მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფო შეუვალია თავის გადაწყვეტილებებში" - ინტერვიუ მიხეილ დუნდუასთან

61c176375fc5c
დავით ჯალაღონია
21.12.21 14:00
1193
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს აზარტული თამაშების რეგულირების საკანონმდებლო პაკეტს, რომელსაც
სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას პლენარულ სესიაზე კენჭს უყრიან. რეგულაციების შინაარსი ხელისუფლებამ მეტწილად არ შეცვალა, თუმცა შეზღუდვების ძირითადი ნაწილის ამოქმედება 1 მარტამდე გადაავადა. შედეგად, 2022 წლის 1 იანვრიდან სათამაშო ბიზნესისთვის მხოლოდ ახალი საგადასახადო რეჟიმი შევა ძალაში.

აღსანიშნია ისიც, რომ მართალია, შეზღუდვები თავდაპირველად მთავრობამ დააანონსა, თუმცა დოკუმენტის ავტორად და ინიციატორად დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე და მისი კოლეგა დეპუტატები ვიხილეთ. 
აზარტული თამაშების კომპანიების, ტელევიზიებისა და სარეკლამო ბიზნესის წარმომადგენლები, ბოლო საკომიტეტო განხილვას უკვე აღარ ესწრებოდნენ. რატომ არ წავიდა ბიზნესისთვის ხელშესახებ დათმობებზე ხელისუფლება, ამის შესახებ BMG ფინანსთა მინისტრის მოადგილეს მიხეილ დუნდუას ესაუბრა.

- პირველ რიგში, გვითხარით, სათამაშო ბიზნესის რეგულაციებთან დაკავშირებით კანონპროექტზე გამოთქმული, რომელი შენიშვნები გაითვალისწინა მთავრობამ?

რამდენიმე რეკომენდაცია გავითვალისწინეთ. ეს ეხება კანონპროექტის ამოქმედების ვადებს. იცით, რომ 25 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებს, საჯარო მოხელეებსა და სოციალურად დაუცველებს აზარტულ თამაშენზე წვდომა შეეზღუდებათ და ეს ჩანაწერი 2022 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება. პრაქტიკულად, ყველაფერი 1 მარტიდან ამოქმედდება, გარდა დაბეგვრის რეჟიმის ცვლილებისა, რაც 1 იანვრიდან შევა ძალაში. აგრეთვე, გათვალისწინებულ იქნა მედიის თხოვნა, რომ სპორტული გადაცემების სპონსორობასთან დაკავშირებითაც ანალოგიური მიდგომა ყოფილიყო, როგორც სხვა შემთხვევაში და კანონპროექტიდან ამოღებულ იქნა ის ნაწილი, რომელიც გულისხმობდა ხმოვან რეჟიმში სპონსორობის გამოცხადებას ტელე და რადიო ეთერში. ასე რომ, ამ თვალსაზრისითაც თანაბარ პირობებშია ჩაყენებული ტელევიზიები და გადაცემები, რომლებიც სპორტული მიმართულებით მაუწყებლობენ, თუ - არა. ანუ ბევრი რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული, კანონპროექტი დაიხვეწა, უფრო გამკაცრდა გარკვეული თვალსაზრისით და ვადები უფრო გაიშალა. რეკლამის შეზღუდვასთან დაკავშირებით ამოქმედება თუ კანონის ძალაში შესვლიდან 30 დღეში იყო გათვალისწინებული, ესეც 1 მარტამდე გადავადდა.

- მართალია, ვადებმა გარკვეულწილად გადაიწია, მაგრამ კერძო სექტორს შენიშვნები ძირითადად შინაარსთან და წინამოსამზადებელ ეტაპთან დაკავშირებით აქვს; ამბობენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებებს მზად ვერ შეხვდნენ, რადგან ფორსირებულად მიმდინარეობს ეს პროცესი. ასევე, ისიც აღსანიშნავია, რომ სათამაშო ბიზნესში მომუშავე კომპანიებს თავის მხრივ, უცხოელი პარტნიორები ჰყავთ, რომელთაც ასევე სჭირდებათ დრო, რომ საინვესტიციო გეგმები ახალი რეგულაციების მიხედვით გადაალაგონ…

