მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შარშან ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების პორტფელი 65%-ით გაიზარდა"

6041fd812136b
ლიკა გურაბანიძე
05.03.21 23:00
990
“ლიბერთი ბანკმა” და ევროპის საინვესტიციო ბანკმა, რომელიც ევროკავშირის გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტს წარმოადგენს, ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის არსებული საკრედიტო ხაზის 2.5 მილიონი ევროს ოდენობით 17.5 მილიონ ევრომდე გაზრდის შესახებ.

"ლიბერთი ბანკის", მცირე და საშუალო ბიზნესის დირექტორმა ვაჟა მენაბდემ “საქმიან დილასთან” საუბრისას აღნიშნა, რომ ეს თანხა სრულად მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისკენ იქნება მიმართული. მისივე განმარტებით, გასული წელი ბიზნესისთვის რთულად გადასატანი აღმოჩნდა და ბანკი მათ დახმარებას მუდმივად ცდილობდა.

“2020 წელს მაქსიმალურად ვცდილობდით ბიზნესებისთვის ფულადი მხარდაჭერა გაგვეგრძელებინა და დაკრედიტება არ გაგვეჩერებინა. "ლიბერთი ბანკის" მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების პორტფელი 65%-ით გაიზარდა, რაც ერთი წლის პირობებში საკმაოდ დიდი ზრდაა. მაქსიმალურად ვცდილობდით ბიზნესის განვითარებისთვის მხარი დაგვეჭირა.” - განმარტა მენაბდემ.

მისივე თქმით, ბანკს გასულ წელს აგრომიმართულებით კრედიტების გაცემის კუთხით მნიშვნელოვანი ზრდა ჰქონდა და ამას თავისი მიზეზები აქვს.

“ჩვენ ყველა აგრარულ რეგიონში ვართ წარმოდგენილები, ხოლო პანდემია სოფლის პროდუქციას ყველაზე ნაკლებად შეეხო. სხვა სეგმენტებზე დაკრედიტება ეკონომიკის განვითარების შესაბამისადაა გადანაწილებული.

ასევე ჰორეკა სექტორს გამოვყოფდი, რომელიც ყველაზე მძიმე პრობლემების წინაშე დადგა და ჩვენ მთელი წლის განმავლობაში მოთხოვნის შემთხვევაში, მათ საშეღავათო პერიოდს ვაძლევდით.” - აღნიშნა მენაბდემ.

"ლიბერთი ბანკის" მცირე და საშუალო ბიზნესის დირექტორის 2021 წლის მოლოდინები ოპტიმისტურია.