მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფო შეეხიდება ოჯახებს" - იპოთეკური სესხის სუბსიდიის პროგრამა

60d985e3a5994
ვიქტორია მღებრიშვილი
28.06.21 12:37
3598
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, პრემიერის მიერ გაჟღერებული იპოთეკური სესხების სუბსიდირების ახალი პროგრამის ძირითადი მიზანი, ისეთი ოჯახების ხარჯების გაზიარებაა, რომლებიც ახალ წევრს ელოდებიან. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდეგ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. 

პროგრამის დეტალები ეკონომიკის მინისტრს არ დაუზუსტებია, თუმცა აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ახალ პროგრამებთან დაკავშირებით მთავრობა გამოსცემს დადგენილებებს, სადაც ყველაფერი იქნება გაწერილი. მისი თქმით, პრემიერმა ისაუბრა რამდენიმე პროგრამაზე, რომელთა საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარს შეადგენს.

„300 მლნ ლარზე მეტი ბიუჯეტი გამოყოფილი იქნება ყველა ტიპის ახალი პროგრამისთვის, რომელიც პრემიერმა პარლამენტის ტრიბუნიდან გააჟღერა. ჩვენი ერთობლივი ინიციატივა რამდენიმე პროგრამას შეეხებოდა, ესენია: ექსპორტზე ორიენტირებული და იმპორტის ჩამნაცვლებელი წარმოებების წახალისება, რომელსაც გრანტის ელემენტი ემატება; უნივერსალური მხარდაჭერის ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმი, სადაც ადგილობრივი წარმოების გახსნის და განვითარების დროს სესხის სუბსიდირებაც და თანაგარანტირებაც მოხდება, მათ შორის აგრო ტურიზმისთვის შემოგვაქვს ახალი კომპონენტი, რომელშიც იქნება გრანტ კომპონენტი; ერთ-ერთი ასეთი პროგრამა იპოთეკური სესხების სუბსიდირებაა იმ ოჯახებისთვის, სადაც ახალი ოჯახის წევრი შეეძინებათ. პროგრამის ამოცანა პირველ რიგში ქართველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობაა, იმიტომ რომ თითოეული ახალი წევრი - ახალშობილი არამხოლოდ დიდი სიხარული, არამედ დიდი პასუხისმგებლობაა, ამიტომ მგონი სამართლიანია, რომ სახელმწიფო შეეხიდოს და დაეხმაროს ასეთ ოჯახებს ახალი ხარჯების და პასუხისმგებლობის გაზიარებით. რასაკვირველია, ეს იმ დეველოპერების დახმარებაცაა, რომლებიც ახალ შეთავაზებას გააკეთებენ, მაგრამ მთავარი ამოცანა ოჯახებისთვის, რომელიც გამრავლებაზე ზრუნავენ, საცხოვრებელი ფართების ხელმისაწვდომობაა.

პროგრამის ყველა დეტალს ინდივიდუალური პრეზენტაციის დროს გავშლით. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მუშაობს კონკრეტულ სამთავრობო აქტზე. თითოეული პროგრამის დამტკიცებას მთავრობის დადგენილება სჭირდება და იქ ყველაფერი გაწერილი იქნება, მაგრამ ეს ძალიან მალე შევა ძალაში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.