მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი ანგარიში მეტ შესაძლებლობებს ხსნის" - ზალკალიანი

5f59edef26d33
ინგა მურუსიძე
10.09.20 13:11
1011
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გახსნის საქართველოში ამერიკული ბიზნესის უფრო მეტად წარმოდგენის მიმართულებით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

 ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, საუბარია იმ საკანონმდებლო ჩარჩოებზე, რომლებიც ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საკითხს, ასევე ბიზნესისა და სახელმწიფოს ურთიერთობებს არეგულირებენ. მათ შორის შეფასებულია საქართველოს სასამართლო სისტემა, საბანკო და საფინანსო რეგულირების მექანიზმები. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის მიმართულებით რეგიონის მასშტაბით მოწინავე ადგილზეა, ქვეყნის ეკონომიკა კი უცხოური ინვესტიციების მიმართ ღიაა. თუმცა, საქართველოში მოღვაწე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები მიუთითებენ ქვეყნის სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ნაკლოვანებაზე, ასევე ბიზნეს დავების მოგვარების არაეფექტურ და არადროულ სისტემაზე.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის ცალსახად პოზიტიური გზავნილი, რომელიც დიდწილად იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი აშშ-დან საქართველოში დამატებითი ინვესტიციის მოზიდვის თვალსაზრისით. მისასალმებელია, რომ ჩვენი მთავარი სტარტეგიული პარტნიორი უაღრესად პოზიტიურად აღიქვამს იმ რეფორმებს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ეკონომიკის გაჯანსაღების კუთხით, ასევე ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელია დამატებითი ინვესტციციების მოზიდვასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ცალსახად აცხადებს, რომ ორი ქვეყნის სურვილია, რომ საქართველო-აშშ-ის ეკონომიკური თანამშრომლობა ისეთ მაღალ ნიშნულზე ავიდეს, როგორიც თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროშია.

„ეს ანგარიში, რომელიც გამოიცა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, დამხმარე ბერკეტი იქნება ამ მიზნის მისაღწევად და ეს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს გახსნის ამერიკული ბიზნესის საქართველოში უფრო ფართოდ წარმოდგენის მიმართულებით“, - განაცხადა ზალკალიანმა.