მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სეზონი ჩავარდა... მოვითხოვთ სუბსიდირებას" - ზამთრის კურორტების საინიციატივო ჯგუფი

601d22cf6b0f2
ინგა მურუსიძე
05.02.21 18:40
1006
ზამთრის კურორტების გახსნასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „დაიცავით მთის კურორტების" დამფუძნებელი გიორგი სალუქვაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კურორტების გახსნაზე მუშაობა შეწყდა, რადგან აზრი აღარ აქვს. როგორც სალუქვაძემ BM.GE-ისთან საუბარში თქვა, ზამთრის კურორტების გახსნის საკითხი 1 თებერვლამდე უნდა გადაწყვეტილიყო, რადგან კურორტის მომზადებას 1 კვირა მაინც სჭირდება, ამასობაში კი, სეზონიც მთავრდება.

„ამ თემაზე საუბარი დავასრულეთ, რადგან ხვალვე რომ თქვან - გაიხსნებაო, კურორტის მომზადებას 1 კვირა სჭირდება და აზრი აღარ აქვს; ადგილზე ყველაფერი ნადგურდება. ახლა უკვე იმაზე დავიწყეთ ფიქრი, რომ მოვითხოვოთ სუბსიდირება, რაიმე ფორმით. სეზონი ჩავარდნილი რომ არის, ეს 1 თებერვალსაც ცნობილი იყო, უბრალოდ საუბარი მიდიოდა იმაზე, რომ კომუნალური გადასახადებისთვის საჭირო ფული მაინც ამოგვეღო“, - ამბობს სალუქვაძე.

ამასთან, ის მადლობას უხდის მთის კურორტების განვითარების კომპანიის მენეჯმენტს, რომელიც სფეროს წარმომადგენლების და მთავრობის წევრების შეხვედრებზე ამბობდა, რომ თუკი 1 თებერვალს ზამთის კურორტები გაიხსნებოდა, დღედაღამე იმუშავებდნენ, რათა სასრიალო ტრასები მოემზადებინათ.

გიორგი სალუქვაძის თქმით, სფეროს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მთავრობას მიმართონ და სუბსიდირება მაინც მოითხოვონ.

„მთავრობას მივმართავთ პირადად და მოვითხოვთ სუბსიდირებას. პროგრამა შეიძლება შეეხოს კომუნალურ გადასახადებს, იჯარებს და ა.შ. ასევე, ბინების მფლობელებს და სხვა ბიზნესებს აქვთ კრედიტები - მათ შორის არიან სათხილამურო გაქირავების ბიზნესები, პარაპლანების გამქირავებლები და ა.შ.“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „დაიცავით მთის კურორტების" დამფუძნებელმა და დასძინა, რომ ჯერ გადაწყვტილი არ არის, პროტესტი რა ფორმით გამოცხადდება, თუმცა "მუშაობენ".