მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საზოგადოებას ვპირდებით, რომ ჩვენი ყველა მერობის კანდიდატი 30 ოქტომბერს, მეორე ტურში გაიმარჯვებს"

615961caef13f
თამთა ჯიჯავაძე
03.10.21 11:53
1707
საზოგადოებას ვპირდებით, რომ ჩვენი ყველა მერობის კანდიდატი გაიმარჯვებს 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურში, -ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“როგორც უკვე მოგეხსენებათ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა არჩევნების შედეგები, რომლის თანახმად „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ქვეყნის მასშტაბით. შეგახსენებთ, 2 775 საარჩევნო უბნის მონაცემებს:
- ქართული ოცნება - 47,83%
- ნაციონალური მოძრაობა - 30,69%
- საქართველოსთვის - 7,48%
- ლელო - 2,62%
- ევროპული საქართველო - 1,75%
- პატრიოტთა ალიანსი - 1,43%
- მესამე ძალა - 1,31%
- გირჩი - მეტი თავისუფლება - 1,22%
ყველა სხვა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 1 პროცენტზე ნაკლები მიიღო.
გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო უბნების სამი მეოთხედი უკვე დათვლილია, ბუნებრივია, ეს მონაცემები არსებითად აღარ შეიცვლება.
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა არჩევნები პირველივე ტურში მოიგეს 64-დან 44 საარჩევნო ოლქში. მეორე ტური ჩატარდება მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტში.
ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რომ მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდა თბილისშიც. თუმცა, ბუნებრივია, ეჭვი არავის გვეპარება, რომ კახა კალაძე საბოლოოდ მოიგებს ამ არჩევნებს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კახა კალაძეს ეყოლება მყარი უმრავლესობა თბილისის საკრებულოში მომდევნო 4 წლის განმავლობაშიც. კერძოდ, ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოში სულ მცირე 29 წევრით იქნება წარმოდგენილი. როგორც მოგეხსენებათ, 26 წევრი სჭირდება უმრავლესობას თბილისის საკრებულოში.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ „ქართული ოცნების“ გუშინდელი დამაჯერებელი გამარჯვება იყო საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების გამარჯვება.
ქართულმა საზოგადოებამ რევანშს მოწყურებულ, სიცრუესა და სიძულვილზე აგებულ რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს გასცა საკადრისი პასუხი.
საზოგადოებას ვპირდებით, რომ ჩვენი ყველა მერობის კანდიდატი გაიმარჯვებს 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურში”, - განაცხადა კობახიძემ.