09.აპრილი .2021 22:31

"სახელმწიფო მიწა ფერმერისთვის ძვირია" - სექტორი დაანონსებულ ცვლილებებს აფასებს

"სახელმწიფო მიწა ფერმერისთვის ძვირია" - სექტორი დაანონსებულ ცვლილებებს აფასებს
views 545
უკან

საქართველოს მთავრობას 11 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა საპრივატიზაციოდ გამოაქვს. საუბარია სახნავი და სათიბი კატეგორიის სახელმწიფო მიწებზე, რომელიც კერძო სექტორს იჯარით აქვს აღებული. იმ მიზნით, რომ აღნიშნული მიწები დაახლოებით 2200-ზე მეტი ფერმერის ხელში გადავიდეს, მთავრობა მოიჯარეებისთვის 10 ჰექტარზე მეტი მიწის გამოსყიდვის შეზღუდვას აუქმებს. ამასთან თუ აქამდე გამოსყიდვის უფლება დაშვებული იყო მხოლოდ იჯარით გაცემულ „სახნავი“ კატეგორიის მიწებზე, ამას ემატება „სათიბი“ კატეგორიაც.

ცვლილებების შედეგად მოიჯარეები პირდაპირი გამოსყიდვის წესით შეძლებენ, საბაზრო ფასად ნებისმიერი ზომის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეისყიდონ.

სწორედ ფასია ამ ეტაპისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფერმერებისთვის, თუ როგორ მოხდება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მხრიდან სახელმწიფო მიწების განფასება. როგორც ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, აქამდე სახელმწიფო მიწა ძალიან მაღალი ღირებულების იყო, ამიტომ როგორ იმუშავებს ეს შეთავაზება მეტწილად დამოკიდებულია, რა ფასად მიყიდიან მიწებს საქართველოს მოქალაქეებს.

„ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი გამოსავალია ეკონომიკაში ჩავიდეს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და არ იყოს ეს სახელმწიფო საკუთრება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ სახელმწიფო არ არის კარგი ინვესტორი, არც იმ შემთხვევაში თუ იჯარით აკუმულირებს ამ თანხას.

ფერმერებს ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა პროექტში, რადგან ეს სერიოზული გამოწვევა იყო მათთვის, ვერ იღებდნენ მონაწილეობას როგორც სახელმწიფო, ისე საგრანტო პროექტებში, რადგან იჯარით მიღებული მიწები მათთვის პრობლემა იყო, ასევე დიდი გამოწვევა იყო 10 ჰექტარზე შეზღუდვა და დღეს ეს შეზღუდვა მოხსნილია.

როგორც ცნობილია პირდაპირი მიყიდვის წესით იქნება მიწის გასხვისება, თუმცა შეფასებული იქნება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ. ესეც მნიშვნელოვანია, როგორ შეაფასებს სამხარაული. 

ამაზე ჩვენ მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს სამხარაულის ექსპერტიზასთან. ვნახოთ როგორ შეიძლება მიწის ფასთწარმოქმნა განხორციელდეს, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა სახნავი და სათესი მიწა ისეთ ადგილებში იყო, როგორიც არის ურწყავი ადგილები ან ადგილები, რომელიც ირწყვება. ორივე შემთხვევაში თანხები უტოლდებოდა ერთმანეთს, ზოგჯერ ფერმერისთვის ეს თანხა ხელსაყრელი არ იყო, რადგან მაღალი ღირებულების იყო. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, თუმცა ვიცით, რომ ის მიწები, რომელსაც ჩააბარებენ მოიჯარეები, აუქციონზე გამოვა“, - აცხადებს ნინო ზამბახიძე.

დარგის სხვა სპეციალისტები ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯს ასევე დადებითად აფასებენ, თუმცა როგორც „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელი რუსუდან გიგაშვილი ამბობს, სახელმწიფოს არათანმიმდევრული პოლიტიკა აქვს და ის მეტწილად დარგის სტიმულირებისთვის მიწის ერთიან რეფორმას არ ქმნის,

„კონკრეტულად ეს ინიციატივა ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში რას მოგვიტანს, ამის გათვლა ძალიან გაჭირდება, რადგან არ გვაქვს ქვეყანაში მიწის ერთიანი რეფორმა, რომლის ნაწილი იქნებოდა ეს და გათვლილი იქნებოდა კონკრეტულ შედეგებზე.

ჩვენ ხშირად გვაქვს ფრაგმენტული მხარდამჭერები. ერთი შეხედვით შეიძლება ლამაზად ჟღერდეს და თავმომწონედ, მაგრამ ამას რა ეფექტი ექნება ან რა შედეგისკენ არის მიმართული, ნაკლებად ჩანს ხოლმე, მაგალითად თუნდაც ერთი წლის წინ დააწესეს შეზღუდვა, რომელსაც ახლა ხსნიან სათიბებთან დაკავშირებით, ან რა მოიტანა შეზღუდვამ ან რას ვცლით, ეს მნიშვნელოვანი საკითხებია, სამწუხაროდ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ ჩანს ხოლმე.

თუნდაც 11 000 ჰა-ს შესყიდვა მოხდებაო ამბობს მთავრობა, რის მიხედვით არის ეს დათვლილი, რა კრიტერიუმებით შეფასდა, ვის მიერ შეფასდა, რის მიხედვით, რეალურად ამოღებადია ეს თანხა სახელმწიფოსთვის და თუ კი ეს ამოღებადია, რა შედეგს მოგვიტანს მაშინ?! ძალიან მნიშვნელოვანია ამა თუ იმ გადაწყვეტოლების უკან ვხედავდეთ სახელმწიფოს მიერ გააზრებულ და ღრმა მიდგომებს და არ იყოს ეს მხოლოდ ფრაგმენტული მიდგომები“, - აცხადებს რუსუდან გიგაშვილი და ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელის მსგავსად სახელმწიფო მიწების მაღალ ფასზე მიუთითებს.

„მიწის საკმაოდ მაღალი ფასის გამო წუხან ფერმერები. ჩვენ არ გვაქვს მიწის განფასების კრიტერიუმები. ეს არ არის გაწერილი დოკუმენტურად და არ ვიცით რა კრიტერიუმებით დგება მიწის ფასი. რენტაბელური არ არის სოფლის მეურნეობა, რომ დაინეტერესებულმა ადამიანებმა მაღალი ფასი გადაიხადონ. მიწის შესყიდვის საფასო პოლიტიკა ბადებს კითხვის ნიშნებს, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიდაოთ ამა თუ იმ მიწას, რის მიხედვით ადევს ფასი. ნოყიერ და არანოყიერ მიწას ერთი ფასი არ უნდა ჰქონდეს. ეროზირებული მიწაც სხვა განფასებას ექვემდებარება, ამიტომ მნიშვნელოვანია თუ ეს ფერმერებისთვის კეთდება, იყოს ადეკვატური საფასო პოლიტიკა და ამასთან ხელმისაწვდომი. დღეს დარგში არ არის ისეთი შესაძლებლობები, რომ ფერმერებმა ამხელა თანხების გადახდა შეძლონ“, - აცახდებს გიგაშვილი.