მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ ბიზნესმა ელ.ენერგიის სუბსიდირებისთვის რეგისტრაცია დააგვიანა, ამაზე მსჯელობა შეიძლება"

601bee5c53c6b
ინგა მურუსიძე
04.02.21 13:43
831
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ თუკი ბიზნესმა ელექტროენერგიის სუბსიდირებისთვის რეგისტრაცია დააგვიანა, ამაზე მსჯელობა შეიძლება. ამის შესახებ მან დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

საქმე იმაშია, რომ 2021 წლიდან ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა, მთავრობამ კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ მეწარმეების ნაწილს გაზრდილი ტარიფის 50% დაუსუბსიდიროს. შეღავათები საკვები პროდუქტების ადგილობრივ მწარმოებლებს ეხებათ. დაპირებული სუბსიდიით სარგებლობისთვის კომპანიებს რეგისტრაცია სპეციალურ ვებგვერდზე 27 იანვრამდე უნდა გაევლოთ, მაგრამ უმრავლესობამ ამის შესახებ გვიან ან საერთოდ ვერ შეიტყო.

ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდიის მიღმა დარჩნენ საკმაოდ მსხვილი პურის მწარმოებლებიც - "იფქლი დიღომი" და აჭარაში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პურის საწარმო “ნაღდი პური”, რომელიც 5 ტონა პროდუქტს აწარმოებს და სრულად აჭარას ამარაგებს. კომპანიები აცხადებენ, რომ თუ სუბსიდირება არ შეეხებათ, პური გაძვირდება.

„ჩვენ მივიღეთ ძალიან რთული, უპრეცედენტო გადაწყვეტილება და ეს პანდემიის გამოა მიღებული. ელექტროენერგიის საფასურის ფასნამატის 50%-ს ვასუბსიდირებთ კვების ინდუსტრიაში. არსებობს ელექტრონული პლატფორმა, რომელიც ფუნქციონირებს. ჩვენამდე არ მოსულა ინფორმაცია, რომ ბიზნესების დიდი ჯგუფი ინფორმირების გარეშე დარჩა, ან დაუგვიანდათ დარეგისტრირება, შემდეგ ვისმჯელებთ ამაზე. შეიძლება ვიღაცისთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი დანახარჯი და ვიღაცამ დიდად ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, ვითნამშრომლოთ ამ ბიზნესებთან“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, საინფორმაციო თვალსაზრისით პრობლემები არ არის და თუ მთავრობა რამეს აკლებს, მედია ამაზე ზრუნავს.

„ჩვენ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გვაქვს აქტიური თანამშრომლობა ბიზნესებთან. სხვა თუ არაფერი, ჩვენ რასაც ვაკლებთ, თქვენ, ჟურნალისტები დეტალურად აშუქებთ ყველაფერს. თუ მაინც დავაკელით რაღაცა, შესაძლებლობა ყოველთვის არის, რომ ამაზე ვისმჯელოთ“, - განაცხადა თურნავამ.