მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შემოწმებული კვერცხი სამი აკრძალული ნივთიერებიდან არცერთს არ შეიცავდა" - ვახტანგ კობალაძე

6410349d59164
თინათინ ნატმელაძე
14.03.23 13:49
968
GCSD-ის მომხმარებლების უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი ვახტანგ კობალაძე აცხადებს, რომ იმ ცხრა აკრძალული ნივთიერებიდან, რომლის სურსათში გამოყენებაც აკრძალულია, კვერცხი სამ ნივთიერებაზე შეამოწმეს და არცერთი დიდი საწარმოს პროდუქტში ეს ნივთიერებები არ აღმოჩნდა.

მისივე ცნობით, მიუხედავად აღნიშნული შედეგისა, ცალსახად იმის თქმა, რომ კვერცხი, რომელიც დახლებზეა, სრულად უსაფრთხოა, არ შეიძლება. 

„არსებობს ბევრი ანტიბიოტიკი, რომელიც საქართველოში არის რეგლამენტირებული, ასევე რამდენიმე ასეული ფარმაკოლოგიური ნივთიერება, რომელსაც შეიძლება სურსათი შეიცავდეს, მაგრამ არსებობს ცხრა ნივთიერება, რომელიც სრულად აკრძალულია. ჩვენ იმ სამ ნივთიერებაზე შევამოწმეთ, რომელიც ვიცოდით, რომ მეცხოველეობაში გავრცელებული იყო.

შევამოწმეთ ყველა დიდი კომპანია „დილა“, „კუმისი“, „სავანეთი“, „კოდა“ და აღნიშნული სამი ნივთიერება არცერთი მათგანის პროდუქტში არ აღმოჩნდა, თუმცა ეს ამ პროდუქციის უპირობო უსაფრთხოებას არ ადასტურებს, რადგან როგორც გითხარით, ასობით ფარმაკოლოგიური ნივთიერებაა რეგლამენტირეული და შეიძლება გამოყენებული იყოს, გარდა ანტიბიოტიკებისა, სხვა ცხოველური დაავადებებიც არსებობს, ამიტომ ასე ვერ ვიტყვით, მაგრამ ეს შედეგი ძალიან კარგია და აუცილებელია, რომ სურსათის სააგენტომ გააგრძელოს და გააფართოვოს კონტროლი“, - განაცხადა ვახტანგ კობალაძემ.

კითხვაზე, რატომ გადაწყდა კონკრეტულად კვერცხის შემოწმება, კობალაძე პასუხობს, რომ ეს არის მასობრივი მოხმარების პროდუქტი, ხოლო ანტიბიოტიკებისა და ანტიმიკრობული ნივთიერებებისადმი რეზისტენტულობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერაა აღიარებული.

ვახტანგ კობალაძე ამბობს, რომ მათი რესურსები საკმაოდ შეზღუდულია და როდესაც არსებობს შესაძლებლობა, რომ ლაბორატორიული კვლევა ჩატარდეს, პროდუქტის შესარჩევად დიდხანს მსჯელობენ და მას საჭიროებების მიხედვით ირჩევენ.