მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახლი ბარ-რესტორნად გადავაკეთეთ" - ქუთაისში რესტორანი "სახლში" გაიხსნა

63220ad6d0b75
მარიამ იზორია
21.09.22 18:51
4366
ქუთაისის ისტორიულ უბანში, რუსთაველის ქუჩასა და თეთრ ხიდს შორის, თამაზ ნიკიტინის 7 ნომერში რესტორანი „სახლში“ გაიხსნა. ობიექტის მთავარი კონცეფცია ძველი, იმერული სტილით მასპინძლობაა, რომელსაც ქუთაისელი ცოლ-ქმარი, ანუ ობიექტის დამფუძნებლები საკუთარ თავზე იღებენ.

რესტორანს სხვა მსგავსი ობიექტებისგან „სახლური“ გარემო, გემო და ემოცია გამოარჩევს. მრავალფეროვანია ის მომსახურება, რაც „სახლში“ მისულ ადამიანს ხვდება. რესტორნის სტუმრებს იმერული კერძებისა და 100-ზე მეტი სახეობის ღვინის დაგემოვნების საშუალება აქვთ.

გარდა ამისა, 150 სტუმარზე გათვლილი ობიექტი „სახლში“ ქეითერინგის, გატანის სერვისის და დეგუსტაციის მიმართულებასაც ავითარებს.

რესტორანი „სახლში“ თანადამფუძნებელი გიზო ბანძელაძეა, რომელმაც სარესტორნო ბიზნესში შესვლა პანდემიის პერიოდში ცოლთან ერთად გადაწყვიტა. როგორც ის გადაცემა „საქმიან დილაში“ აღნიშნავს, ქუთაისური სახლი ბარ-რესტორნად გადააკეთეს და ნებისმიერ ადამიანს, ვისაც „სახლში“ შესვლის სურვილი აქვს განსაკუთრებულად მასპინძლობენ.

„მას შემდეგ, რაც მე და ჩემი მეუღლე დავქორწინდით, პატარა კაფეს გაკეთების სურვილი გვქონდა. ამის შემდეგ რესტორნის იდეამდეც მივედით. ეს ყველაფერი პანდემიის პერიოდს დაემთხვა, თუმცა, რადგან ამ ბიზნესში შესვლა გადავწყვიტეთ აღარ გავჩერდით.

სტუმართმოყვარე ხალხი ვართ, ადამიანების მასპინძლობა გვსიამოვნებს და ვიფიქრეთ, რატომ არ შეიძლებოდა ეს ყველაფერი ბიზნესთან დაგვეკავშირებინა. ქუთაისური სახლი ბარ-რესტორნად გადავაკეთეთ და 2021 წელს რესტორანი „სახლში“ გავხსენით. რესტორნის კონცეფცია ასეთია - ეს არის ადგილი, სადაც ადამიანებს თავად ვმასპინძლობთ. ობიექტს სამასპინძლოს ვეძახით, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა იმ ადამიანს ვმასპინძლობთ, ვისაც ჩვენს ოჯახში სტუმრობის სურვილი აქვს“ - ამბობს გიზო ბანძელაძე.

იმერული რესტორნის დამფუძნებელი ინვესტიციაზეც საუბრობს და როგორც თავად ყვება, მატერიალურ ინვესტიციაზე მეტი პიროვნული რესურსი ჩაიდო, რადგან ადგილზე ყველაფერი თავად გააკეთეს.

„მთავარი ინვესტიცია პიროვნული რესურსი იყო. ყველაფერი ჩვენივე ხელებით გავაკეთეთ. რაც შეეხება გეგმებს, რესტორანს ამ კონცეფციით, რა კონცეფციაც ჩვენ გვაქვს, სხვა ფილიალი არ ექნება, თუმცა მომავალი წლიდან სასტუმროს მიმართულების განვითარებასა ვაპირებთ“ - ყვება ის.