16.ოქტომბერი.2018 18:00
ეკონომიკა

"სებ-ის რეგულაციებმა, შესაძლოა, ეკონომიკური ზრდა 3%-ზე მეტად შეანელოს"

"სებ-ის რეგულაციებმა, შესაძლოა, ეკონომიკური ზრდა 3%-ზე მეტად შეანელოს"
PMCG კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ლექსო ალექსიშვილი ფიქრობს, რომ საფინანსო სექტორის რეგულაციები, რომლებიც სესხის გაცემაზე შეზღუდვებს აწესებს, ეკონომიკურ ზრდას შეაფერხებს და ეს შეიძლება იმაზე მეტად აისახოს ეკონომიკაზე, ვიდრე „საბანკო ასოციაცია“ პროგნოზირებს.

„ვიზიარებ საბანკო ასოციაციის მოსაზრებას, რომ ეს შეამცირებს ეკონომიკურ ზრდას. ნებისმიერი ასეთი რეგულაცია უნდა იყოს ძალიან კარგად გააზრებული. მასზე უნდა იყოს სარეგულაციო შეფასება - რა შედეგი შეიძლება ამან მოგვიტანოს სხვადასხვა კომპონენტში. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მივიღოთ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები.

ძალიან რთულია გაიზომოს, როგორი იქნება უარყოფითი გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე - 2% თუ 3%. იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია, როგორ მოახდენს რეაგირებას ამაზე ბიზნესი. მე ვფიქრობ, შეიძლება ეს მეტიც იყოს იმის მიხედვით, თუ რამდენად უცებ მიიღებს და აითვისებს ამას ბიზნესი“,- აცხადებს ალექსიშვილი.

მისივე თქმით, საბანკო რეგულაციების დიდი ნაწილი შეამცირებს ხელმისაწვდომობას ფინანსებზე და შეამცირებს საერთო ჯამში მოხმარებას, რაც იმოქმედებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე.

„უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, ვის დააწვება ყველაზე მეტად ეს საკითხი? როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობაზე, ეს დიდ ბიზნესებს გაცილებით ნაკლებად ადარდებთ, ვიდრე მცირე ბიზნესებს. (რეგულაციები) გაართულებს ცხოვრებას მცირე და საშუალო ზომის ბიზნესისთვის, რომლებსაც აქვთ ახალი იდეები, სჭირდებათ ფული და ამ ფულისთვის სჭირდებათ თავდებობა. მათ უნდათ მოქნილობა, როდესაც ასეთი შესაძლებლობა იზღუდება, იზღუდება მათი ინიციატივებიც“,- აცხადებს ალექსიშვილი.

PMCG კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ჭარბვალიანობის პრობლემის გადაჭრა ახალი რეგულაციებით არასწორია.

„შეიძლება არსებობდეს პრობლემა და ეს გამოწვეული იყოს უცოდინარობით სხვადასხვა ადამიანების მხრიდან, ეს არ ნიშნავს, რომ თუ ჩვენ დავაწესებთ რეგულაციებს და ეს მოგვიგვარებს პრობლემას. ამ რეგულაციას შეიძლება ჰქონდეს ძალიან ცუდი უკუეფექტი, რომელმაც შეიძლება შეაჩეროს სხვების განვითარება. ამიტომ ასე ხისტად ამ საკითხების გადაწყვეტა, არცერთ შემთხვევაში არ იქნება პრობლემის გადაწყვეტა“,- ამბობს ალექსიშვილი.

ახალი რეგულაციების მიხედვით, ბანკების შემდეგ აღარც მიკროსაფინანსოებს აღარ შეეძლებათ სესხის გაცემა შემოსავლის დადასტურების გარეშე. ასევე დგინდება თანხა, რომელიც შესაძლოა იყოს მიმართული სესხის მომსახურებაზე და ის დამოკიდებულია პირის შემოსავალზე. საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ რეგულაციების ამ სახით შემოღების შემთხვევაში ეკონომიკური ზრდა წლიურად 3%-ით შენელდება.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი

24.აპრილი.2019 10:00
13

რევაზ არველაძე: ალბათ, საქართველოში ატომური ელექტროსადგური დაგვჭირდება

ვრცლად
24.აპრილი.2019 10:00
8

სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს

ვრცლად
24.აპრილი.2019 09:52
35

ნათია თურნავა: საქართველოში ყაზახური ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზრდება

ვრცლად
24.აპრილი.2019 09:20
47

„VTB ბანკის“ წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

ვრცლად
24.აპრილი.2019 09:00
75

იდეა იმ რეგიონების დასახმარებლად, სადაც ჰესები შენდება - რას ფიქრობენ დეპუტატები

ვრცლად
24.აპრილი.2019 00:30
98

Tesla 2020 წლისთვის თვითმართვად ტაქსებს გამოუშვებს

ვრცლად