16.მაისი .2020 15:20

"საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლის გამარტივება გვჭირდება" - ტუროპერატორი

views 711
უკან

"გვჭირდება საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლის გამარტივება“ - „ჩექ ინ თრეველის“ დამფუძნებელი ია გედევანიშვილი პანდემიამდე არსებული პრობლემების გამოსწორების მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ იმისთვის რომ ტუროპერატორებმა შეძლონ უცხო ქვეყნებში სრულფასოვანი ოპერირება, მნიშვნელოვანია იგივე ხარვეზები და პრობლემები არ იყოს, რაც პანდემიამდე.

ის თვლის, რომ ქვეყანა და კერძო სექტორიც აღმოსავლეთის ქვეყნების მიამრთულებით უნდა გააქტიურდეს, რადგან ეს შედარებით უსაფრთხო მიმართულებებია.

„ჩვენ დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები დასავლეთის და აღმოსავლეთის ქვეყნებთან, თუმცა ჯერ არ ვიცით, რომელი მიმართულება გამოთქვამს სურვილს, რომ გახსნას მიმართულებები.

ვფიქრობ, აქტივობა უნდა განვაახლოთ ინდოეთის და ტაილანდის ბაზრებზე, რადგან ეს უფრო უსაფრთხო ქვეყნებია. აქ მოსახლეობა დიდია და ისინი საქართველოთი დაინტერესებულნი არიან“, - ამბობს ია გედევანიშვილი.

ამასთან, ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ საზღვრის კვეთისას შექმნილი პრობლემები, სახელმწიფომ უნდა აღკვეთოს.

„როდესაც შემოდის ტურისტი, მე შემიძლია სახელმწიფოს გადასახადები გადავუხადო, მაგრამ ეს ტურისტი ჯერ უნდა მოვიზიდოთ, რომ შემოვიდეს. ამიტომ ყველაზე მეტად რაც ჩვენ გვჭირდება ახლა, არის საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლის გამარტივება. მაგალითისთვის, მე ვმუშაობდი ინდოეთის ბაზარზე, ათვისებული გვქონდა, მაგრამ  ტურისტების ვერ შემოვიყვანე, რადგან საზღვარზე კვეთის დროს არ უშვებენ ინდოელ სტუმრებს და ჩვენგან გარანტიებს ითხოვენ. ეს უნდა გამარტივდეს“, - ამბობს „ჩექ ინ თრეველის“ დამფუძნებელი.