მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფო "ლატარიის კომპანიის" შესახებ, პოტენციურ მყიდველს არასაკმარის ინფორმაციას აწვდის"

56bdc064a9e96
BM.GE
12.02.16 15:20
1289
მიმდინარე წლის 14 იანვარს სახელმწიფომ თავის საკუთრებაში არსებული "საქართველოს ლატარიის კომპანიის" 70%-იანი წილი გასაყიდად გამოიტანა. ლატარიის კომპანიის აუქციონი 28 იანვარს უნდა დასრულებულიყო, თუმცა აუქციონის ვადა ჯერ 4 თებერვლამდე, შემდეგ კი 11 თებერვლამდე გაგრძელდა.
 
კომპანიის 70%-იანი წილის ამჟამინდელი საწყისი ფასი 13,4001 ლარია. გარდა ამისა, მყიდველმა აუქციონის პირობების მიხედვით, ჯამში დაახლოებით 217.2 მლნ ლარი უნდა გადაიხადოს, რომელიც შედგება: ბიუჯეტის მიმართ 216.3 მლნ ლარის ოდენობის დავალიანებისა (რისი 95%-ზე მეტიც კომპანიას 2011 წელს საქართველოს ფოსტისთვის გადაცემის შემდეგ 2015 წლამდე დაუგროვდა და ძირითადად, ლატარიის გადასახადისა და საურავისგან შედგება) და თავად კომპანიის ვალდებულებებისგან (კრედიტორული დავალიანება და სხვ).

საქართველოს ლატარიის კომპანიის თემაზე ანგარიშს აქვეყნებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო".

"არსებული სიტუაციისა და ფინანსური ანგარიშგების (ლატარიის კომპანიის 2009-2015 წლების მოგება-ზარალის და საბალანსო უწყისები) ანალიზის შედეგად, შემდეგი სურათი გამოიკვეთა:

1. 2009-2015 წლებში კომპანიის ფინანსური ანგარიშგება (საბალანსო უწყისი) ნათელს ხდის კომპანიის ძალიან მძიმე ფინანსურ მდგომარეობას და სრულიად არასწორ ფინანსურ მენეჯმენტს. კომპანიის რეალიზაცია 2015 წლის 30 სექტემბრისთვის, 2010 წელთან შედარებით, თითქმის 240%-ით შემცირდა, ხოლო კომპანიის ზარალი 2010 წლიდან 2015 წლამდე 457%-ით გაიზარდა და დაახლოებით 215.3 მლნ ლარი შეადგინა. უცნობია, რა ზომებს მიმართა ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფოს ბიუჯეტის მიმართ კომპანიის 216.3 მლნ ლარის დავალიანების ამოსაღებად და რა პასუხისმგებლობა დაეკისრა კომპანიის მენეჯმენტს. ეს დავალიანება საკმაოდ დიდია და უცნობია ფინანსთა სამინისტრო ამ ოდენობის დავალიანების ჩამოწერამდე ეცადა თუ არა მის ამოღებას.

2. გაუგებარია, როგორ მოახერხებს სახელმწიფო საუკეთესო შეთავაზების მქონე ინვესტორების მოზიდვას მაშინ, როდესაც ის eauction.ge-ის მეშვეობით პოტენციურ მყიდველს სრულიად არასაკმარის ინფორმაციას აწვდის. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის გარეშე შეუძლებელია ლატარიის კომპანიის 70% წილის ყიდვის შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება. ასევე, აუქციონის 2 კვირიანი ვადა, რომელიც თავდაპირველად იყო გამოცხადებული, საკმაოდ მცირეა იმისთვის, რომ ლატარიის კომპანიის შეძენით დაინტერესებულმა მყიდველმა საკმარისად ჩათვალოს გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელი ინფორმაციის გამოსათხოვად. ამ გარემოებას შესაძლოა გამოეწვია ბევრი პოტენციურად მყიდველის მიერ აუქციონში მონაწილეობაზე უარის თქმა.

3. აუქციონის წარმატებით დასრულებისა და მყიდველის გამოვლენის შემთხვევაში მყიდველი იხდის მხოლოდ საწყისს ფასს (13,400 ლარი), დანარჩენი თანხის გადახდა (დაახლოებით 216.3 მლნ ლარი) კი ხდება ქონების განმკარგავთან (ქონების მართვის სააგენტო) შეთანხმებით. რა პირობებით მოხდება ეს შეთანხმება, წინასწარ არ არის ცნობილი. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს დავალიანების თანხის გადახდის ვალდებულების დროში გაწელვა, ან თუ ეს მოხდება, გათვალისწინებული იყოს ფულის დროში ღირებულება და ეს თანხა ადეკვატური განაკვეთით იქნეს გადაანგარიშებული.

4. როგორც ცნობილია, 2009 წელს სახელმწიფომ "საქართველოს ლატარიის კომპანიის" ნაციონალიზაცია მოახდინა, რამაც კომპანია ბაზარზე მონოპოლიურ მდგომარეობაში ჩააყენა. ცხადია, ამ კომპანიის დენაციონალიზაცია დადებით ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა ბაზარი კვლავ მონოპოლიზებული რჩება. გაუგებარია, მთავრობამ გააკეთა თუ არა დასკვნები ლატარიის ჩატარების ექსკლუზიური უფლების ერთი კომპანიის ხელში გადაცემიდან შვიდი წლის თავზე და რა გეგმები აქვს მომავალში ამ უფლებასთან დაკავშირებით", - განმარტავენ არასამთავრობოში.

შეგახსენებთ, რომ "სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" აუქციონის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე აუქციონი შეწყვიტა. როგორც "ბიზნესკონტაქტს" "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში" განუცხადეს, უწყებამ დისკრეციული უფლება გამოიყენა, რაც საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების შეჩერებას გულისხმობს. აუქციონის შეჩერების მიზეზებზე ამ დროისთვის სააგენტოში კომენტარი არ კეთდება.