ჩემი აზრით, ეს წმინდა ფორმალისტური შეფასებაა და არა - რეალური. ის, რომ მათ დრო არ ჰქონდათ, ეს საკითხისადმი სწორი მიმართება არ არის. ჯერ კიდევ ნოემბერში დაანონსდა ყველა ის პრინციპი, რაც პრემიერმა წარმოადგინა, უბრალოდ, შემდეგ აისახა საკანონმდებლო დონეზე. ფორმალისტური თვალსაზრისით, დაჩქარებული წესით მოხდა განხილვა, მაგრამ რეალურად, ნოემბრიდან იყო ცნობილი ყველა ის მიმართულება, რაზეც გვქონდა საუბარი.

იმაზეც იყო საუბარი და პარლამენტშიც არაერთხელ ყოფილა განხილვა და დაანონსება იმისა, რომ გამკაცრება მოხდებოდა, მათ შორის, რეკლამის განთავსებასთან და ასაკობრივ ზღვართან მიმართებით. 2020 წელს, 2018 წელსაც იყო ამაზე საუბარი, უბრალოდ მთავრობამ განაცხადა, რომ როდესაც კონტროლის სისტემები შეიქმნებოდა და გაიმართებოდა, სხვა შეზღუდვებს აამოქმედებდა. 2020 წლიდან კონტროლის სისტემები შემუშავდა, მისი იმპლემენტაცია მოხდა და 2022 წლის პირველი იანვრიდან, უკვე სრულად ახალი წესით რეგისტრირებული პირები შეძლებენ თამაშში მონაწილეობას. როგორც კი კონტროლის სისტემა დამყარდა, ბუნებრივია, სხვა ცვლილებებმაც არ დააყოვნა და იმ მიმართებით შეიზღუდა, რა მიმართებითაც წინასწარ იყო გაცხადებული.

გარდა ამისა, პრინციპების დონეზე ადრეც არაერთგზის გაჟღერებულა, როგორც ოპოზიციის, ისე “ქართული ოცნების” მხრიდან პარლამენტში. ასაკობრივ ცენზთან დაკავშირებით შეიძლება, 25 წელი, 24, ან 21 ყოფილიყო განხილვის საკითხი, თუმცა ის, რომ ასაკი შეიზღუდებოდა, ეს ნათქვამი იყო. საგადასახადო ცვლილებებთან დაკავშირებითაც ნათქვამი გვქონდა, რომ კონტროლის სისტემების დამყარება გვჭირდებოდა ე.წ. ერთობლივი შემოსავლის დაბეგვრაზე გადასასვლელად, რასაც GGR ჰქვია. ასე რომ მათ მოლოდინი და შეგრძნება, რომ შეზღუდვები მოელოდა ბიზნესს, უნდა ჰქონოდათ, რადგან ჩვენ ეს ვთქვით და განვაცხადეთ და არაერთი შეხვედრა იყო ამასთან დაკავშირებით. ნოემბრიდან დაანონსებული თემა საკმარისია იმისათვის, რომ ბიზნესმა გაიაზროს, რა ელოდება დარგს. გარდა ამისა, მთავარია საზოგადოებრივი გამოწვევა, საზოგადოების დაკვეთა და ბუნებრივია, უპირატესობას ვანიჭებთ მთლიანი საზოგადოების განწყობას საკითხის მიმართ და ამ განწყობის თაობაზეც ინფორმირებული იყო ბიზნესი, ასე რომ აქ პრობლემას ვერ ვხედავთ.

- თუმცა ონლაინ–კაზინოების ბიზნესი საერთაშორისო არბიტრაჟისთვის მიმართვაზე ფიქრობს. როგორც ერთ–ერთი, ნაწილობრივ შვედური კომპანიის ხელმძღვანელმა BMG-სთან განმარტა, დავის დაწყების საფუძველი შესაძლოა, შვედეთსა და საქართველოს შორის ინვესტიციების დაცვის ხელშეკრულება გახდეს. მზად არის ამისთვის ხელისუფლება?

