მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფოს სუბსიდირების პროგრამებიდან გასვლის გეგმაც უნდა ჰქონდეს" - ფერმერი

60ba063e4427e
ვიქტორია მღებრიშვილი
04.06.21 20:45
1304
სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა „შეღავათიანი აგროპროექტის“ ფარგლებში 2013-2021 წლებში სულ 48 000-მდე სესხი გაიცა; ჯამში, პროექტს 27 381 უნიკალური ბენეფიციარი ჰყავს და მათგან 4 735-მა ამ პროგრამით 3-ჯერ ან მეტჯერ ისარგებლა. აღნიშნულ პერიოდში გადასახადის გადამხდელებს „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამის ბენეფიციარებისთვის სესხის ძირითადი თანხის თანადაფინანსება 283 405 264 ლარი და 59 248 527 დოლარი დაუჯდათ.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშის თანახმად, 2013-2019 წლებში დარგში საკრედიტო პორტფელი 1,131%-ით გაიზარდა და კომერციულმა ბანკებმა სულ 3.19 მლრდ ლარის სესხი გასცეს. უწყებაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული სწორედ ამ პროექტის ეფექტია, რადგან სექტორის რისკიანობიდან გამომდინარე, ბანკები სესხის გაცემისას ძალიან ფრთხილები არიან.

გადაცემა „ანალიტიკაში“ სოფლის მეურნეობის დარგის წარმომადგენელმა და „აგროქიზიყის“ დამფუძნებელმა ბექა გონაშვილმა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამა შეაფასა და აღნიშნა, რომ პროგრამამ ბანკების მიერ სოფლის მეურნეობის დარგის მიმართ დაკრედიტების მოცულობა გაზარდა.

„შეღავათიანი აგროპროექტის“ პროგრამის დაწყებამდე სოფლის მეურნეობის მიმართულება დაკრედიტების კუთხით განსაკუთრებით საშიში იყო, რადგან ბანკებს დაკრედიტების გამოყოფა არ უნდოდათ. პროექტმა ამ კუთხით გარდამტეხი სიტყვა თქვა, თუმცა მეორე ეტაპია უკვე დღეს როგორ განვავითარებთ ჩვენს ცოდნას და გამოცდილებას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ წარმატებული და თანამედროვე მიდგომები დაინერგა, მაგალითისთვის აგროკრედიტი წვეთოვან სარწყავ სისტემებს და პილოტებს აფინანსებს, რომელიც მეურნეობებში გაცილებით ნაკლები წყლის ხარჯვის საშუალებას იძლევა“, - აფასებს ბექა გონაშვილი.

სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის დადებითი ეფექტების პარალელურად, ფერმერი მისი განვითარების და მიზნობრიობის განსაზღვრის საჭიროებას ხედავს: „ჩემთვის არ არის მოსაწონი ისეთი მიმართულების გაკეთება და იმ მეურნეობის წარმოება, რომელიც ქვეყანაში ისედაც ბევრია, მაგრამ ჩვენ თუ „იაფი აგროკრედიტის“ პროექტის სფეროებს მეტად განვსაზღვრავთ, მგონია ამის დროც ნელა-ნელა მოვა, ეს მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ პრიორიტეტები, რომელიც ქვეყნისთვისაა საჭირო და სუბსიდირება ამის მიხედვით უნდა განხორციელდეს“.

ბექა გონაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს სუბსიდირების პროგრამის დაწყებამდე, სუბსიდირების მექანიზმიდან გამოსვლის გეგმაც უნდა ჰქონდეს განსაზღვრული.

„სუბსიდირებას როდესაც ვიწყებთ, ყოველთვის უნდა გვქონდეს სუბსიდირებიდან გასვლის გეგმაც. შეიძლება ეს კონკრეტულ ვადებზე არ იყოს გაწერილი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ როგორი სისტემით გამოვდივართ, ან რა ნიშნულს უნდა მივაღწიოთ.

მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანია დანერგე მომავალის კომპონენტი, რომელიც ნერგის შესყიდვისა და სარწყავი სისტემის მოწყობის ნაწილს აფინანსებს. დროთა განმავლობაში ეს უნდა შეიცვალოს. პროგრამა იმისთვის ამოქმედდა, რომ ბანკებს, სხვადასხვა კომპანიებს და ფერმებს მისცემოდათ ბიძგი, მაგრამ ხვალ-ზეგ უნდა ვიცოდეთ, რომ როგორც გამოდის ამ კომპონენტიდან სახელმწიფო და რას ტოვებს. ეს შეიძლება იყოს მეორადი უზრუნველყოფის კომპონენტი, რომელიც რატომღაც არ გამოიყენება და შეიძლება სახელმწიფომ სუბსიდირებიდან გასვლისას ეს კომპონენტი დატოვოს. ასეთი სხვადასხვა მექანიზმებით იაფი აგროკრედიტის პროგრამა ნელ-ნელა უნდა ჩანაცვლდეს. არ ვამბობ, რომ ეს უნდა იყოს წელს ან მომავალ წელს, მაგრამ გეგმა უნდა არსებობდეს როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ჩანაცვლდეს“, - განაცხადა ბექა გონაშვილმა.