15.ნოემბერი .2019 21:24

"სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული ტარიფებით ავადმყოფები ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით ვეღარ ისარგებლებენ"

views 2863
უკან

სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული ტარიფებით ავადმყოფები ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით ვეღარ ისარგებლებენ - ეს განცხადება კლინიკა „გულის“ დამფუძენებლმა ანზორ მელიამ BMG-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ გააკეთა.

მელია აცხადებს, რომ ფასების გათანაბრება მისთვის მისაღები იყო, თუმცა, ის ტარიფი რაც განისაზღვრა, კლინიკების ხარჯებსაც ვერ გაწვდება.

„კლინიკები, რომლებიც 2013 წლამდე არის გახსნილი, დაბალი ფასებით მუშაობენ. მაგალითისთვის ჩემი ინტენსიური თერაპიის პალატა 140 ლარი იყო, როდესაც ახალგახსნილ კლინიკიებში იგივე მომსახურება 600-700 ლარს აღწევს. ჩვენ მივესალმებით ამ თანხების გათანაბრებას, იმიტომ რომ არ იქნებოდა ისეთი ბინძური მეთოდებით ავადმყოფების მოძებნა, როგორც ზოგიერთ კლინიკაში იყო, მაგრამ არ მოველოდით ასეთ დაბალ ფასებს. მე გამაოცა კარდიოქირურგიის ფასებმა, 12 500 ლარი იყო და ამაში ასე თუ ისე ვჯდებოდით. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აქედან 8 500-ს სახელმწიფო იხდიდა და დანარჩენს ავადმყოფი, გეტყვით რომ ამ ავადმყოფების უმრავლესობას, 80%-ს ეს თანხა გადახდილი არ აქვთ. აქვთ ხელშეკრულება დადებული, მაგრამ ჩვენ ვერ დავრბივართ სასამართლოებში და ვერ ვუყადაღებთ ქონებას.

ახლა რაც დაგვიწესა მთავრობამ, 4 ათასი ლარი, ეს თანხა მხოლოდ საოპერაციოში იხარჯება, შემდეგ არის პოსტოპერაციული პერიოდი, რომელსაც ძალიან ბევრი რამ სჭირდება,მესამე მეოთხე თაობის ანტიბიოტიკები, სისხლის გადასხმები და ა.შ.

წამყვანი კლინიკები უნდა მიგვიღოს მთავრობის წევრებმა, ვისაც ეს ეხება და ჩვენ დავუმტკიცებთ ამ 6 თვეში რა რეალური ფასი უნდა იყოს ამისი. შეუძლებელია 8500 ლარად მაგალითად სარქველების შეცვლა, თითო 4 ათას ლარამდე ჯდება, ვსაუბრობ ხარისხიან სარქველზე. ჩვენ იძულებულები ვიქნებით ვიყიდოთ დაბალხარისხიანი სარქველები ინდური, ჩინური, რომელიც 4-5 წელში ისევ გამოსაცვლელია , ეს ხომ ავადმყოფის უფლებების დარღვევაა?“- აცხადებს მელია.

რაც შეეხება მინისტრთან კომუნიკაციის საკითხს, ანზორ მელიამ განმარტა, რომ წერილობითი მიმართვის საფუძველი არა მასთან პირადი კონტაქტის პრობლემა, არამედ საკითხში ყველა შესაბამისი პირის ჩართვა იყო.

„მე ჯანდაცვის მინისტრთან მქონდა სხვა თემაზე კომუნიკაცია და შემიძლია ვთქვა, რომ დადებითად გადაგვიწყვიტა ეს საკითხი. ეს იყო უცხოელი ქირურგის მოწვევის თაობაზე ლიცენზიის გაცემა და 2 დღეში მოგვარდა, არც ვიცნობ და არაფერი ცუდის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ახალი მინისტრია და მაგის დონეზე არ გადაწყვეტილა ეს საქმე. ამაში პრემიერი იყო ჩართული და მან მოაწერა ბრძანებას ხელი, შესაძლოა წინა მინისტრმა წარადგინა, ჩვენ ვერ გეტყვით ამაზე დეტალებს.“ - განაცხადა „ანალიტიკას“ ეთერში ანზორ მელიამ.