რა თქმა უნდა, ეს (ახალი კანონი) დავისა და განხილვის საგანი არ უნდა გახდეს, მაგრამ ნებისმიერ დავაში, თეორიულად რომ დავუშვათ, თუ წარმოიქმნა, სახელმწიფო გაიმარჯვებს, რადგან აბსოლუტურად მართალია. სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებებს, პარლამენტი – კანონებს, მათ შორის, ცვლილებებს საგადასახადო კოდექსში და შეზღუდვებთან დაკავშირებით. ამ დროს ის თავისუფალია თავის მოქმედებაში. რაიმე დისკრიმინაციული რომ ყოფილიყო, ან რომელიმე კომპანიისთვის რომ ყოფილიყო აკრძალვა, კიდევ შეიძლებოდა რაღაც დაშვება განგვეხორციელებინა, მაგრამ ეს არის ინკლუზიური მიდგომა დარგის მიმართ და აქ სახელმწიფო შეუვალია თავის გადაწყვეტილებებში. სახელმწიფო როგორც გადაწყვეტს, პარლამენტი რა კანონსაც მიიღებს, იმის მიხედვით უნდა იმართებოდეს ქვეყანა.

- თქვენ ბრძანეთ, რომ რამდენიმე წლის წინაც განიხილებოდა შეზღუდვები და ბიზნესი მეტნაკლებად მზად უნდა ყოფილყო, თუმცა კანონპროექტის ამ ვერსიის აქტიური განხილვები კერძო სექტორთან არ ყოფილა. თუ მთავრობას წლის ბოლომდე სურდა რეგულაციების მიღება, რამდენიმე თვით ადრე რატომ არ გაიმართა აზარტული თამაშების კომპანიებთან აქტიური სამუშაო შეხვედრები?

გაზაფხულზე რომ მომხდარიყო, იგივე ტექსტი იქნებოდა ზოგიერთი ბიზნეს წრიდან. ყველა ვადაზე შეიძლება ითქვას, რომ დაგვიანებულია.

კომუნიკაციის პრობლემა არ იყო. არაერთი შეხვედრა გვქონდა ამასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში, მათ შორის შარშან და შარშანწინ და განხილული იყო მოსაზრებების დონეზე, რა შეიძლება მომხდარიყო ჰიპოთეტურად სხვადასხვა მიმართულებით.

ძალიან სწორად და დროულად დაანონსდა ნოემბერში, წლის დასასრულს, როდესაც ეკონომიკური პარამეტრები, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, სამომავლო ზრდის მაჩვენებლები - ყველაფერი მწყობრში იყო, ეკონომიკამ თავი აღიდგინა ძალიან სწრაფად და ნათლად გამოჩნდა, როგორი იქნებოდა 2021 წლის ეკონომიკური ზრდა და როგორი იქნებოდა 2022 წლის ეკონომიკური ზრდა. როდესაც პრემიერმა დაინახა, რომ ეს საკითხი ეკონომიკაში დრამატულ ცვლილებებს არ იწვევდა, პოსტ-პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, არ დააყოვნა, დააანონსა, არაერთი განხილვა და განცხადება იყო და პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მაგრამ ყველა პროცედურის დაცვით მიიღო შესაბამისი ცვლილებები.

- რაც შეეხება სათამაშო ბიზნესის შეზღუდვის გავლენას სხვა სფეროებზე, რატომ არ ახლავს ამ კანონპროექტს რეგულირების გავლენის შეფასება (RIA)? მისი მომზადების ვადებთან დაკავშირებით ხომ არ იყო პრობლემა?

პირველ რიგში, ეს კანონპროექტი RIA-ს არ საჭიროებდა. ამის აუცილებლობა არ იდგა და პარლამენტი სწორად მოიქცა. მეორე - ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მარტივია დასკვის გამოტანა. ეკონომიკის მთლიანი გამოშვების ერთ პროცენტს იკავებს მოცემული სფერო, ვგულისხმობ ონლაინ-თამაშების ბიზნესს, რომლის გადაცემის ეფექტი არის რეკლამასთან მიმართებით, ასევე IT სერვისის მოხმარებასთან დაკავშირებით.

