მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შედეგები უკვე არის" - ელჩი საქართველოს მოქალაქეების ისრაელში დასაქმების პროგრამაზე

63e503fccf54e
თამთა ჯიჯავაძე
09.02.23 17:26
728
"არის უკვე შედეგები", - ასე უპასუხა BMG-ს კითხვას დასაქმების პროგრამის შესახებ ისრაელის ელჩმა საქართველოში, ჰადას მეიცადმა.

მისი თქმით, საქართველოსა და ისრაელის მთავრობებს შორის შეთანხმება დამხმარეების დასაქმების თვალსაზრისით არსებობს.

„დამხმარე პერსონალს შეუძლია დასაქმება ისრაელის სპეციალური მოვლის დაწესებულებებში. თუმცა ეს მიმდინარე პროცესია და მცდელობაა, რომ ავიყვანოთ შესაბამისი კადრები, შესაბამისი ტრენინგების დახმარებით. ვფიქრობ, ეს კარგი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც ამ მიმართულებით ეძებს სამსახურს საზღვარგარეთ. მსურველებს შეუძლიათ ეწვიონ ჯანდაცვის სამინისტროს დეტალების გასაცნობად.

დასაქმება მუდმივად არ ხდება. საუბარია მცირეხნიან მუშაობაზე და შემდეგ უკან დაბრუნებაზე. ამასთან, ისინი, ვინც უკან დაბრუნდებიან, დაბრუნდებიან ახალი გამოცდილებით“, - აღნიშნა ისრაელის ელჩმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ განაცხადა, რომ ლეგალურად დასაქმების პროგრამის ფარგლებში პირველი ნაკადი საქართველოდან ისრაელში დეკემბერში გაემგზავრა. "ისრაელში დასაქმების პროგრამით 17 ადამიანი წავიდა და ეს პროცესი გრძელდება, თუმცა აქ სპეციფიკური კვალიფიკაციის მქონდე კადრები სჭირდებათ. ჩვენი მოქალაქეები გერიატრიულ მოვლაში გადავამზადეთ და როგორც გითხარით ისრაელში უკვე წავიდნენ”,- განაცხადა ბარკალაიამ.

ცნობისთვის, საქართველოს და ისრაელს შორის ისრაელის შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, დასაქმების მსურველთა რეგისტრაციის პროცესი 2021 წლის აპრილიდან დაიწყო. შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმება შეუძლიათ. სამუშაოს ხანგრძლივობა 6 სამუშაო დღეა კვირაში, სრული განაკვეთი. თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42-საათიანი სამუშაო გრაფიკით 5300 შეკელს შეადგენს, რაც დაახლოებით, 1600 დოლარია.