მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სებ-ის მიერ უცხოურ ოპერატორებზე თანხის გადარიცხვის შეზღუდვა თამაშების გადინებას ვერ შეაჩერებს"

61b37090181ee
შოთა ტყეშელაშვილი
10.12.21 20:13
1028
საქართველოს მთავრობა ქვეყანაში აზარტული თამაშების მინიმალურ ასაკობრივ ცენზს 25 წლამდე ზრდის, ასევე საჯარო მოხელეებს და სოცდაუცველ პირებს თამაშის უფლებას უკრძალავს. ჯამში ეს შეზღუდვა 1 მილიონამდე მოქალაქეზე ვრცელდება. პარალელურად, ონლაინ-თამაშების ოპერატორებისთვის სრულად იცვლება საგადასახადო ბაზა და ის არსებულთან შედარებით 65%-70%-ით ფართოვდება. თუმცა, აკრძალვიდან გამომდინარე, მომხმარებელთა რაოდენობის კლების გამო, მთავრობას აქვს მოლოდინი, რომ სექტორიდან მიღებული გადასახადები დაახლოებით უცვლელ დონეზე (300-400 მლნ ლარზე) შენარჩუნდება. მთავრობის მიერ დაანონსებული კიდევ ერთი რეგულაცია აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვას უკავშირდება.

ფინანსთა სამინისტროს აქვს გეგმა, რომ უცხოურ საიტებზე თამაშების გადანაცვლების პრევენციის მიზნით, საქართველოს კომერციულ ბანკებს და გადარიცხვების ოპერატორებს აუკრძალოს თანხების იმ ანგარიშებზე გადარიცხვა, რომლებიც აზარტული თამაშების უცხოურ სისტემებთან არიან აფილირებული.

თუმცა აზარტული თამაშების ოპერატორები მიიჩნევენ, რომ ეს რეგულაცია მომხმარებლის უცხოურ სისტემებზე გადინებას ვერ შეაჩერებს, რადგანაც საბანკო გადარიცხვების გარდა, არსებობს თამაშების ისეთი სისტემებიც, სადაც თანხის გადახდა კრიტპოვალუტებით ხდება, მისი რეგულირება კი თეორიულადაც შეუძლებელია.

გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში “ევროპაბეთის” ფინანსურმა დირექტორმა გიგული ნიჟარაძემ განაცხადა, რომ ისინი მთავრობას სწორედ ამ მესიჯს გადასცემენ.

“ჩვენ საგანგაშო მესიჯს გადავცემთ მთავრობას, რომ სამპუნქტიანი რეგულაციებიდან, ასაკობრივ შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომ 18-დან 25 წლამდე იზრდება თამაშის ასაკი.

25 წლამდე გაზრდა გამოიწვევს შედეგს, რომ ადამიანები პირდაპირ წავლენ იმ საიტებზე, რომლებიც საქართველოში გადასახადებს არ იხდიან, რომლებიც სხვა ეკონომიკაში ატრიალებენ ამ ფულს. საქართველოში 25 წლამდე ასაკის ცვლილება მომხმარებლის, დაახლოებით, 15%-ს იძულებულს გახდის, რომ გავიდნენ ქვეყნიდან და ითამაშონ ისეთ საიტებზე, როგორიცაა მაგალითად, 1XBet, რომელსაც საიტები ნათარგმნი აქვს ქართულ ენაზე. ერთადერთი ბერკეტი, რასაც იშველიებს მთავრობა არის ეროვნული ბანკი, რომ დაავალდებულოს ბანკები, მაგრამ აქ პრობლემაა, რომ MCC კოდი, რომელიც საერთაშორისო კოდია, შეგიძლია ჩაკეტო გემბლინგისთვის, არსებობს ელექტრონული საფულეები და არსებობს კრიპტოც, რომელიც ეროვნული ბანკის და კომერციული ბანკების მიღმაა. შესაბამისად შეუძლებელია, რომ ქვეყნიდან ფულის გადინება ავღკვეთოთ.

მითუმეტეს არალეგალურ პირატულ საიტებს ძალიან მარტივად აქვთ ფულის გადახდის მეთოდები, პირდაპირ სთავაზობს ერთი ღილაკის დაჭერით ოპერაციებს,” - ამბობს გიგული ნიჟარაძე.

აზარტული თამაშების რეგულირების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში ამ კვირაში უნდა შესულიყო, თუმცა ჯერჯერობით მისი ინიცირება არ მომხდარა.