04.ივლისი .2020 15:30

"შეკვეთები 70-80%-ით შემცირდა, ქორწილებს ვერც ღია ცის ქვეშ ვაკეთებთ", – ETC GROUP

views 761
უკან

"მოგებაზე ზედმეტია ლაპარაკი, კომპანიას თვიდან თვემდე თავის გატანა უჭირს", - ამის შესახებ ქეითერინგ კომპანია ETC GROUP-ის დამფუძნებელმა გიორგი საღინაძემ განაცხადა.

როგორც საღინაძე BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, შეკვეთები 3 თვის განმავლობაში სრულად შეჩერებული იყო, დღეს კი ამ მიმართულებით შემოსავლები 80%-მდე შემცირდა.

"შეკვეთები 70-80%-ით არის შემცირებული. შეზღუდვები ჩვენზე ძალიან მოქმედებს, იმიტომ რომ ფაქტიურად ქორწილებს ვერ ვაკეთებთ ღია ცის ქვეშ, რაც სეზონზე ჩვენთვის მთავარი შემოსავლის წყარო იყო. ტრენინგები და სემინარები დიდი ხანია არც სახელწიფო და არც კერძო სექტორს შეუკვეთავს. თითქოს გამოაცხადეს რომ დაშვებულია, მაგრამ ან სახსრები არ აქვთ, ან რაღაც პრობლემაა, ფაქტია, რადგან შეკვეთები ამ მიმართულებით არ არის, რაც წამყვანი იყო ჩვენს სფეროში.

კომპანიას თვიდან თვემდე თავის გატანა უჭირს, მოგებაზე ზედმეტია ლაპარაკი, უბრალოდ ხარჯების დაფარვაზეა აქ საუბარი, რომ მზარეულებს მაინც ჰქონდეთ ხელფასი, რომ გავუძლოთ ამ კრიზისს. ასე თუ გაგრძელდა, მოგებაზე დიდი ხანი ზედმეტი იქნება ლაპარაკი", - ამბობს კომპანია ETC GROUP-ის დამფუძნებელი.