მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სემეკის კანონპროექტი ვერცერთ მოთხოვნას ვერ პასუხობს" - მურმან მარგველაშვილი

5f0c7a1e169d0
ელენე გოგბერაშვილი
13.07.20 23:00
1303
სემეკს, ახალი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ენერგოკომპანიებში 5%-ზე მეტი წილის გასხვისების პროცესის დაბლოკვის უფლება მიეცემა - ამას სემეკისა და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ „ენერკეტიკის და წყალმომარაგების“ შესახებ კანონში ცვლილება ითვალისწინებს. 

სპეციალისტების შეფასებით, კანონპროექტის მიღების საჭიროებების შესახებ გამოთქმული არგუმენტები ვერ ამართლებს იმ შეუსაბამობებს, რაც კანონპროექტშია ჩადებული. ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი ამბობს, რომ გაუგებარია რატომ ჩაწერეს პროექტში კომპანიის წილის ან აქციის 5%-ზე მეტის უნებართვოდ გასხვისება.

მისი შეფასებით, უფრო გასაგები იქნებოდა თუ საუბარი შეეხებოდა საკონტროლო პაკეტის უნებართვოდ გასხვისების უფლებას. მისივე თქმით, დოკუმენტში ძალიან ბევრი შეუსაბამობაა, შესაბამისად ის მიმართავს პარლამენტს და მთავრობას ყურადღება მიაქციოს წარდგენილ ცვლილებებს და დოკუმენტი ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს შეუთანხმოს, რომელსაც საქართველო რამდენიმე წლის წინ შეუერთდა.

"ჩვენ დიდი ხანია ვცდილობთ და ევროპული კანონმდებლობის შემოტანის პროპაგანდას ვეწევით, რომელიც არის ერთიანი, მწყობრი სისტემა, რომელიც არის დამყარებული საბაზრო პრინციპებზე და ევროკავშირის კანონმდებლობის პრინციპებზე. მისი ასე დაჩქარება ცუდ ასოციაციებს იწვევს. გვახსენებს ძველი კანონმდებლობის ცვლილებებს, რომელიც ხდებოდა წელიწადში რამდენჯერმე და იყო მორგებული კონკრეტულ კერძო ინტერესებზე. ეს არის, რაც მაქსიმალურად უნდა ავიცილოთ თავიდან და ევროპული კანონმდებლობა არამხოლოდ მივიღოთ, არამედ უნდა შევინარჩუნოთ და განვახორციელოთ. მისი ასე ხელაღებით ცვლილება საშიში პრეცედენტია იმიტომ, რომ შეიძლება ამან შეატრიალოს მთელი ის მცდელობები, რაც ენერგეტიკული რეფორმისთვის აქამდე არის გაწეული. ამიტომ მე ვთხოვდი როგორც პარლამენტს, ისე მთავრობას ყურადღებით და ფრთხილად მოეპყრონ ასეთ ცვლილებებს. ჩემი ერთი გადახედვით ის არგუმენტაცია, რაც არის მოყვანილი, ვერ ამართლებს იმ შეუსაბამობებს, პრინციპულ გაუმართაობას, რაც კანონის პროექტშია შემოტანილი.

ჩვენ რეალურად გვიდგას რამდენიმე პრობლემა, ერთი ეს არის სტრატეგიული აქტივების დაცვა უცხო ქვეყნის სახელმწიფო კომპანიებთან და მასთან აფილირებულ კომპანიებთან და მეორე ეს არის შიდა კორუფციული სქემები, არაკვალიფიციური ინვესტორები, რომელთაც შეიძლება მოინდომონ ენერგეტიკული აქტივების ფულის მანქანებად გადაქცევა; ამისგანაც დაცვა გვჭირდება, თუმცა სამწუხაროდ ვერ პასუხობს ეს კანონპროექტი ვერცერთ ამ მთხოვნას, თანაც რთულად იკითხება კავშირი მომსახურების ხარისხთან და განსაკუთრებით ტარიფებთან. სემეკმა მომსახურების ხარისხი და ტარიფები უნდა დაიცვას მიუხედავად იმისა, ვინ არის იქ მფლობელი. სწორედ ამიტომ არის ის დამოუკიდებელი და აქვს უფლებამოსილებები მინიჭებული“, -აცხადებს ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი.

უმრავლესობის დეპუტატების ინფორმაციით, დოკუმენტის საკომიტეტო განხილვები სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში ჩაინიშნება. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის სექტორის ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიც "თელასი" და "ენერგო პრო ჯორჯია" არიან, წარდგენილ ცვლილებებზე ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებენ.