16.სექტემბერი .2020 11:10

"სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება სწორი იყო" - მერსედეს ვერა-მარტინი

views 319
უკან

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა-მარტინის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ პანდემიის ფონზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება სწორი გადაწყვეტილება იყო. 

"ეკონომიკური შოკის დასაწყისშივე, სებ-მა შეამსუბუქა კაპიტალის და საზედამხედველო მოთხოვნები, ბაზარს მიაწოდა ლარისა და უცხოური ვალუტის ლიკვიდურობა და წინასწარ სთხოვა ბანკებს დამატებითი ბუფერების შექმნა. ეკონომიკური აქტივობის შესუსტების და ინფლაციური დაწოლის კლების პარალელურად, სებ-მა მართებულად შეამცირა პოლიტიკის განაკვეთი. მოქნილი გაცვლითი კურსის პოლიტიკის შენარჩუნება კვლავ უმნიშვნელოვანესია შოკთან გასამკლავებლად", - აცხადებს ვერა-მარტინი. 

ეროვნულმა ბანკმა გასული თვეების განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით შეამცირა, ამ დროისთვის განაკვეთი 8%-ზეა. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან ვირტუალური შეხვედრები 8-14 სექტემბრის პერიოდში გამართა. მერსედეს ვერა-მარტინის განცხადებით, განახლდა საქართველოს ეკონომიკის შეფასება, რომლის თანახმადაც, წელს ქვეყანაში 5%-იანი რეცესიაა მოსალოდნელი. 

ფონდის წინა პროგნოზით, რომელიც აპრილში მომზადდა, საქართველოში ვარდნა მინუს 4%-ზე იყო ნავარაუდევი; სწორედ 4%-იანი ეკონომიკური ვარდნა განისაზღვრა განახლებული ბიუჯეტითაც. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 7 თვეში ჯამურად, ზრდა -5.8% იყო. 

"მოსალოდნელია, რომ წელს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, რაც არის ჩვენ მიერ მისიის მიმდინარეობის მეექვსე მიმიხილვის დროს გაკეთებული პროგნოზი. განახლებული შეფასება ასახავს ეკონომიკური აქტივობის უფრო მძიმე შენელებას, რომელსაც ადგილი 2020 წლის მეორე კვარტალში ჰქონდა. პანდემიის თანმდევი გაურკვევლობის ფონზე, ეკონომიკაზე მოქმედი დაღმავალი ფაქტორები დომინირებენ. ამ რისკების რეალიზების ალბათობა, მათ შორის საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში უფრო მკვეთრად გამოხატული შენელება და ტურიზმის აღდგენის დაბალი ტემპი სავარაუდოდ საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური პოლიტიკის გატარებას და მცურავი გაცვლითი კურსის მოქნილობის შენარჩუნებას", - ამბობს მისიის ხელმძღვანელი. 

ამასთან, მერსედეს-ვერა მარტინი აცხადებს, რომ ივნისიდან ქვეყანაში ვითარების შედარებითი გაუმჯობესება დაიწყო, რაზეც კერძო სექტორის დაკრედიტების მაღალი ტემპიც მეტყველებს. 

დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა არის დაგეგმილი, როგორ შეცვლის სებ-ი რეფინანსირების განაკვეთს 12:00-ზე გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა