მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საყოველთაო ვაქცინაციის პირობებში მსგავსი შეცდომები დაუშვებელია“ - გაბუნია ვაქცინების დეფიციტზე

60d1a4a8411a4
ვიქტორია მღებრიშვილი
22.06.21 13:00
744
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროსთვის „ასტრაზენეკას“ დოზების დეფიციტის შესახებ უწყებამ მხოლოდ გუშინ გაიგო, რაც მათთვის „სამწუხარო და შემაშფოთებელია“. საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ საკითხის მოკვლევა უკვე დაწყებულია და შესწავლის შემდეგ რეაგირება მოჰყვება.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ვაქცინის კლინიკებამდე მისვლის ლოგისტიკური ჯაჭვის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ მსგავსი შეცდომების დაშვება საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში დაუშვებელია.

„ლოგისტიკის ნაწილში ჩართულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, მიმღები კლინიკა, რომელიც აწარმოებს ვაქცინაციის პროცესს და ის ითხოვს ვაქცინების იმ რაოდენობას, რომელიც სჭირდება რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის და ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები. ჯანდაცვის სამინისტრომ ამ შემთხვევის საფუძვლიანი შესწავლა დაიწყო - რა ეტაპზე ჰქონდა შეცდომას თუ ხარვეზს ადგილი, რადგან ისეთი მასშტაბური ვაქცინაციის პირობებში, რასაც ჩვენს 1 ივლისიდან ვიწყებთ, მსგავსი ლოგისტიკური შეცდომების განმეორება დაუშვებელია. ამდენად ამ საკითხს სამინისტრო ძალიან სერიოზულად შეისწავლის და შესაფერისი რეაგირებაც ადმინისტრაციულ დონეზე ექნება.

პირველ რიგში უნდა გამოიკვეთოს რა ეტაპზე აღმოცენდა ლოგისტიკური ხარვეზი და რა სახის პასუხისმგებლობას უკავშირდება ის. NCDC ვაქცინების ცენტრალური საწყობია, საიდანაც ვაქცინები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში ნაწილდება და კლინიკები იქიდან იღებენ ვაქცინებს. აღრიცხვის პრობლემა ჩვენთვის ორშაბათ დილას გახდა ცნობილი, მაშინ როდესაც მოქალაქე მივიდა ასაცრელად და ვაქცინა არ დახვდა, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვიკვლევთ და ვნახავთ სად იყო კომუნიკაციის პრობლემა“, - განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რევაქცინაციის პროცესში მოქალაქეებს პრობლემები არ შეექმნებათ და თითოეულ პირთან უწყების ოპერატორები ინდივიდუალურად იმუშავებენ.