ეკონომიკის მთლიანი გამოშვების ერთი პროცენტი, იგივე მშპ-ის ერთი პროცენტი, თუ დამატებული ღირებულების მიხედვით დავთვლით, არ არის იმხელა ეფექტის მქონე, რომ გადაწონოს ის სიკეთე, რაც ამ ცვლილებებს მოაქვს. შესაბამისად, დამატებით გამოკვლევასაც არ საჭიროებს იმის მტკიცება, რომ სიკეთე, რომელსაც აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები იწვევს, გაცილებით აღემატება იმ შესაძლო დანაკარგებს, რომელიმე დარგმა, ჰიპოთეტურად, მოკლევადიან პერიოდში რომ მიიღოს. ეს ერთი და მეორე - ეკონომიკა არის ზიარჭურჭლის პრინციპით, თუკი ერთ დარგს შემოსავლები მოაკლდება, მაგალითად, სათამაშო ბიზნესს, რომლის გადაცემის ეფექტი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სხვა დარგებისა, სხვა მიმართულებებს გაეზრდება (შემოსავალი), რადგან მოხმარების დონე, სტრუქტურა იცვლება და ნაცვლად სათამაშო ბიზნესისა, ეს ფული მიემართება სხვა პროდუქტიულ დარგებში. ეკონომიკას პირიქით, წაადგება და ეკონომიკის კვლავწარმოების პროცესში იქნება არა დამამუხრუჭებელი, არამედ გამაძლიერებელი.

- გადაცემის ხელშესახები ეფექტი სათამაშო ბიზნესს შეიძლება, ეკონომიკის ყველა დარგზე არ აქვს, მაგრამ სამაგიეროდ, ტელევიზიების შემოსავლების დაახლოებით, 20%–ს სწორედ ამ სექტორის რეკლამიდან მიღებული თანხები წარმოადგენს. შესაბამისად, ტელევიზიებისთვის იმის განმარტება, რომ სათამაშო ბიზნესი ეკონომიკის 1%-ს წარმოადგენს, სავარაუდოდ, მისაღები არ არის იმ ზარალის გამო, რასაც თავად ნახავენ. იგივე შეიძლება ითქვას იმ უარყოფით ეფექტზე, რასაც სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები ელოდებიან, რადგან სწორედ აზარტული თამაშების კომპანიები აფინანსებენ ამა თუ იმ სპორტსმენის საქმიანობას და ზოგადად, დარგს…

ის სიკეთე, რომელსაც აღნიშნული ცვლილებები იწვევს, გაცილებით აღემატება იმ შესაძლო ჰიპოთეტურ დანაკარგებს, რაც შეიძლება მან გამოიწვიოს სხვადასხვა დარგში.

- საზოგადოებრივ სიკეთეებთან დაკავშირებით მთავრობის ხედვა მათთვის, ვინც ზარალდება, როგორც ჩანს საკმარისი არ არის. ამიტომ ითოხვდა ოპოზიციის ნაწილი რეგულირების გავლენის დოკუმენტის მომზადებას…

ძალიან მარტივად დგას საკითხი - ეს რომ იყოს ეკონომიკის 5%, 10% ანუ მნიშვნელოვანი ნაწილი იკარგებოდეს და ზიანი ადგებოდეს, მაშინ კი ბატონო, მსჯელობას დაექვემდებარებოდა, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ (სათამაშო ბიზნესი) 1%-ს ვერ გასცდება - დარგი რომ დაიხუროს, 1%-ს ვერ გასცდება მთელი ეკონომიკის გამოშვებისა. ასე რომ მთლიანი ეკონომიკის გამოშვების 1% და ის სიკეთე, რასაც ჰქვია აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებისაგან მოსახლეობის ხსნა და მათი განკარგვადი შემოსავლების ზრდა, ბუნებრივია, ვერ გახდება საპირწონე. RIA-ს მაქსიმუმი დანაკარგი რა შეიძლებოდა დაედო? - 1%-ზე მეტს ხომ ვერ დადებდა?

