25.ივნისი .2020 10:50

"შეიძლება საფრთხე შეექმნას სერვისის უწყვეტობას"- რა რისკები ახლავს სამედიცინო სფეროს რეგულირებას?

views 172
უკან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ფიქრობს, რომ კლინიკების შემოწმების პროცესში შესაძლოა არსებობდეს რისკი, მოხდეს სუბიექტური შეფასება და რომლიმე ოფიცერმა უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენოს. გაბუნიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ რისკი ყოველთვის არსებობს, თუმცა ტექნიკური რეგლამენტი იმდენად ზუსტად იქნება გაწერილი, რომ ეს რისკი აღმოიფხვრება.

საქმე იმაშია, რომ პარლამენტში დარჩქარებული წესით განიხილავენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილ ცვლილებებს რამდენიმე კანონში: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

ცვლილებების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში მოქმედი კლინიკებისთვის სანქციების გამკაცრებას გეგმავს, ამას უწყების მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები იზრდება, ხოლო სამედიცინო გადაცდომებში დავების და სანქციების განხილვის პროცესში სასამართლო ზედამხედველობის მოდელი ნაწილობრივ შეიცვლება და ამ პროცესში სამინისტროს ფუნქციები გაიზრდება. მათ შორის სანქციები მკაცრდება კლინიკების მიერ დოკუმენტების გაყალბების შემთხვევებზეც.

„დღეს მარეგულირებელს უფლება აქვს რუტინულად შევიდეს ერთხელ და შეამოწმოს კლინიკა, ხოლო ჩვენი კანონპროექტით ამის უფლება ექნება რუტინულად სამჯერ. რაც შეეხება საქმიანობის შეჩერების პროცედურას, მესმის, რომ აქ არის რისკები, რომ მოხდეს სუბიექტური შეფასება და რომლიმე ოფიცერმა უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენოს. რისკები ყოველთვის არსებობს, თუმცა აქ ძალიან მკაფიო ტექნიკურ საკითხებზეა საუბარი, აქ არ არის საუბარი სამედიცინო დოკუმენტაციის რევიზიაზე, ან ხარისხის კვლევაზე.

აქ საუბარია მაგალითად ხელის დასაბანი ნიჟარა არის თუ არა შესაბამის ადგილებზე, თუ მუშაობს სტერილიზატორი, ძალიანს სწორხაზოვანი მოთხოვნებია და ესენი უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება იმას, რამდენად შეიძლება საფრთხე შეექმნას სერვისის უწყვეტობას, შესაძლებელია სერვისის უწყვეტობას შეექმნას რისკი, მაგრამ ეს პროცედურა გასაწერია და სრულიად შესრულებადი. ამის გამოცდილება გვაქვს და პანდემიის დროს გამოვლინდა ისეთი გარემოებები, როცა არ გვქონდა ჩვენ შეჩერების მექანიზმი, მაგრამ დადგა აუცილებლობა, როცა საჭირო გახდა პაციენტების სასწრაფოდ გადაყვანა სხვა დაწესებულებებში, რადგან კონკრეტულ დაწესებულებაში იქმნებოდა რისკი მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლისთვის. ანუ ეს მექანიზმი არის გამართვადი, განხორციელებადი იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს მასზე ძალიან მკაფიო მონიტორინგი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ სამედიცინო დაწესებულებას რჩება მექანიზმი იმისთვის, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა