მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სესხების 6-თვიანი რესტრუქტურიზაციის შემდეგ, ბანკებმა ბიზნესის რეკეტი დაიწყეს" - კოტე გაბრიჩიძე

5fc672dab138f
სალომე მეცხვარიშვილი
03.12.20 10:15
1600
“რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელის კოტე გაბრიჩიძის განცხადებით, მიმდინარე წელს, საბანკო სექტორმა ბიზნესს სესხების 6-თვიანი რესტრუქტურიზაცია შესთავაზა, თუმცა ამ პერიოდის გასვლის შემდეგ არ გაითვალისწინა სარესტორნო ბიზნესის შემცირებული შემოსავლები და “ბიზნესის რეკეტი დაიწყო”.

“ლოქდაუნის მოხსნის შემდეგ ხალხი მაინც დაფრთხა, მოერიდა რესტორანში სიარულს, თან ჩვენს ბიზნესს დაუწესდა შეზღუდვები 2 მეტრიან დისტანციასთან დაკავშირებით, რაც საგრძნობლად დაეტყო ჩვენს ბრუნვას. მიუხედავად ამისა, ბანკებისგან ხელის ამოტრიალების მცდელობები იყო, ბანკებმა ჩათვალეს, რომ (ლოქდაუნის მოხსნის შემდეგ) ყველაფერი მორჩა, კორონა დასრულდა და მიუხედავად განახევრებული ბრუნვისა, ითხოვნდნენ კრედიტებს.

6-თვიანი რესტრუქტურიზაციის შემდეგ ბანკებმა დაიწყეს ჩვეულებრივი რეკეტი, მათ შორის ბინების გაყიდვები და ქონების ჩამორთმევები, მხოლოდ ჩემზე არ მაქვს საუბარი, მთლიანად ჩვენს ასოციაციას ვგულისხმობ - არაერთმა დაკარგა ბინა, თუ ქონება და ა.შ.”, - აცხადებს კოტე გაბრიჩიძე.

მისივე თქმით, ასეთი დამოკიდებულება ბანკებს იმის მიუხედავად ჰქონდათ, რომ 6-თვიანი რესტრუქტურიზაციის შედეგად სესხების მოცულობა არ შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა.

“სესხების 6-თვიან გადავადებაში ნაჩუქარი არაფერი ყოფილა, პირადად ჩვენი 28-ათასიანი სესხი გახდა 32 ათასი”, - აცხადებს კოტე გაბრიჩიძე.

ის ასევე ეხმიანება მთავრობის მიერ სარესტორნე ბიზნესისთვის შეთავაზებულ სესხის სუბსიდირების პროგრამას და ამბობს, რომ ეს დახმარება ზოგიერთ რესტორანს გადარჩენის შესაძლებლობას მისცემს, ზოგიერთისთვის კი დაგვიანებულიც არის.

“2 თვეა მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად ვმუშაობთ პროექტზე, რომელსაც საბანკო ვალდებულებების სუბსიდია ჰქვია. 6 თვის განმავლობაში მთავრობა სარესტორნო ბიზნესს დაუსუბსიდირებს როგორც სესხის ძირს, ასევე - პროცენტს. იმედი გვაქვს, 6 თვის შემდეგ ეპიდემია მეტ-ნაკლებად დასრულებული იქნება. მართალია, ვიღაცას ამ პროექტმა ვეღარ მოუსწრო, რადგან გაკოტრდა, ვიღაცისთვის კი, ეს შვება იქნება”, - აცხადებს კოტე გაბრიჩიძე.