- სამაგიეროდ გვაჩვენებდა დეტალურად, რა გავლენა ექნება კანონპროექტს იმ სფეროებზე, რომელთა განვითარებაშიც მონაწილეობს…

გასაგებია, მაგრამ ჩვენი მიდგომა არის ინკლუზიური და მაკრო-მიდგომა. ამ შემთხვევაში დაწვრილმანება კონკრეტულ დარგთან მიმართებით, როცა მასშტაბურ გამოწვევას ეხება საკითხი, ვერ გახდება დამამუხრუჭებელი და გადამაფიქრებელი აღნიშნული ცვლილებების განხორციელებისა. მასშტაბური თვალსაზრისით, მისი ადგილი მცირეა, საკანონმდებლო ცვლილებების თვალსაზირისით ის სიკეთე, გაცილებით აღმატებულია. ეს საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ ცვლილებები გავიდეს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ დარგში გარკვეული, დროებითი შეფერხებები შეიძლება იყოს. ეს დაუძლეველი შეფერხებები არ არის, რადგან ჩვენ გვახსოვს სხვა ცვლილებები, მაგალითად თამბაქოს რეკლამის აკრძლავასთან დაკავშირებით, აგრეთვე, საფინანსო სექტორში ცვლილებები, რამაც გამოიწვია სარეკლამო აქტივობების შემცირება საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან წლების წინ, როცა პასუხისმგებლიან დაკრედიტებაზე გადავიდა ქვეყანა. სწრაფადვე მოხდა ბაზრის აღდგენა და ერთი დარგის მეორე დარგით ჩანაცვლება. ამან შეიძლება იცით რა გამოიწვიოს? - რეკლამის ფასი შეიძლება შემცირდეს, ანუ თუკი სარეკლამო ბაზარს მოაკლდა მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი, ბუნებრივია, შეიძლება სარეკლამო ბაზარმა გადაწყვიტოს ფასის დაკლება და უფრო ხელმისაწვდომი გახდეს რეკლამა სხვა დარგებისთვის. რა თქმა უნდა, პირველივე, მეორე და მესამე თვეს იგივე ძალებით შეიძლება ვერ აღდგეს სარეკლამო ბაზრის შემოსავლები, მაგრამ ეს დროში გამოიწვევს დადებით ეფექტს და სწრაფადვე აღდგება სიტუაცია. გაცილებით დიდი წილი ეჭირა თამბაქოს, იგივე საფინანსო სექტორს მაშინ სარეკლამო ბაზარში, მაგრამ ცვლილებებს არ გამოუწვევია დრამატული პროცესები მედიაში.

- მედიამენეჯერების ნაწილი ხელისუფლებას გთავაზობდათ, რომ დროის გარკვეულ შუალედში მაინც ყოფილიყო ნებადართული სათამაშო ბიზნესის რეკლამის სატელევიზიო ეთერში განთავსება. რატომ მიიღეს უარი ამ და სხვა ინიციატივებზე?

ძალიან კარგად ისაუბრა კანონპროექტის ავტორმა (დეპუტატი დავით სონღულაშვილი) ამ საკითხზე - ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მაქსიმალურად, ერთხელ და სამუდამოდ შევაჩეროთ ამ სფეროს პოპულარიზაცია. ჩვენ თუ სხვა შეზღუდვებს მივიღებთ და რეკლამას დავახანებთ, გულწრფელები არ ვიქნებით და იქნება ფარისევლური მიდგომა. მეორე მხარესაც ხომ უნდა შევხედოთ? - იმ საზოგადოებისთვის, რომელიც ამ ცვლილებებს წლების განმავლობაში ითხოვდა, როგორ უნდა შეგვეხედა თვალებში, როცა რეკლამას დავუშვებდით და მხოლოდ საგადასახადო ცვლილებებს შევიტანდით. ამიტომ მიდგომა ძალიან სწორი იყო. პირველ მარტამდე არის გონივრული ვადა, რომ სარეკლამო ნაწილში გადაწყობა მოასწროს ბიზნესმა და მედიამ. საგადასახადო ცვლილებები პირველი იანვრიდან შევა ძალაში, რაც სწორი და მართებულია. ვადების კუთხით, მაქსიმალური გაკეთდა.