მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფომ მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ ხელს არ შეუშლის საერთაშორისო სანქციების მიზანს და არ გახდება შავი ხვრელი"

623e22a2a1301
ალა ისპირიანი
26.03.22 00:30
1183
„საქართველო არ უნდა გახდეს ბიზნესის შავი ხვრელი“ - ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა განაცხადა. რა გახდა ამის საფუძველი, საკითხზე პარტიის „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა გადაცემაში „ანალიტიკა“ საკუთარი მოსაზრებები წარადგინა.

ლილუაშვილის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს რუსეთზე სანქციების დაწესების გამოცდილება აქვთ და კარგად იციან რისკები, საქართველოს კი მკაფიოდ უნდა ჰქონდეს პოზიცია გაჟღერებული, რომ ხელს არ შეუშლის საერთაშორისო სანქციების მიზანს და არ გახდება შავი ხვრელი.

„პოლონეთის პრემიერ-მინისტრი იყო ჩამოსული, რომელმაც საჯაროდ, სანქციებთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთა, დღეს ვნახეთ საფრანგეთის ელჩის, მანამდე აშშ-ის ელჩის განცხადებები. ასეთი განცხადებების საფუძველი ხელისუფლების მხრიდან სანქციებთან დაკავშირებით კონკრეტული კომენტარებია. მაგალითად, მათგან მოვისმინეთ, რომ საქართველო სანქციებს არ შეუერთდება და არ დააწესებს, მაშინ როდესაც ამის მოლოდინი დღემდე არავის ჰქონდა, მაგრამ ეს რიტორიკა ხელისუფლების მხრიდან პერიოდულად გვესმოდა, რამაც პირველ რიგში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყურადღება მიიპყრო.

ასევე, მაგალითად 2014-2015 წლებში რუსეთზე სანქციების პირველი ეტაპი რომ იყო, მაშინ ბელორუსი, ყაზახეთი და კიდევ სხვები რუსეთისთვის ე.წ შავი ხვრელები გახდნენ და მათ იგივე გამოცდილება აქვთ სხვადასხვა ქვეყნებთან, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეასთან, ამიტომ ძალიან კარგად ესმით ის რისკები, რაც ახლავს ხელისუფლების მიერ ასე მკაფიოდ გამოხატულ პოზიციას, რომ ისინი არ შეუერთდებიან სანქციებს, რათა ამას შესაძლო შედეგები შეიძლება მოჰყვეს და ასევე ესმით, როგორ შეიძლება რუსეთის ფედერაციამ ისარგებლოს ასეთი ტიპის პოლიტიკური პოზიციით.

არავინ ითხოვს საქართველოს მხრიდან, რომ რუსეთის მიმართ სანქციები დააწესოს იმ თვალსაზრისით, რომ რაიმე ზიანს მიაყენებს რუსეთს,მაგრამ სახელმწიფოს მკაფიოდ უნდა ჰქონდეს პოზიცია გაჟღერებული, რომ ხელს არ შეუშლის საერთაშორისო სანქციების მიზანს და არ გახდება შავი ხვრელი“, - აცხადებს ლილუაშვილი.