბიზნესისთვის შეიძლება ნიშნავდეს თამაშის წესების დარღვევას. დღეს იმ ინდუსტრიაში ვსაქმიანობთ, სადაც არის ძალიან ბევრი გადაცდენები სხვადასხვა მოთამაშეების მხრიდან და ამას ჩვენ ჩვეულებრივად ვუყურებთ. ჩვენ ბიზნესი ვართ და არანაირი ბერკეტი, რომ იმ ინდუსტრიაზე ვიმოქმედოთ. ვხედავთ რომ არღვევენ ხარისხობრივ პარამეტრებს, არღვევს ფისკალურ პარამეტრებს, არ არის ბიუჯეტთან ანგარიშვალდებული, ისეთივე ხარისხში როგორც ჩვენ ვართ, არღვევს ავტოგასამართი სადგურის ტექნიკურ პარამეტრებს, რომელიც მის უსაფრთხოების წესებს ითვალისწინებს და გარემოზე ზემოქმედების წესებს. ყველაფერ ამის შედეგად ჩვენ ინდუსტრიაში გვყავს კონკურენტი, რომელიც ამ წესებს უგულვებელყოფს, მისი კაპიტალური დანახარჯები არის მინიმალური და ის ფაქტიურად შენ გვერდით აკეთებს იმ საქმეს, რომელიც ფასის იმ დონემდე რომ მიიყვანო გიჯდება გაცილებით მეტი, ვიდრე მას უჯდება.

ჩვენ ამას ვერ გავაკონტროლებთ, უბრალოდ ვხედავთ ბაზარზე რა მდგომარეობაა და როგორი სიტუაციაა და არანაირი ბერკეტი არ გვაქვს.

ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია არის ჩვენი გაერთიანების, ჩვენი კომუნიკაციის შედეგად ეს ხმა მივიტანოთ სახელმწიფომდე, რომ სახელმწიფომ იმოქმედოს ამ კუთხით. დღევანდელი გადმოსახედიდან ბიზნესგარემო თავისუფალია, ბიზნესგარემოს აქვს მოქმედების საშუალება, თუმცა არის ხარვეზები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან მეტი რეგულაციებით, მეტი ჩართულობით უნდა მოხდეს. კანონდმებლობა გაწერილია, თუმცა არ ხდება მისი აღსრულება,”- ამბობს ვასილ ხორავა.

საქართველო წლიდან წლამდე $700-800 მილიონ დოლარამდე ღირებულების ნავთობპროდუქტებს ყიდულობს. სექტორი სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ერთ-ერთი უმსხვილესი მდგენელია. მთავრობის ინფორმაციით, 2021 წლის 10 თვეში სახელმწიფომ აქციზის გადასახადით 450 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. დაახლოებით ამდენივე იყო სახელმწიფოს შემოსავალი ნავთობპროდუქტების დღგ-დანაც, რაც ჯამში 900 მილიონამდე საგადასახადო შემოსავლის ტოლია.