მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფომ დიდი კედელი ააშენა ხალხთან... დადგა დრო რადიკალურ ქმედებებზე გადავიდეთ"

6014f6c8077fa
ელენე გოგბერაშვილი
30.01.21 12:09
929
#სოცაფეთქება - ამ სახელწოდებით დაგეგმილ აქციას დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. კერძო სექტორი ქვეყნის უსაფრთხოდ გახსნას ითხოვს, რადგან ათასობით ადამიანი უსამსახუროდ და ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიდი ალექსანდრე გიორგიძე bm.ge-თან საუბარში ამბობს, რომ ეპიდვითარება, რაზეც ეპიდემიოლოგების გარდა ეკონომიკური პროფილის მინისტრებიც ესაურებიან ბიზნესს, მათ კარგად ესმით, თუმცა მეორე მხარეს დგას ადამიანები, რომელთა ეკონომიური მდგომარეობა სხვა გზას აღარ ტოვებს, რომ უფრო რადიკალურ პროტესტზე გადავიდნენ.

“საერთო ჯამში ნახევარ მილიონ ადამიანზე მეტი არის დაჩენილი უმუშევრად. ციფრი ძალიან კატასტროფულია, ამიტომ თუ არ ავმუშავდით სხვა გამოსავალი აღარ გვრჩება. ვიბრძოლებთ ბოლომდე. ალბათ უკვე დადგა დრო უფრო რადიკალურ ქმედებებზე გადავიდეთ, რადგან სახელმწიფომ დიდი კედელი ააშენა ხალხთან და არავის აღარ უსმენს. ჩაკეტილები არიან და საკუთარ ნაჭუჭში იხარშებიან“-აცხადებს გიორგიძე.

მისი თქმით, სახელმწიფო ბიზნესს არ უსმენს და ის შეხვედრები, რაც გასული კვირის განმავლობაში ეკონომიკურ გუნდსა და კერძო სექტორს შორის მიმდინარეობდა, იყო შეხვედრები შეხვედრებისთვის და ბიზნესს ამით ხელშესახები შედეგი არ მიუღია.

„ერთმანეთზე უარესს და სამარცხვინო განცხადებებს აკეთებენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ეპიდემიოლოგები, ეკონომიკური პროფილის მინისტრები. ხალხო აქ რეალურად სამსახურზეა ლაპარაკი. შეხვდნენ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები, კონკრეტული გეგმაც დაუდეს, მაგრამ იქიდან იყო უფრო არაადექვატური პასუხი. დაუწყეს ახსნა ეპიდსიტუაციაზე. გვესმის ეპიდსიტუაცია, მაგრამ უამრავი ქვეყნის მაგალითია, რომ რეგულაციების დაცვით იხსნებიან და ბევრ ქვეყანაში არც ტრანსპორტი დაკეტილა და არც სკოლები. გადაადგილების უფლების შეზღუდვა ყველაზე დიდი უფლების დარღვევაა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება.

არანაირ გეგმაზე აღარ არის საუბარი, ტურიზმი რომ ავიღოთ ზამთარი ჩავარდა, გაზაფხული ჩავარდნილია და ზაფხულიც ჩავარდება თუ სახელმწიფოს არ ექნა პოსტკოვიდური აღდგენის გეგმა. ამას სახელმწიფო და კერძო სექტორი გააკეთებდა, რომ ჰქონდეთ კომპეტენცია.

ეს არის სამწუხარო, რომ ნებისმიერი შეხვედრა არის შეხვედრისთვის და პიარი, რომ აი ბიზნეს ვხვდებით და ვესაუბრებით. არავის არ ესაუბრებიან. ამას ჯობია არავის არ ესაუბრონ და მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილება“-აცხადებს ალექსანდრე გიორგიძე.