27.დეკემბერი .2019 16:27

"შეიქმნა ბიუჯეტში დეფიციტი" - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კლინიკების მიმართ დავალიანებაზე

views 1084
უკან

ამჟამად მიმდინარეობს დავალიანების პროცესის დაფარვა ანუ ანაზღაურების პროცესი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ სამედიცინო კლინიკებს ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ასევე, ეკონომიკის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები ესწრებიან.

თამარ გაბუნიას განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო ფინანსთა სამინისტროსთან აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ თუკი ვინმესთან აქვთ დავალიანება დადგენილებით განსაზღვრული ვადების გარეთ, უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრას.

„ეს პროცესები და რეფორმის მთავარი მიზანი სწორედ გახლავთ ის, რომ ფინანსური მდგრადობა, საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის გრძელვადიან პერსპექტივაში იქნეს გარანტირებული და მომავალ წელს კიდევ არ მოგვიხდეს დავალიანებების თემაზე საუბარი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე -  რატომ დაუგროვდა სამინისტროს დავალიანება კლინიკებთან, მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში პროცედურები დროშია გაწერილი.

„საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში იყო გარკვეული ტექნიკური ხარვეზი, იმიტომ რომ კლინიკებს დაუბრუნდათ კორექტირებისთვის გარკვეული თანხები და ასევე იყო ფინანსების მობილიზების თემა, შეიქმნა ბიუჯეტში დეფიციტი და ესეც ცნობილია საზოგადოებისთვის“, - ამბობს მინისტრის მოადგილე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა